თამთა ჩაჩანიძე
22.05.2024

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და პირდაპირ ფრენებზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, „მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება". ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას ლოგიკურად აჩენდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ „სიტყვის მასალაც" იყოს, რადგან ახლა „ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ.

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ აღნიშნული კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

დასკვნას „ოცნება" საგანგებო ბრიფინგით გამოეხაურა, როგორც უმრავლეობის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა თქვა, ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აპირებს კონგრესში დააინიციიროს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „გამჭვირვალობის კანონის" მიღების შემთხვევაში, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც კანონის შემუშავებასა და დამტკიცებაზე არიან პასუხისმგებლები. გარდა ამისა, საუბარია, რომ თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ საქართველოს ჰპირდება ვიზალიბერალიზაციას, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას, თავდაცვის კუთხით.

„ოცნების" და ოპოზიციის განცხადებები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები საქართველოსთან მისასალმებელი იქნება.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, ამას მივესალმებით. როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი?! ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ, ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანასთან. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება. თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება",- განაცხადა კალაძემ.

„თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! - ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში", - აცხადებს „ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში ცალსახად განმარტა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის ადგილი არ არის.

„მინდა ყურადღება დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერზე გავამახვილო, რომელიც ამბობს, რომ მანამ სანამ დასკვნა საჯარო გახდებოდა, პირველად "ოცნებას" გაეგზავნა. ხელისუფლებას სთხოვეს, რომ კომენტარები გაეკეთებინა. მთელი ის ბრიფინგი და პროპაგანდა, რომელსაც "ოცნება" დასკვნასთან დაკავშირებით ავრცელებს, არის სიყალბე და გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს.

„თუ მათ რაიმე არგუმენტები ჰქონდათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა? რატომ ვერ დაიცვეს პოზიცია და რატომ არის ეს დასკვნა ასეთი უმკაცრესი? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის პირობებში არანაირი მოლაპარაკებები საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება

„ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის - ამისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დარჩა თუ არა კომპრომისის შანსი

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ კალაძის განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას აჩენს, თუმცა, „ოცნების" განცხადებებში იკითხება ის, რომ „რევოლუციის ხელშეწყობა აღარ იყოს".

„ის ვერსია, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისს ნიშნავდეს, რა თქმა უნდა ლოგიკურია, თუმცა, თუ არ ვცდები, მანამდე კობახიძის მხრიდანაც ითქვა, რომ ამ კანონის აუცილებლობა მოიხსნებაო, ოღონდ მაშინ კობახიძემ დაამატა, რომ თუ არ იქნება რევოლუციების დაფინანსება და რევოლუციური მდგომარეობისკენ ქვეყნის წაყვანაო და ა.შ. ეტყობა ეგ ვერსია ტრიალებს, რომ თუ არ გინდათ ეს კანონი, მაშინ გადადგით კონკრეტული ნაბიჯები.

„შესაძლოა კანონი ასეთი „გაცვლის" ერთეული აღმოჩნდეს, ჩვენგან კანონი და იმათგან რაღაც პოზიტიური ნაბიჯები, მაგრამ მე მაინც მგნია, რომ ეს უფრო სიტყვის მასალა იყო ადრეც და ახლა კალაძის განცხადების შემთხვევაშიც, რადგან კალაძემ უკვე მოარული განცხადება გაიმეორა. გარდა ამ ასპექტისა, კიდევ ერთია, შეგახსენებთ, რომ ვეტოს დაძლევას ვადა არ აქვს და „ოცნებას" შეუძლია მისი დაძლევა ნებისმიერი დროით გადადოს",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე მაშინ რას ელოდება „ოცნება", საყვარელიძემ გვითხრა: „ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში რაღაც კლიმატი რომ შეიცვალოს, ამას ელოდება „ოცნება". დასავლეთი აშკარად მხარს უჭერს და აფინანსებენ კიდეც, მაგალითად ოპოზიციურ პარტიას ახლებს. დასავლეთი როგორც სახელმწიფო არა, მაგრამ კერძო ფინანსები და ხელშემწყობი პირობები როგორც ჩანს აქვთ. ეს ინფორმაცია ტელევიზორში იყო.

„და ის, რომ დასავლეთის წრეებში სურთ ასეთი ტიპის დამოკიდებულება გააძლიერონ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ეს დამოკიდებულება ბუნებრივია ხელისუფლებაში მყოფებისთვის კომფორტი არაა და თავდაცვის ინსტინქტი მას კარნახობს იბრძოლონ იმისკენ, რომ მათთან დაპირისპირებული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ხელოვნურად არ გაძლიერდნენ.

„ხელოვნურად, ვამბობ იმ მხრივ, რომ თუ ამომრჩეველთა მხარდაჭერა არ აქვთ, იქ უკვე ფულის მიწოდება ნიშნავს, რომ სხვა თუ არაფერი, ამ მხარდაჭერის ყიდვა შეუძლია პარტიას. როგორც იძახიან ხოლმე, „კარტოფილის დარიგება" უკვე შეუძლია პარტიას.

„მთელი ეს თემა რაც კანონის „მეორედ მოსვლას" უკავშირდება, ძირითადად არის „ქართული ოცნების" თავდაცვითი ნაბიჯები. ითქვა კიდეც, რომ რევოლუცია არჩევნების შემდეგი დროისთვის მზადდებაო და გადაწყვიტეს, რომ ახლა პროვოცირება მოგვეხდინაო - ივანიშვილმა თქვა. რევოლუცია კი უკვე ნიშნავს იმას, რომ „ოცნებას" უწევს თავდაცვითი ნაბიჯების გადადგმა.

„ეს თავდაცვაა, როცა ხელისუფლებიდან მოცილების წინააღმდეგ რაღაცეებს აკეთებ - ეს როცა ლაპარაკია ხელისუფლებიდან ხელოვნურ მოცილებაზე და არა საარჩევნო გზით ჩამოცილებაზე. ვიცით, რომ რეიტინგებით საარჩევნო გზა ოპოზიციისთვის პერსპექტიული არ იქნება, თუკი ხელშეწყობა ხდება, ესე იგი ხდება რევოლუციური გზით და მემგონი ახლა მთავარი ბრძოლა მაგაზე მიდის, რომ ეს ხელშეწყობა აღარ იყოს. ამ კანონის ამბავი მაგედან დაიწყო და ჩემი აზრით ესაა ბრძოლის მთავარი თემა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება" უკან დაიხევს და რაიმე კომპრომისის შესაძლებლობა გაჩნდება. მისი თქმით, კალაძის განცხადებაც გათვლაა იმაზე, რომ სანქციებიდან თავის არიდებას ცდილობს „ოცნება".

„ეს მორიგი ტყუილი მგონია, რადგან, თუ აშშ-სგან პირველ ნაბიჯებს ელოდებიან, ეს უცებ ვერ მოხდება, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პრაქტიკაში გატარება და ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ეს ბევრ პროცედურებს მოითხოვს. მეორეც, ეს განცახდება იმას ემსახურება მერე თქვან, რომ ჩვენ კი თანხმობა განვაცხადეთ, მაგრამ დასავლეთის მხრიდან რეაქცია არ იყოო. როგორც ახლა ამერიკას აბრალებენ, რომ აქამდე უნდა გადმოედგა ეს ნაბიჯებიო.

„რეალურად მგონია, რომ არაფრის დამთმობები არ არიან. მხოლოდ ის კი არ ჰყოფნით, რომ მაგალითად ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა, მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ და ყველაფერს კადრულოიბენ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს უბრალო გათვლაა იმაზე თქვან, რომ აშშ-სთან წინააღმდეგები არ ვიყავითო.

„სანქციების ეშინიათ, უბრალოდ ამას არ აღიარებენ, რადგან უკან დახევაც არ შეუძლიათ, ფიქრობენ, რომ თუ უკან დაიხევენ, სისუსტედ ჩაეთვლებათ. ჯერ ერთი, ელოდებიან ბიძინა ივანიშვილი რას ეტყვის, როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით არაფერს არ ეუბნება. ფიქრობენ, რომ თუ არჩევნების წინ უკან დაიხევენ, თითქოს სისუსტე გამოვა პირველ რიგში თავიანთი ამომრჩევლებისა და რადიკალური ჯგუფების თვალში",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×