რეზონანსი
22.05.2024

ოპოზიცია რეალურად ბუჩქებშია, პროცესები დღეს ახალგაზრდებს მიჰყავთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნაზე არ უშვებენ , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ, თავად უნდა გახდნენ პოლიტიკური სუბიექტები და შემდეგ არჩევნებისთვის რომელიმე პარტიას შეუერთდნენ.

„უნდა გამოჩნდნენ, ბუჩქებში ხომ არ დავუწყებ ძებნას ამ ოპოზიციას, უნდა დაგვენახონ. ოპოზიცია რეალურად ბუჩქებშია, იმიტომ, რომ პროცესი ვის მიჰყავს? საპროტესტო პროცესები დღეს ოპოზიციას მიჰყავს? - ახალგაზრდებს მიჰყავთ. ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრიბუნაზეც არ უშვებენ, ჩვენს ახალ თაობას მიჰყავს მთლიანად პროცესი. ხელისუფლება რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ყველაფერს იკადრებენ.

ამ ბავშვებით უნდა დაიწყონ სტრუქტურირება. მე და ბევრი ადამიანი გამოჩნდება ისეთი, ვინც მიეხმარება ამ ბავშვებს, რომ დაიწყონ სტრუქტურირება, თვითონ ისინი უნდა გახდნენ პოლიტიკური სუბიექტი. კონსულტანტები მიიწვიონ და მაქსიმალურად დავეხმარებით. თუ უნდათ მეც ჩავერთვები, მათგან უნდა მოდიოდეს სურვილი, მე ვერ დავაძალებ. თვითონ გამოვიდნენ სუბიექტად ამ პროცესში, მათია ეს კაპიტალი, რაც დაგროვდა ქუჩაში თუ სხვანაირად პროტესტის სახით. მოახდინონ სტრუქტურირება და შემდეგ გაუერთიანდნენ იმ პარტიებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მისაღებია. ახალგაზრდული ენერგიის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ერთ მუშტად შეკვრა უნდა მოხდეს და მერე როგორც ცალკე სუბიექტი უნდა ელაპარაკონ დანარჩენ პარტიებს, კოალიციაზე ელაპარაკონ.

ჩვენ ახლა ერთადერთ რაღაც დაგვრჩენია პოლიტიკურ და თუნდაც სამოქალაქო ელიტას, ხიდად გავედოთ ამ ბავშვებს და გადავაბაროთ ნელ-ნელა ეს ქვეყანა. მათ შეუძლიათ, ჩვენ აღარ შეგვიძლია. ეს ენერგია, ეს სტიქია ძალიან კარგი საყურებელია, მაგრამ ახლა კალაპოტში უნდა მოექცეს და დივიდენდი თვითონ უნდა მიიღონ, პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ თვითონ შეიწოვენ ამას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი გადაცემაში „360 გრადუსი" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა ერთიანი სიების შექმნასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით პარტიები, რომელთა გაერთიანებაც სინერგიული ეფექტის მომტანი იქნება და აბსოლუტურად ლოგიკურია, „ლელო" და „ახალია", რადგან მათ შორის ფასეულობითი ან სხვა ტიპის კონფლიქტი არ არსებობს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ერთიან სიებს. მე რასაც ვხედავ დღეის მდგომარეობით, სადაც სინერგია შეიძლება გაჩნდეს, ეს არის „ლელო" და „ახალი". კარგი იქნებოდა, რომ გახარიაც დამატებოდა, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ სურათს ვერ ვხედავ. „ლელო" და „ახალი" აბსოლუტურად ლოგიკური გაერთიანებაა დღეის გადმოსახედიდან. ერთიან ფასეულობებზე და ერთიან ვექტორზე არიან აწყობილი. არანაირი კონფლიქტი ფასეულობითი ან სხვა ტიპის მათ შორის არ არსებობს. ნიკა მელიას და მამუკა ხაზარაძეს ურთიერთობების ძალიან კარგი წინაპირობები და გამოცდილება აქვთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, გარკვეული წინაპირობების ბაზაზე შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაც.

„დღეს უკვე შიდა პოლიტიკურ პროცესს კი არ ეხება ფსონები, არამედ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. გზაჯვარედინზე ვდგავართ, ან რუსეთის იმპერიაში მივდივართ ან დასავლეთში. რა დროს „ნაცებზე" აზიზად დამოკიდებულებაა, მაგრამ მე ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაში „ნაციონალურ მოძრაობას" ორ პირობას წავუყენებდი კატეგორიულად. პირველი, მიშამ უნდა გამოაცხადოს, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ის დატოვებს ქვეყანას, წავა უკრაინაში, როგორც მისი მოქალაქე და არანაირად არ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში. მეორე, თუ შედგება კოალიციური მთავრობა, „ნაციონალურ მოძრაობას" არ ექნება პრეტენზია ძალოვნებზე და მართლმსაჯულებაზე, იქ მათი წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×