თამთა ჩაჩანიძე
20.06.2024

მმართველი გუნდი აშშ-ის ახალ ელჩს პირველად ღიად უპირისპირდება. საქმე ეხება რობინ დანიგანის ვრცელ ინტერვიუს და მასში გაჟღერებულ მწვავე გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით. „ხალხის ძალა" წერს, რომ ახალმა ელჩმა, მის წინამორბედის მსგავსად, „წითელი ხაზები გადაკვეთა". ელჩის კრიტიკა შეეხება როგორც ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობას, ისე „გავლენების კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს, რასაც აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვები მოჰყვა 30-ზე მეტი პირისთვის.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, მათ ასეთი ლეგიტიმურად კრიტიკული დამოკიდებულება არ აქვთ რობინ დანიგანისადმო, როგორიც ეს კელი დეგნანთან მიმართებაში იყო. თუმცა ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ისეთივე სიტუაცია შეიქმნას, როგორც დეგნანის დროს იყო, თუ დანიგანისგან „კრიტიკის სიმწვავის ტემპერატურა აიწევს".

„ხალხის ძალის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი ელჩი წინამორბედისგან განსხვავებით მეტ-ნაკლებად ცდილობდა, „პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", თუმცა „წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა". უნდა აღინიშნოს, რომ კელი დეგნანსა და „ხალხის ძალას" შორის მწვავე ურთიერთკრიტიკა დეგნანის მისიის ბოლო მომენტამდე გრძელდებოდა.

რა თქვა აშშ-ის ელჩმა და რა განცხადება გაავრცელა „ხალხის ძალამ"

„ხალხის ძალას" მიაჩნია, რომ უპასუხოდ არ უნდა იყოს დატოვებული აშშ-ის ახალი ელჩის ის გზავნილები, რაც „ინტერპრესნიუსთან" ვრცელ ინტერვიუში გაჟღერა. მათი აზრით, თუ აქამდე დანიგანი „მეტ-ნაკლებად ცდილობდა პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას", ამჯერად ეს „წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა".

განცხადების ავტორები წუხან იმაზე, რომ ელჩმა დაიწუნა ჩინეთთან ბოლო პერიოდში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან და მიზეზიც დაასახელა, რომ „ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, რუსეთი თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია". საპასუხოდ განცხადების ავტორები დანიგანს კითხვით მიმართავენ - „თუ ჩინეთთან ურთიერთობა სახიფათო და საფრთხის შემცველია, რატომ ამყარებს და აღრმავებს ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტაქტებს და რატომ აკეთებენ ანალოგიურს ევროკავშირის ქვეყნები დამოუკიდებლად, გაერთიანების მიღმა?"

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართველი ხალხის დაცინვაა აშშ-სგან მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე 30 წლის განმავლობაში". მათი შეფასებით, ეს არა 6, არამედ 4 მილიარდია.

„ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის - „ნაცმოძრაობის" ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსური დახმარების გარდა, განცხადებაში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, 2008 წლის ომსა და მიხეილ სააკაშვილზე, ენჯეოების დაფინანსებაზე, აშშ-ის ვიზებსა და „გავლენების კანონზე".

„თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა გსურდეთ, ანაკლიის პორტს სწორედ ამერიკული ინვესტიციით ააშენებდით, თანაც დიდი ხნის წინ. მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, თქვენ ყველა ჯერზე უარი თქვით პორტის აშენებაზე და ახლა, როცა რეალური ინვესტორი გამოჩნდა, ამ პროექტისა და მისი ინვესტორების მიმართ თქვენი დამოკიდებულებით ნათლად აჩვენებთ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც თქვენ გამოძრავებთ, არის პროექტის ჩაშლა და პორტის მშენებლობის გაუქმება", -აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, თუნდაც ეს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის ფასად დაჯდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ - მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი - „სტრატეგიული პარტნიორობის" გადახედვად დაგვიჯდეს, რის მუქარასაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვისმენთ და თანაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან...", - ნათქვამია „ხალხის ძალის" განცხადებაში.

აშშ-ის ელჩს „ინტერპრესნიუსთან" 18 ივნისს ჰქონდა ვრცელი ინტერვიუ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც ელჩი შეეხო, ანაკლიის პორტის მშენებლობაა. რობინ დანიგანი ამბობს, რომ იმ ჩინური კომპანიის უდიდესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია კი „არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს".

ელჩი კითხვას სვამს, „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?". ამასთან ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას „არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად".

ამასთან რობინ დანიგანი ამბობს, რომ „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება", თუ ხელისუფლება მტრად განიხილავს აშშ-ს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ზოგიერთ განცხადებაში აშშ-ს და ევროკავშირს „ახასიათებს, როგორც მტერს".

ამბობს, რომ თავდაპირველად ურთიერთობები კარგად მიდიოდა, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში „საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების" კანონი... კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან".

აშშ-ის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი საქართველოს ფინანსურ დახმარებას უწევს როგორც სოციალური კუთხით, ისე საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში; სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში; საირიგაციო სისტემის შექმნაში. ამბობს, რომ „ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ, სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას".

აიწევს თუ არა დაპირისპირების ტემპერატურა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელჩი დანიგანის „გამოცოცხლება" მისთვის გასაკვირი არაა და თუ მისი მხრიდან კრიტიკის ტემპერატურა აიწევს, არაა გამორიცხული, რომ საპასუხო განცხადებები მართველი პარტიისგანაც წამოვიდეს.

„ანაკლიის ისტორიულ პორტთან დაკავშირებით დასავლური თვამთმაქცობის მომსწრენი ვართ. ეს პროექტი ღია იყო თაღლითი მამუკა ხაზარაძის ჩაგდების შემდეგ. ნებისმიერ მსხვილ დასავლურ კომპანიას შეეძლო, რომ ტენდერში მონაწილეობა მიეღო. საბოლოოდ ლუქსემბურგული და ჩინური კომპანიები გავიდნენ. გარკვეული პარამეტრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი ჩინურ კომპანიას მიენიჭა. აშშ-ის ხელისუფლებას რა უშლიდა ხელს იმისთვის, რომ წაეხალისებინა და სტიმული მიეცა თუნდაც ამერიკული, ან მულტინაციონალური დასავლური კორპორაციებისთის, რომ ინვესტიცია ჩაედიოთ საქართველოსთვის, ფართო რეგიონისთვის ამ მნიშვნელოვა პროექტში?!

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ორმაგო სტანდარტია. რატომ აქვს აშშ-ს და ევროპას მრავალმილიარდიანი სავაჭრო-საფინანსო ურთიერთობა ჩინეთთან და თურმე ეს საქართველოსთვის არ შეიძლება?! აქაც აბსოლუტური გაუგებრობაა და ლოგიკასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველო მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, იმის მიუდეხადავად, თუ როგორი უსაფუძვლო და ზღვარგადასული კრიტიკა იქნება დასავლეთის ცალკეული აქტორებისგან და არა მთლიანად დასავლეთიდან. საქართველო დასავლეთს არ უპირისპირდება.

„იგივე თვალთმაქცობის გაგრძელებაა ის, რომ ქართული კანონი უცხოური გავლენების შესახებ თურმე რუსულია და დასავლეთში მსგავსი კანონი თურმე დემოკრატიულია. ეს ნეოკოლონიალისტური მიდგომაა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რაც ჩემთვისაა დაშვებული, შენთვის არაა; რასაც მე ვაკეთებ, შენ იგივე არ გაიმეორო. ეს სუვერენული პატარა საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ელჩი დანიგანის „გამოცოცხლება" გასაკვირი არაა, რადგან ელჩები ინდივიდუალურად არ წყვეტენ, თუ რომელი პოლიტიკური ხაზი გაატარონ. დავინახეთ, რომ მის წინამორბედ კელი დეგნანს ზედმეტები მოუვიდა - საკმაოდ ხისტი, არადიპლომატიური იყო და საქართველოს ყველა შიდა სფეროში ერეოდა, მათ შორის ვაკეში გარაჟების მშემებლობის პროექტში. რობინ დანიგანი დიპლომატიური კუთხით გაცილებით გამოცდილია, თუმცა მისი უსაფუძვლო კრიტიკა გასაკვირი არაა. მე პირადად გარკვეული დროის მონაკვეთში ამას ველოდი, უფრო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ან არჩევნების შემდეგ, რადგან ესაა ერთიანი ორკესტრირებული კამპანია, რომ საქართველო უნამუსოდ დაამუნათონ. თუმცა ის, რომ საზოოგადოების დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უჭერს მხარს და სიმართლეც მის მხარესაა, ეს ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, რომ უნამუსო და უარგუენტო ბრალდებები მოიგერიონ.

„როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, მათ ასეთი ლეგიტიმურად კრიტიკული დამოკიდებულება არ აქვთ რობინ დანიგანისადმი, როგორიც ეს კელი დეგნანთან მიმართებაში იყო, გამომდინარე იქიდან, რომ თავად დანიგანი შედარებით გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია.

„დანიგანი დეგნანთან შედარებით დიპლომატიურად საუბრობს, თუმცაღა, ინსტრუქცია და დაკვეთა ერთია - არ შეცვლილა სახდეპის მემარცხენე ფსევდოლიბელარებისგან და როგორც კი ქალბატონი დანიგანისგან უშინაარსო კრიტიკის სიმწვავის ტემპერატურა აიწევს, ისეთივე პასუხი გაეცემა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდგან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისგან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×