რეზონანსი
24.05.2024

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ნალეფსაოში მამამ შვილი დაჭრა. ფაქტი გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა. დაჭრილია 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გამოსაჯანმრთელებლად. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს ბიჭის მამა, გიორგი ჯღარკავა.

ადგილობრივებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მივიდა მამა-შვილის კონფლიქტი ამ მდგომარეობამდე.

"ახლა გავიგე ეს ამბავი და ვცდილობ დეტალები გავარკვიო. ვიცი, რომ ბიჭი ქუთაისის ერთ- ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მამას პირადად ვიცნობ, გიორგი ჯღარკავაა. ძალიან გამიკვირდა ამ ადამიანისგან დანაშაულის ჩადენა, უბატონოდ ხმას არავის გასცემს, ისეთია. დადებითად შემიძლია დავახასიათო.

ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. მას შემდეგ, რაც იძულებით მოუხდათ თავიანთი სახლ-კარის დატოვება, მარტვილში ჩამოვიდნენ, აქაც ჰქონდათ სოფელი და მას შემდეგ ნალეფსაოში ცხოვრობენ.

გიორგი ჯღარკავას ორი შვილი ჰყავს, როგორც ვიცი, მეუღლესთან გაშორებულია. ერთი ბიჭი დედასთან იზრდებოდა და მეორე მამასთან. ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რომელია დაჭრილი ან რაზე მოუხდათ კონფლიქტი. გავიგე, რომ თავის სახლში დაუჭრია თოფით. დაკავებულია, ალბათ დაიკითხება ორივე და იტყვიან რატომ მივიდა საქმე აქამდე.

დაკავებული გიორგი ჯღარკავა ყოფილი პოლიციელია. წლების მანძილზე ის მარტვილის პოლიციაში მუშაობდა, მერე პენსიაზე გავიდა და მას შემდეგ არსად არ მუშაობდა, იყო სახლში", - ამბობს ადგილობრივი.

"კვირის პალიტრამ"კიდევ ერთ ადგილობრივთან გადაამოწმა დეტალები გაირკვა, რომ დაჭრილი ახალგაზრდა ლექსო ჯღარკავაა.

"დილით უკამათიათ მამა-შვილს, რაღაცას შეუჭამია ვაზი და ამის გამო დაწყებული კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაზრდილა. ამის შემდეგ ლექსო წასულა მარტვილის ცენტრში მაღაზიაში, უყიდია საჭირო პროდუქტები და დაბრუნებულა სახლში. ვერ წარმოიდგენდა მამა სასიკვდილოდ რომ დაჭრიდა. როგორც ჩანს, მამას ბრაზმა არ გადაუარა, დახვედრია სახლში ბიჭს და მისი მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. რა მოხდა ისეთი, რომ აქამდე მივიდა ეს კამათი არ ვიცით. დაჭრილ ბიჭს უცდია გაქცევა, იქვე ახლოს პატარა ღელეა და იქ წაქცეულა. იქ უნახავთ მეზობლებს ლექსო წაქცეული და გამოუძახიათ სასწრაფო. ამბობენ, რომ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ერთი თავის არეში და მეორე მუცელში. ქუთაისშია გადაყვანილი და ახლა როგორ არის ჯერ არ ვიცით. 

ლექსო დაჭრილია, მისი ძმა თბილისშია. ლექსოც როგორც ვიცი, ბოლო დროს თბილისში იყო. ძალიან მშრომელი, ყურადღებიანი ბიჭია, კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მამასი ცოტა თავისებური კაცი იყო. იმედია, ლექსო გადარჩება. ახლა ყველანი ამას ვნატრობთ, რომ გადარჩეს. ძალიან შეგვტკივა მასზე გული, რადგან კონფლიქტური ადამიანი არ არის. მათ შორის ჩხუბზე ადრე არაფერი მსმენია და ვერაფერს გეტყვით"- ამბობს ადგილობრივი.

შვილის დაჭრის შემდეგ თავად დამნაშავემ დარეკა როგორც სასწრაფოში, ასევე პოლიციაში. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×