ელზა პაპოშვილი
14.05.2024

ვინ არიან თბილისში აქციაზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რა ვიცით მათ  შესახებ? 13 მაისს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 20 ადამიანს შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა - ერთი რუსეთის, ერთი მოლდოვისა და ორი აშშ-ის.

დაკავებულ ამერიკის ორ მოქალაქეს სამთავრობო არხები საქართველოში არეულობის ორგანიზებასა და რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებენ. როგორც მათი მხრიდან ხდება ცნობილი, ერთ-ერთი დაკავებული,  სავარაუდოდ, სამხედრო ინსტრუქტორია, მეორე კი ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კი აქციაზე დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ.

„როგორც მაწვდიან ინფორმაციას, დაკავებულებს შორის ორი ამერიკის ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქეა. მაქვს გამოცდილება და ვიცი, რომ დიდი ალბათობით ეს ხალხი შესაძლოა აკერმანის და შარპის ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში და შემდეგ აქციაზე ტყუილად არ მივიდოდნენ. კარგია, რომ დაკავებულები არიან, დანარჩენი უახლოეს პერიოდში გაირკვევა", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

აშშ-ის მოქალაქეები

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბექა ბერიკაშვილი, ინგლისური ენის სკოლის, „ბექას სკოლის“ დამფუძნებელი, რომელიც წერს, რომ ერთ-ერთი დაკავებული, პატრიკ ჰერნანდესი, წლების განმავლობაში მათი სკოლის პედაგოგი იყო: 

„ინგლისურის მასწავლებელია ხალხო, ეს რა სიგიჟეა“, - წერს ის. 

პატრიკ ჰერნანდესის შესახებ წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ნიკა გიგოლაშვილი: 

„ჩვენი მეგობარი, რომელსაც 4 თუ 5 წელია ვიცნობთ. ერთად მთელი საქართველო რომ გვაქვს შემოვლილი და კარგად გატარებული დროის მეტი რომ არაფერი გვახსენდება“, - წერს ის სოციალურ ქსელში. 

შსს-ს განცხადებიდან კი ვიგებთ, რომ მეორე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქემ ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა. მან პოლიციას მხოლოდ ის უთხრა, რომ აშშ-ის მოქალაქეა და საელჩოსთან დაკავშირებას ითხოვდა. 

აქციაზე დაკავებული ამერიკის შეერთებული შატატების 2 მოქალაქე დიღმის იზოლატორში რჩება. მათთან შესულ ადვოკატს დაკავებულებმა უთხრეს, რომ დაპატიმრებულ უცხო ქვენის მოქალაქეებს სპეცერაზმი ქართულად საუბარს აიძულებდა, ვერ შეძლეს, რასაც მათი ცემის ახლი სერია მოჰყვა, ურტყამდნენ თავში წიხლებს და ხელკეტებს.

„ორი ამერიკის მოქალაქე იმყოფება დიღმის იზოლატორში. ორივე მათგანს აღენიშნება დაზიანებები თავის არეში. ერთ-ერთს შემოხეული აქვს ტანსაცმელი. ორივე ამბობს, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ სპეცრაზმელების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ ქართულად ელაპარაკა. იმის გამო, რომ ქართული არ იცის, ვერ საუბრობდა, მაგრამ არ უჯერებდნენ და ურტყამდენენ. 

„ეს ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე. ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელია და აქ ცხოვრობს, ხოლო მეორემ ჩემთან საუაბრში განმარტა, რომ იგი არის ჩამოსული, როგორც ტურისტი“, - ამბობს ადვოკატი.   

მოლდოვის მოქალაქე  

პარლამენტთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა დააკავეს ქართული წარმოშობის მოლდოვის მოქალაქე გურამ ადამია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, იგი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შემდეგაც ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა და სამართალდამცველების მისამართით გაზი გამოიყენა.  

როგორც ცნობილი ხდება, გურამ ადამია კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას „რადიო თავისუფლებას“ უდასტურებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი. მისი თქმით, გურამ ადამია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა შეუძლოდ და იქიდან გადაიყვანეს კლინიკაში:

„შეასახლეს იზოლატორში, იქ გახდა ცუდად, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ის იზოლატორში არ უნდა შეესახლებინათ და თავიდანვე უნდა გადაეყვანათ კლინიკაში, იმდენად ცუდად იყო. მე არ ვარ მისი ადვოკატი, თუმცა დიღმის იზოლატორში ყოფნისას ვნახე“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი, რომელიც 13 მაისის აქციაზე დაკავებული ორი სხვა დემონსტრანტის ინტერესებს იცავს.  

რუსეთის მოქალაქე 

ამ ეტაპზე კვლავ უცნობია ვინ არის რუსეთის დაკავებული მოქალაქე. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მხოლოდ ის გაირკვა, რომ ის 2002 წელს დაბადებული მამაკაცია. „რეზონანსი“ შეეცადა აქციის მონაწილეებთან ინფორმაციის გადამოწმებას, ეცნობათ თუ არა დაკავებული რუსეთის მოქალაქე და ვინ შეიძლება ის იყოს. მათი თქმით, მათთვის სრულიად უცნობია ვინ არის ის. მის შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. არც ის, ჰყავს თუ არა მას ადვოკატი. ოფიციალური განცხადებიდან, რომელსაც შსს-ს აქვეყნებს, მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ შვეიცარიის საელჩო, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია, საქმის კურსშია ჩაყენებული.            

„არ ვიცით ვინ არის  დაკავებული რუსეთის მოქალაქე. ქართველია ეროვნებით თუ რუსი - ესეც არ ვიცით. ამერიკელებზე და დაკავებულ მოლდოვის მოქალაქეზე ვიცით. ერთი ინგლისურის მასწავლებელია, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და კერძო სკოლებში ინგლისურს ასწავლის. მეორე ამბობდა, რომ ტურისტი იყო და ცნობისმოყვარეობის გამო მოვიდა აქციაზე. ეს ორი ადამიანი იცნობს თუ არა ერთმანეთს, არ ვიცით. მესამე დაკავებული გურმა ადამიაა, ის ქართველია, ოღონდ მოლდოვის მოქალაქე. რუსზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არის. როგორც ვიცით, პოლიციას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო და ამიტომ დააკავეს. მისი ვინაობა არ ვიცით“, - უყვება აქციის მონაწილე ერთ-ერთი „რეზონანსს“.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×