საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო ბრაიენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, „სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე“.
„მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.
ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.