რეზონანსი
14.05.2024

2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დე-ფაქტო სანქციას შეეხებოდა.

„ფორმალური სანქციები არის ცალკე საკითხი, მაგრამ რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას, ეს დე-ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო ბრაიენს. ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ო ბრაიენს ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, უსაფრთხოების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა, რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით. ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი. ზოგადად კი დაახლოებით მოგახსენეთ, რაზეც იყო საუბარი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და ო ბრაიენს შორის გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი მოსალოდნელ ფორმალურ სანქციებზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა, ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, არც ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან, ამას ჰქონდა სხვა მიზეზები. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ეს საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, ანუ რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები“,- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×