ნატალია ჯვარიძე
23.05.2024

„აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკელის გამოსვლამ მე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და მგონია, რომ აშშ-ში საქართველოს წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი დოკუმენტები მზადდება. ასევე დასაფიქირებელია საქართველოს გენერალური პროკურორის გადადგომაც, ამას სხვა გადადგომებიც მოჰყვება", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის გამოსვლა, რომელსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის, მთლიანი ამერიკის ხმაა, რომელმაც მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მე ვურჩევ თბილისის მერს, კახი კალაძეს, რომ პოლიტიკურ გამოსვლებს თავი დაანებოს, რადგან ის პოლიტიკაში ვერ ერკვევა, მისი გამოსვლები არ არის ღრმად გააზრებული და იწვევს უკურეაქციებს აშშ-ში, დასავლეთში საზოგადოებაშიც.

„რ": ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი იკლებს. როგორ გაგრძელდება, თქვენი აზრით, პროტესტი?

ი.კ: არის ასეთი მოსაზრება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჯაჭვი გაკეთდეს, რომელიც ვთქვათ კახეთიდან დაიწყება და დამთავრდება ზუგდიდში ან გალის მისადგომებთან. ეს მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია მოხდეს. ყველაფერი მაინც დამოკიდებული იმაზე თუ რა მოხდება იმ კვირაში, როცა პარლამენტში გავა საკითხი და დაამტკიცებენ ამ კანონს.

„რ": იმოქმედებს თუ არა მსოფლიო ლიდერების გამოსვლები ხელისუფლების პოზიციის შეცვლაზე?

ი.კ: ხელისუფლების ამ გაუაზრებელმა ქმედებებმა ოპოზიცია გააძლიერა, რომელსაც მსოფლიოს უმრავლესობა მხარს უჭერს. ამიტომ ამ სიტუაციაში ჯობდა ეს პროექტი გადაედოთ. ვერ გავიგე, ვისი დაჟინება ეს? ეშინიათ, რომ დამარცხდებიან და ჰგონიათ, რომ ეს გაამარჯვებინებთ? პირიქით, ამით დამარცხდებიან და ეს ვერ გათვალეს. ხელისუფლებამ იმდენად შეტოპა, რომ აქედან გამოსვლა უკვე რთულია. კანონის არმიღება მათთვის დამარცხების ტოლფასია. ეს მათითვის მხარდაჭერების ჩამოცილებას ნიშნავს. თვითონ გათხარეს ორმო, სადაც ისევ თვითონ ჩაცვივდნენ. დღევანდელი ხელისუფლება ჰგავს ზღვაში გემს, რომელსაც კომპასი არ აქვს და კაცმა არ იცის, როდის მიადგება ნაპირს.

„რ": არის თუ არა „ნაცმოძრაობაში" ფინანსური კრიზისი ?

ი.კ: „ნაცმოძრაობაში" ფინანსური კრიზისი ნამდვილად არის და არა მხოლოდ ფინანსური - იქ აზროვნებითი პრობლემაცაა, რადგან მიდის ერთი და იგივე ლაპარაკი და მოწოდება. თან მისი ხელმძღვანელი ციხეშია და არც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. დღევანდელი „ნაცმოძრაობა" ევროპისგან და ამერიკისგან მხარდაჭერას ვერ ღებულობს. დღეს „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მოვა, რადგან საზოგადოება ამას არ მიიღებს, მაგრამ შეიძლება მათი გარკვეული ჯგუფი მოვიდეს და ეს კოალიციური მთავრობა იყოს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა გამართლებული ვერ იქნება და ვერც მოვა.

„რ": პრეზიტენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს პროდასავლურ ფრონტს. რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ამ პროცესებში?

ი.კ: პრეზიდენტმა ბოლო წლებში პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. თავიდან არავინ იცნობდა და ყველა სკეპტიკურად უყურებდა. ხელისუფლებაში დაშვებულმა შეცდომებმა მის მიმართ განაპირობა პრეზიდენტის ავტორიტეტის სწრაფი გაზრდა. ახლა უკვე მას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის სახალხო მოძრაობის ლიდერი გახდეს. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან „ოცნებამ" მასთან საერთო ენა ვერ გამონახა. საოცარი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მგონი ძაღლი და კატა არ არიან ერთმანეთთან ისე, როგორც ხელისუფლება არის პრეზიდენტთან.

დასავლეთს უნდა, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობა იყოს. ბუნებრივია, ამაში მონაწილებას მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" და ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. თუ ამაზე ხელისუფლება უარს იტყვის, უმძიმესი შედეგი მოჰყვება.

„რ": რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან?

ი.კ: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ შეიძლება ასე სპონტანურად წარმოშობილიყო. მე მაინც მგონია, რომ ეს დაკავშირებულია დასავლეთთანაც. რადგან ჩვენ ვერ გადავწყვიტეთ საკითხები, ის ჩაერია. მათ ფარულად თუ აშკარად გამოიწვიეს ეს პროცესები, მათაც აქვთ გარკვეული როლი. საპროტესტო აქციებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ის საწვიმრები თუ ნებისმიერი ინვენტარი ვისგან მოდის? მათი ჩარევა მართებულია, რადგან როცა ქვეყანაში განუკითხაობაა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ასეთ დროს ვიღაც ძალა მოდის და ამბობს, რომ მოდი, დაგეხმარებით. სწორედ ასეთ პერიდებში ჩნდებიან ისინი და ამბობენ, რომ თუ გინდათ ევროპა, მაშინ ჩვენც მოგვისმინეთ.

როდესაც ევროპის პოლიტიკის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს, ამას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ევროპაში პროცესები დაწყებულია სანქციების გამოცხადების შესახებ. რა სანქციები იქნება და ვის მიმართ, ეს უკვე სხვა საკითხია.

ადრე ხომ ვთქვი, რომ მაისი რთული თვე იქნება-მეთქი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება, რადგან იქნებ გონს მოეგონ. ყველანაირი კონფლიქტების გარეშე გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ქუჩაში გამოსულ ხალხზე კი არ აისახება უარყოფითად, არამედ თავად „ოცნებაზე". ჩემი ინფორმაციით თავად ხელისუფლებაში დაიწყო რხევები და მათი ნაწილი არ ეთანხმება ამ კანონს. ვიცით, რომ ზოგიერთი თანამდებობიდანაც გადადგა კიდეც.

ამ ორი კვირის განმავლობაში ევროპა მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებებს შეეხება. ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დიპლომატიური, იდეოლოგიური და სხვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×