რატომ გადააყენა პუტინმა თავისი ფავორიტი და ძველი მეგობარი თავდაცვის მინისტრობიდან
თამთა ჩაჩანიძე
14.05.2024

დასავლური იარაღის უკრაინაში ჩასვლამდე რუსები დროის მოგებას ცდილობენ დაჩრდილოეთიდან მასშტაბური შეტევა დაიწყეს. ვითარება საკმაოდ რთულია. რუსული ნაწილები თანდათან უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს. პრაქტიკულად ყოველდღე ვრცელდება ცნობები ამ მიმართულებით მათ მიერ ახალი დასახლებული პუნქტების დაკავების შესახებ. ამასთან, საფრთხეშია სუმის ოლქიც. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთი ამ მიმართულებაზეც მძლავრ იერიშს ამზადებს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ რუსულმა ძალებმა რეგიონების დაკავება მოახერხეს, საფრთხეში პირდაპირ კიევი აღმოჩნდება.

შეტევა იმდენად ძლიერია, რომ უკრაინელები მოწინააღმდეგის შესაკავებლად იძლებული არიან სამხრეთიდან გადაისროლონ ძალები. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ჩასოვი იარიდანაც კი გაჰყავთ ნაწილები, ამით კი სერიოზული საფრთხე ექმნება დონეცკის ოლქსაც.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეტევა რუსებს შუა ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მაგრამ დააჩქარეს. რუსები არ მოელოდნენ ასე მალე უკრაინისთვის ისეთი ტიპის იარაღის გადაცემას, როგორიცაა „ატაკემსები", რომლის პირველი პარტია უკრაინას უკვე მიღებული აქვს და მალე მიიღებენ ავიაგამანადგურებელ „ეფ-16"-ებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის გეოსტრატეგიულ მოწყვლადობას და ოკუპანტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე გააფართოვონ ეს სტრატეგიული სივრცე.

ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავდაცვის მინისტრს ცვლის. სერგეი შოიგუს ნავლად, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, უწყებას უხელმძღვანელებს რუსეთის მთავრობის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი. ის ეკონომისტია, სამოქალაქო პირია და ამ დრომდე სამხედრო სფეროსთან შეხება არ ჰქონია. როგორც ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები წერენ, თავდაცვის მინისტრად ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკადრო გადაადგილება უფრო თავდაცვის სამინისტროში შიდა კორუფციულ სქემებს უკავშირდება.

რატომ ამოიღო რუსეთმა მიზანში სუმი და ხარკოვი

როგორც გამოცემა „პოლიტიკო" წერს, „უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის", პუტინის რადარი ახლა ამ ხარკოვზეა მიმართული და „მისი მიზანი უკრაინის ერთ-ერთი დიდი ქალაქის კონტრილია". მათივე შეფასებით, თუ ხარკოვი დაეცა, ეს იქნება დასავლეთის გადაწყვეტილებების შედეგი, რომელმაც კიევს სამხედრო დახმარების მიწოდება დაუგვიანა.

„ცხადია, პუტინს სურს ისარგებლოს ფანჯრით, სანამ მეტი დასავლური საბრძოლო მასალა და იარაღი ჩავა, რაც უკრაინის არმიას საპასუხო ბრძოლაში დაეხმარება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„პოლიტიკო" წერს, რომ 12 მაისს, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ორმხრივი შეტევა და ახლა მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა 30 ქალაქისა და სოფლის კონტროლისთვის ხარკოვის ჩრდილოეთით.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა ახლახანს დაიწყეს შეტევა ხარკოვის რეგიონზე. გერმანული „ბილდის" ანალიტიკოს ჯულიან როპკემ 13 მაისს თქვა, რომ ოკუპანტებმა სამ დღეში შეძლეს ათი სოფლის დაკავება ხარკოვისკენ. 14 მაისს „დიფსთეითის" ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა დაამყარეს კონტროლი სოფელ ლუკიანცზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი იტყობინება, რომ მტრებმა შეძლეს ტაქტიკური წარმატებების მიღწევა ქალაქ ვოლჩანსკისთვის ბრძოლაში.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის რეგიონში თავდაცვა უკვე გაძლიერებულია და უკრაინელი დამცველები კონტრშეტევებს ახორციელებენ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლიტვინენკომ კი განაცხადა, რომ რუსეთს ხარკოვის ადმინისტრაციულ საზღვართან 50 ათასამდე რუსი ჰყავს მობილიზებული.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინა გაზაფხულ-ზაფხულში მოწინააღმდეგის შეტევისთვის ემზადებოდა, რომელიც დონბასზე იქნებოდა ორიენტირებული, თუმცა, „რუსულმა ჯარებმა განახორციელეს მოულოდნელი ტრანსსასაზღვრო თავდასხმა ხარკოვის რეგიონში". ამასთან, „ვაშინგტონ პოსტში" ვკითხულობთ, რომ ხუთმა რუსულმა ბატალიონმა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოახერხა უკრაინის სიღრმეში თითქმის 8 კმ-ით წინსვლა და რამდენიმე სოფელი დაიკავა. ეს შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ყველაზე სწრაფი შეტევა ომის დაწყების შემდეგ.

„ყველაზე ცუდი სცენარი ხარკოვის დაცემა იქნება. ეს ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ქალაქის გადასარჩენად უკრაინას უწევს ჯარების გაყვანა დონბასიდან, რაც გაუადვილებს რუსებს წინსვლა ამ რეგიონში", - წერს გამოცემა.

გამოცემა კითხვას სვამს, თუ რა არის რუსეთის ამ წარმატების საიდუმლო, სადაც საპასუხოდ აღნიშნულია, რომ „ესაა რუსეთის სამხედრო სიძლიერისა და უკრაინისა და აშშ-ს შეცდომების ერთობლიობა". წყარო აღნიშნავს, რომ „რუსეთის ჯარებმა ომის პირველივე დღეებიდან თანდათან გააუმჯობესეს ბრძოლის ტექნიკა და მოერგნენ ბრძოლის ველზე არსებულ პირობებს. რაც მთავარია, მათ უკრაინის თავდაცვის ხაზების მოსაშლელად მძიმე ბომბები გამოიყენეს".

იმავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდად დაზარალდნენ აშშ-ს დახმარების შეფერხების გამო. რუსეთს საარტილერიო ამუნიციაში 10/1-ზე უპირატესობა ჰქონდა. გარდა ამისა, უკრაინას აკლდა საჰაერო თავდაცვითი საშუალება, რაზედაც პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად საუბრობს. საჯარო ცნობებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინამ რუსული რაკეტების დაახლოებით 46%-ის გადაჭერა მოახერხა, წინა ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 73% იყო. გასულ თვეში კი ეს მაჩვენებელი რაკეტების 30%-მდე დაეცა.

ამერიკამ უკვე გაგზავნა უკრაინაში საბრძოლო მასალები და იარაღი, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, იარაღის უკრაინული ძალებზე ფრონტზე გადანაწილებას თვეები დასჭირდება. ეს კი ქმნის ზუსტად იმ „დაუცველობის ფანჯარას", რომელსაც რუსები ახლა იყენებენ.

რუსები ასევე სარგებლობენ იმ შეზღუდვებით, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე აწესებენ - რომ არ უნდა მოხდეს მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის იქ განლაგებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" წერს, რომ ზუსტად ამ შეზღუდვებმა შეუწყო ხელი რუსეთის წინსვლას.

„სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობამაც ასევე უნებლიედ ხელი შეუწყო რუსეთის წინსვლას მისი სამხედრო ძალების ნელ-ნელა გაფართოებითა და სიმაგრეების აშენებით. რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ჯარების რაოდენობა უკრაინაში და ეს თითქმის 500 000-მდეა. უკრაინას კი ჯერ მხოლოდ 200 000 ჯარისკაცი ჰყავს და მათგან ბევრი ქვედანაყოფი, რომელიც ორ წელზე მეტია უწყვეტად იბრძვის, ძალიან გამოიფიტა", - აღნიშნავს „ვაშინტონ პოსტი".

ბოლო პერიოდში უკრაინულ ჯარებში კრიზისი იყო ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით, თუმცა რადამ საბოლოოდ მიიღო კანონი მობილიზაციის შესახებ და უკრაინა ახლა დამატებით 10 ბრიგადის შექმნას გეგმავს. მაგრამ რეკრუტირებას, წვრთნას და შეიარაღებას თვეები დასჭირდება, დრო კი უკრაინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ვაშინგტონ პოსტი" დასძენს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს დრო ამ წარუმატებლობას თავი დააღწიოს. ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობამ, უკრაინელი ჯარისკაცების მობილიზებამ, ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის მასიურ შემოდინებამ დიდი ალბათობით უნდა შეაჩეროს რუსული წინსვლა და დაასტაბილუროს საბრძოლო ხაზები.

„ძალიან კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ბაიდენი გააუქმებს შეზღუდვებს ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე გამოყენების თაობაზე, მაგრამ სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე უნდა იყოს, ნაწილობრივ კიევისა და ვაშინგტონის სავარაუდო შეცდომების გამო", - ასკვნის „ვაშინგტონ პოსტი".

ამასთან, რუსეთი მძლავრ იერიშს ამზადებს სუმის ოლქზეც, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ნიუ იორკ თაიმსთან" განაცხადა, რომ უკრაინული ძალები უახლოეს დღეებში ფრონტის სტაბილიზებას და თავდაცვითი ხაზების გაძლიერებას შეძლებენ. ბუდანოვი ასევე ფიქრობს, რომ რუსეთი სუმის ოლქში ახალ იერიშს წამოიწყებს.

„ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშები კიდევ 3-4 დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი ხარკოვიდან დაახლოებით 140 კილომეტრში, სუმის მიმართულებით მძლავრ იერიშზე გადავლენ", - განაცხადა ბუდანოვმა.

რუსების „გაფანტვის" სტრატეგია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსები ახლა დაჩქარებულად მოქმედებენ დასავლური იარაღის უკრაინაში ჩასვლამდე „გაფანტვის სტრატეგიით".

„რუსებს „გაფანტვის" ახალი სამხედრო სტრატეგია აქვს - რამდენიმე სატყუარა დარტყმას ამზადებენ უკრაინის ძალები დემორალიზების მიზნით, რომ არ მისცენ გადაჯგუფებისა და რეზერვების სწორად მობილიზაციის საშუალება. ამისთვის რუსებმა აფრიკიდან გამოიძახეს არმიის გენერალი სუროვიკინი და გაერთიანებული დაჯგუფებების მეთაურად დანიშნეს, რომელიც მთვარი შემოქმედია „სუროვიკინის თავდაცვის ხაზისა". უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამწუხაროდ, ამ ხაზის გარღვევა ვარ შეძლეს.

„რუსებმა დამატებით მეხუთე ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ჩრდილოეთი" შექმნეს, რომელსაც დაევალა სწორედ სუმისა და ხარკოვის მიმართულებით სამხედრო ოპერაციების განვითარება. ისინი ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ივლისის შუა რიცხვებში აპირებდნენ, მაგრამ დააჩქარეს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს რამდენიმე რეიდი რუსეთის ტერიტორიის სიღმეში, ასევე არ ელოდებოდნენ, რომ აშშ სამხედრო დახმარებას დაამტკიცებდა. თან რუსებს დონეცკის მხარეს პრობლემები შეექმნათ და მოუწიათ ჩრდილოეთიდან დარტყმის განხორციელება, რომ ყურადღება გადაეტანა უკრაინას.

„რუსების პირველი მიზანია ბუფერული ზონა შექმნა, რათა დაიცვან რუსეთის შიდა ტერიტორია. რუსები არ მოელოდნენ ასე მალე უკრაინისთვის ისეთი ტიპის იარაღის გადმოცემას, როგორიცაა „ატაკემსები", რომლის პირველი პარტია უკრაინას უკვე მიღებული აქვს. სულ მალე მიიღებენ ავიაგამანადგურებელ „ეფ-16"-ებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის გეოსტრატეგიულ მოწყვლადობას და ოკუპანტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე გააფართოვონ ეს სტრატეგიული სივრცე.

„თუ რუსებმა ხარკოვისა და სუმის რეგიონი დაიკავეს, ეს უკრაინისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან ხარკოვი მეორე დედაქალაქია და თუ დაიკავეს, საფრთხეა კიევისთვის და ასევე რუსეთს ჩრდილოეთიდან მანევრირებადი შეტევის საშუალებას მისცემს, რომ მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის მთლიანი ოკუპაცია შეძლონ. რუსებმა ჩრდილოეთისკენ 50 ათასიანი არმია გადაისროლეს, მათ შორის დაქირავებული მებრძოლები. ჯერჯერობით სიტუაცია კრიტიკული არაა, მაგრამ უკრაინისთვის არცთუ ისე მარტივია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რატომ შეცვალა პუტინმა შუა ომში თავდაცვის მინისტრი

სერგეი შოიგუს 12-წლიანი თავდაცვის მინისტრობა მისი თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა, ვლადიმერ პუტინმა მის ნაცვლად უწყების ხელმძღვანელად რუსეთის მთავრობის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა. ის ეკონომისტია, სამოქალაქო პირია და ამ დრომდე მას სამხედრო სფეროსთან შეხება არ ჰქონია. ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც.

„2024 წელს 100 მილიარდ ევროზე მეტი - რუსეთის ბიუჯეტის თითქმის 30% - ეროვნული თავდაცვის შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს. კრემლი ამ ფულს დებს ტანკების, თვითმფრინავების და საბრძოლო მასალის წარმოებაში, რაც მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, ანდრეი ბელოუსოვს, როგორც ჩანს, მოუწევს შეამციროს სახელმწიფო ფულის ქურდობის შესაძლებლობები", - აღნიშნულია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციაში.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ამასთან, დაიკავებს პუტინის მოადგილის თანამდებობას სამხედრო-სამრეწველო კომისიაში და უხელმძღვანელებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს.

ანალიტიკოსთა ნაწილი შოიგუს გადაყენებას თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საკადრო წმენდის ნაწილად მიიჩნევს. ორიოდე კვირის წინ კორუფციული ბრალდებით დააკავეს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ტიმურ ივანოვი. 13 მაისს ასევე კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი. რუსული მედიის ცნობით, ჩხრეკისას მისი ბინიდან ძალოვნებმა მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული ამოიღეს.

გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერა თავდაცვის მინისტრის კიდევ ორმა მოადგილემ - ალექსეი კრივორუჩკომ და რუსლან ხაჯისმელოვიჩმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილება სამინისტროს შიდა კორუფციასთანაა კავშირში და არა რუსეთის მომავალ გეგმებთან, რომ ნატოსთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

„ჩემი აზრით, მინისტრის ცვლილება ნატოსთან დაპირისპირებასთან კავშირში არაა. ბელოუსოვი ვიცე-პრემიერია და განაგებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ის დაახლოვებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან. შოიგუს გარემოცვაში აღმოჩნდა კორუმპირებული ჯგუფები, ჯერ დაიჭირეს შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი და ახლა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს კადრების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი. პუტინს უნდა, რომ ფინანსურ-ეკონომიკური მართვის სადავეები ხელში აიღოს და ვითარება გამოასწოროს. დიდი ოდენობით ფინანსები სხვა მიმართულებით მიდიოდა და ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეტყობოდა კიდეც.

„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პუტინი ამ გადაწყვეტილებებს მარტო არ იღებს. რუსეთში დამკვიდრდა ასეთი სისტემა - ორი პირის ხელისუფლება. პუტინმა ვიცე-პრეზიდენტად პირადი კადრი პატრუშევი დანიშნა. ორივე ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და როგორც ჩანს, მისი მემკვიდრეც პატრუშევი იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×