ბელორუსიდან დიდი ოდენობით შემოვიდა საწვავი და მალე ალბათ, რუსეთის მიმართულებაც გაიხსნება
ირმა ჩიტაია
14.05.2024

რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება მალე ისევ დაიწყოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა დიდხანს არ გასტანს და სადაცაა დასრულება. მეზობელი ქვეყნიდან იაფი საწვავი დაუბრუნდება ქართულ ბაზარს და იმპორტი კვლავ განახლდება. ეს ბენზინის სარეალიზაციო ფასის კორექტირებას მოახდენს და საწვავი გარკვეული დოზით გაიაფდება.

სპეციალისტების ნაწილი რუსეთის ქარხნებიდან საწვავის ახლო მომავალში  შესაძლო შემოტანას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა და შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ განახლებულა და მხოლოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობს.

,,რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შემოტანის საკითხი, ჯერჯერობით, მხოლოდ საუბრის დონეზეა. არც შესაბამისი დადგენილება ან განკარგულება არ გეცემულა. ზოგადად,  ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე ევროპული საწვავი, რომელიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შემოგვაქვს. როგორც ვიცი, საუბარი არის, მაგრამ რამდენად რეალურია, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. სხვადაასხვა მოსაზრებებია ამის შესახებ. სანდო წყარო, ვინც ამ ინფორმაციას დაადასტურებს, არ ვიცით.

რაც შეეხება ფასს, თუ შემოვა მეზობელი ქვეყნიდან ბენზინის და სხვა ნავთობპროდუქტი, გამოჩნდება რამდენად იაფი იქნება. ზოგადად, ყოველთვის ასე იყო, რუსეთიდან შემოტანილი საწვავი დაბალი ფასით გამოირჩეოდა, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტი. თუ იმპორტი განახლდა, ცხადია, გაიაფდება.

ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს ოფიციალურად რუსეთის მხრიდან. ჩვენი მხრიდან სურვილი არის. რუსული საწვავი, ყოველთვის შემოგვქონდა და ახლაც ხელსაყრელი იქნება ქართული ბაზრისთვის", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.

საწვავის დეფიციტზე საუბრობს ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერი გიორგი კაპანაძე. აცხადებს, რომ  ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე "რეგულარის" ტიპის  ბენზინის დეფიციტია, რაც გაძვირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. კაპანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ შავი ზღვიდან საწვავის მოწოდების ფორმულა შესაძლოა, შეიცვალოს, შესაბამისად, ფასი დასტაბილურდება, რაც უახლოეს მომავალში 5-7 თეთრის ფარგლებში გაიაფებას გამოიწვევს კიდეც.

„ამ ეტაპზე ფასები სტაბილურდება იმ ნიშნულზე როგორც არის, შეიძლება, გაიაფდეს კიდეც 5-7 თეთრის ფარგლებში. ამ მომენტისთვის არის არა ნედლი ნავთობის, არამედ საწვავის დეფიციტი, მაგალითად, "რეგულარის" ტიპის  ბენზინის, რომელიც ამ ეტაპზე ზღვიდან მხოლოდ ბულგარეთიდან შემოდის იმიტომ, რომ რუმინეთი დაკეტილია. რუსეთიდან ისედაც ვეღარ შემოგვქონდა, თუმცა იყო თურქმენეთის მიმართულება, სადაც უკვე გაუთავდათ მარაგი, რომელიც ქარხნებს ჩვენთვის ჰქონდათ გამიზნული. ამან გამოიწვია დღეს არსებული ფონი. მოთხოვნა "რეგულარის" ბენზინზე მაღალია, მაგრამ თვითონ საწვავი დეცფიციტურია.

ამ ეტაპზე წყდება რაღაც საკითხები, ზღვიდან მოწოდების ფორმულის ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, ამასობაში რუსეთიც გაიხსნას - არასანქცირებადი ქარხნებიდან ტვირთის მოწოდება დაიწყოს. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ უნდათ 1-ელ ნოემბრამდე გააუქმონ შეზღუდვები, მათ შორის, საქართველოს მიმართულებით. თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ქართველი იმპორტიორები დაიწყებენ საწვავის შემოტანას რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდანაც“,- განაცხადა "ბიზნესპრესნიუსთან" კაპანაძემ.

"რეგულარის" ტიპის საწვავის დეფიციტის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ იზიარებს ზაალ იაკობიძე. ის ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნავთობპროდუქტების მარაგი საკმაოდ დიდია და გაუგებარია რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები.

,,რეგულარის" ტიპის საწვავზე გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს ბაზარზე დეფიციტია, ვერ დავეთანხმები. ჩემთვის გაუგებარია რატომ ითქვა ან ვისგან წამოვიდა ეს ინფორმაცია. პირიქით, მე მგონია, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის  სიჭარბეა. მართალია, თურქმენეთიდან მცირე რაოდენობით შემოვიდა ბენზინი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ძირითადი იმპორტი განხორციელდა ბელორუსიდან, თანაც დიდი რაოდენობით.

თურქმენეთის ჩაკეტვა-არჩაკეტვას ქართული ბაზრის დეფიციტურობაზე გავლენა არ მოუხდენია. საქართველოში ბულგარული და ბელორუსული ბენზინი სრულიად საკმარისადაა და დეფიციტზე საუბარი ცოტა გაზვიადებულად მიმაჩნია.

ფასებს რაც შეეხება, ვინაიდან საწვავი ძალიან დიდი რაოდენობითაა, ბაზარზე დაწყებულია კორექტირება. დღეს, საბითუმო ბაზარზე გაიაფება შეინიშნება. ეს ტენდენცია გადავა საცალო ვაჭრობაში და ავტოგასამართსადგურებზეც. საწვავი საკმაოდ დიდირაოდენობით არის  შემოტანილი. ღირებულების კლება სახეზეა და გრძელდება. ამ ეტაპზე დეფიციტი რომ იყოს, ფასს არავინ დააკლებდა.

უახლოეს მომავალში რა ძვრები მოხდება ამის თქმა წინასწარ არ შეგვიძლია, მაგრამ თუ გადაწყდა რუსეთიდან საწვავის შემოტანა ეს დადებით გავლენას მოახდენს ჩვენს ბაზარზე. ცალსახად გაიაფებას დაიწყება", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იაკობიძემ.

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. ფასი არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, ზრდა მინიმალური იყო.

ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი 1 ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა მაშინ, როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×