"კომპანიები თავისსავე ლაბორატორიაში გასცემენ დოკუმენტს შენობის ვარგისიანობაზე, რაც ობიექტური ვერ იქნება"
ქეთო გოგოხია
03.06.2024

ბოლო წლებში აშენებული კორპუსების სიმტკიცე სერიოზულ ეჭვს იწვევს. კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი  გარკვეული რაოდენობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, უსაფრთხოების რისკი მაღალია. საფრთხეზე აქამდეც მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვაშლიჯვარში მომხდარი ინციდენტით ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა. ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში უხარისხო მასალის გამოყენების გამო, ვაშლიჯვარში 5 წლის წინ აშენებული კორპუსი ავარიული გახდა და მოსახლეობის სასწრაფოდ გასახლება გახდა საჭირო.  

უკვე საეჭვოა ყველა გარემოება, ლაბორატორიული დასკვნიდან დაწყებული, მსენებლობის ექსპერტიზით, რადგან ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ სამშენებლო პროცესში უსაფრთხოების ელემენტარული ნორმა არ იყო დაცული, რამაც მობინადრეები უმძიმესი ფაქტის წინაშე დააყენა. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი შემთხვევები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი გამოვლინდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ახალი კორპუსების მდგრადობის შემოწმება და მშენებლობისას გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხის კვლევა, რაც მოსახლეობას შესაძლო საფრთხისგან დაიცავს.

ვაშლიჯვრის კორპუსთანდ დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ახლო მომავალში გახდება საჯარო, თუმცა რაც ერთი შეხედვით ჩანს და რაც აშკარაა, ეს სამშენებლო მასალის დაბალი ხარისხია, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შვანგირაძე აცხადებს, შენობის კონსტრუქციებში გამოყენებულია მინა პლასტიკური არმატურა, რომელიც სურათბშიც აშკარად ჩანს. მისი მშენებლობაში გამოყენება კი დაუშვებელია. სავარაუდოდ დაბალია ბეტონის ხარისხიც, რის გამოც შენობამ უმოკლეს ვადაში დაიწყო რღვევა და საშიში გახდა.

გიორგი შვანგირაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ასეთი შემთხვევები სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი გამოვლინდეს, რის გამოც კონტროლი გასამკაცრებელია.

,,მინაპლასტიკური არმატურა დაბალი მზიდუნარიანობით ხასიათდება, რის გამოც მას მშენებლობაში არ იყენებენ. იგი, ძირითადად, ღობეების გასაკეთებლად გამოიყენება, ასეთი მასალით კორპუსის მშენებლობა გაუგონარი რამ არის, რაც დიდ საფრთხეს შეიცავს და ამიტომაც გამოიწვია მისი რღვევა. ცხადია, არ ვართ დაზღვეული, რომ აღნიშნული მასალა სხვა მშენებლობის დროსაც გამოიყენეს, ამიტომ  საფუძვლიანი კონტროლი უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტები გახშირდება და შენობების ნგრევა გარდაუვალი იქნება.

ცხადია, საქმე გვაქვს სამსახურეობრივ გულგრილობასთან, ვინაიდან, როგორც წესი, სამშენებლო პროექტის დამუშავებისას დგინდება შენობის კონსტრუქციული ნახაზი, სადაც კონსტრუქტორი განსაზღვრავს, რა მახასიათებლის მიხედვით, რა მასალა უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტულ მონაკვეთში. მინაპლასტიკური არმატურის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან განსხვავებულია  მახასიათებლები აქვს, დაბალი წინაღობისაა და არ აქვს უნარი, რომ მდგრადობა შეინარჩუნოს“, - განმარტა გიორგი შვანგირაძემ.

სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ შენობის დემონტაჟი გახდეს საჭირო. ამის შემდეგ კი მთავარი ყურადღება კონტროლის გაძლიერებას უნდა დაეთმოს და უკვე აშენებული კორპუსების მდგრადობაზე საფუძვლიანი კვლევა ჩატარდეს. 

,,ვაშლიჯვარში ავარიული შენობა მოსაყვანია იმ მდგომარეობაში, რომ მობინადრეთათვის პრობლემა არ შექმნას. ამისთვის ამ კორპუსს დასჭირდება სერიოზული გამაგრება, რაც შესაძლოა, ისეთ ხარჯთან იყოს დაკავშირებული, რომ  მისი დემონტაჟი უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდეს. 

შეიძლება პრობლემამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, ვინაიდან შენობების, რომელიც შედის ექსპლუატაციაში, შემოწმება ხდება კონკრეტულ კერძო ლაბორატორიებთან, კერძო ჩამბარებელ ექსპერტებთან და შემდეგ იბარებს მერია, ბოლო ეტაპი ექსპლუატაციაში შესვლაა. ამდენად, სანამ ექსპერტი ჩაიბარებს,  შენობას სჭირდება ლაბორატორიული დასკვნა. მაგალითად, გამოყენებული ბეტონი და არმატურა რა მდგომარეობაშია და ა.შ. 

დღესდღეობით ცუდი მდგომარეობაა, რადგან არის ლაბორატორიები, სადაც არ ხდება ხარისხის სწორად განსაზღვრა. ამასთან ნებისმიერი ლაბორატორია უნდა იყოს აკრედიტებული და ისინიც უნდა გადამოწმდნენ, რადგან მათი კომპეტენცია დადგინდეს, რათა კერძო ლაბორატორიების მიერ გაცემული საბუთები ეჭქვეშ არ დადგეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, თუკი ყველაფერი  შემოწმდა და არაადეკვატური დასკვნაა გაცემული, პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. 

ზედაპირული დაკვირვებიდან ჩანს, არმატურის გამო შეიქმნა პრობლემა, მაგრამ ბეტონის ხარისხი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბევრი შემთხვევაა, როცა დიდი კომპანიები თავისსავე ლაბორატორიაში გასცემენ დოკუმენტს შენობის ვარგისიანობაზე, რაც ობიექტური ვერ იქნება. ეს ყველაფერი შესაბამის რეაგირებას საჭიროებს, როცა შენობის უსაფრთხოებას ეხება საქმე, ყველა დეტალი გამოსაკვლევი და გასაანალიზებელია“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი შვანგირაძემ.

საქართველოსთვის თურქეთის გამოცდილება, სხვა თუ არაფერი, ჭკუის სასწავლებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული პროექტების მაღალი სტანდარტით შესრულება.  როგორც სამშენებლო სფეროს სპეციალისტი, ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე აცხადებს, თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უხარისხო მშენებლობაა, რის გამოც მეტ-ნაკლებად მდგრადი ტერიტორიებიც კი შეიძლება საშიში გახდეს. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები სტანდარტს ასე თუ ისე პასუხობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონტროლი გასააქტიურებელია, რათა შენობები უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე ინტენსიურად მოწმდებოდეს.

,,ვაშლიჯვრის შემთხვევა ნამდვილად არის საგანგაშო, კორპუსი მშენებლობიდან 5 წლის თავზე არ უნდა ინგრეოდეს, ათასობით ადამიანის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ჩვენთან კარგი საინჟინრო სკოლაა, თუკი შენობები აშენდება კონსტრუქციული, ზუსტი გაანგარიშებით და დაცული იქნება სამშენებლო წესები,  პრობლემა გამორიცხულია. ამიტომ კონტროლი გასააქტიურებელია, ინტენსიურად უნდა მოწმდებოდეს შენობების უსაფრთხოება. 

თბილისის ურბანული ფორმის გამო უსაფრთხოების რისკები ისედაც გაზრდილია და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ნებისმიერ მშენებლობას საინჟინრო გამოცდილება სჭირდება, თუ არც  გეოლოგიას გავითვალისწინებთ და არც სამშენებლო მასალის ხარისხს, მეტ-ნაკლებად მდგრადი უბანი არასწორი მშენებლობებით შეიძლება საშიში გახადონ. ყველა დეტალს განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მიექცეს", - განუცხადა მანუჩარ მაჩაიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

როგორც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ვაშლიჯვარში,  ემუხვარის ქუჩაზე 2019 წელს აშენებული კორპუსი დანგრევის პირასაა. მობინადრეები ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ბედი ეწევათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს. ახლა ისინი თბილისის მასშტაბით არსებულ სასტუმროებში არიან გადანაწილებულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×