ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია არის მოლაპარაკება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის, სადაც განიხილება და თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები.

აღნიშნილ კონფერენციაზე ევროპული მხარე მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე მხოლოდ სამი ნაბიჯი რჩება.

კულებას განმარტებით, აღნიშნული სამი ნაბიჯი მოიცავს: ევროკომისიის დასკვნას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების და უკრაინის მიერ გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიღწევის შესახებ, გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის, შეთანხმების რატიფიცირებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინის მიერ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპისთვის გლობალური მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც იგი აღნიშნავს, უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები. მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესის დაწყება დიდი ხნით დამუხრუჭდება.

„ამ ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერავინ დაასახელებს, მათ შორის ამ საქმეში სერიოზულად ჩახედული ხალხიც კი, რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ვითარება კი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.

„გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ და პირველ რიგში უკრაინა-რუსეთის ომს, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. თუ რუსეთი მარცხისკენ წავიდა, მაშინ არ არის გამორიცხული ეს თემა ყველამ დაივიწყოს, იგივე, როგორც თურქეთის შემთხვევაში მოხდა. თუ კი პირიქით მოხდა, ანუ რუსეთის საქმე მოგებისკენ წავიდა, მაშინ არ არის გამორიცხული სასწრაფო წესით მოხდეს ამ მოლაპარაკების გააქტიურება.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან დაკავშირებით მდგომარეობა შეიცვალა და ეს საქართველოს მთავრობის პოზიციამ განაპირობა. ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირი და კოლექტიური დასავლეთი უკმაყოფილო არიან „ოცნების" ქმედებებით.

„აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების პროცესს დაამუხრუჭებენ. რასაკვირველია, აქაც ბევრი რამე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს პროცესი კიდევ დიდხანს შეჩერდება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×