პალადიუმი სწრაფად იაფდება და მისი ფასი შეიძლება სულ ჩამოიშალოს, პლატინამ გაძვირება დაიწყო და ოქრო-ვერცხლი საფასო პიკზეა
ქეთო გოგოხია
13.05.2024

ძვირფასი ლითონების გლობალურ ბაზრებზე მკვეთრი საფასო რყევებია. ხშირ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებაში არ ჯდება და თვითდიონებაზეა. ამ ყველაფერს განაპირობებს გეოპოლიტიკური მოცემულობა, რაც ბაზრებზე დიდ გაურკვევლობას და ქაოსს იწვევს. დაახლოებით ამ მიზეზით აიხსნება პალადიუმის კატასტროფული გაიაფება, როცა ბოლო წლების განლავლობაში იგი ყველაზე ძვირადღირებული ლითონის ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზე იყო.

როგორც ცნობილია, გასული წლების განმავლობაში პალადიუმის ფასი 2000 დოლარს აჭარბებდა და ოქროზე ბევრად ძვირი ღირდა. მიზეზს სპეციალისტები ტექნიკურ საკითხს  უკავშირებდნენ, კერძოდ, ავტომობილების კატალიზატორებში პალადიუმის შემცველობას, რის გამოც მასზე მოთხოვნა იზრდებოდა. თუმცა, ტენდენია შეიცვალა და უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია პალადიუმის ფასი  მკვედრად ეცემა ფასი, რის კონკრეტული მიზეზიც ძნელად აიხსნება. ამდენად, ბოლო დრომდე ძვირფასი კლითონების ფასი მატულობდა და დღესდღეობით ქვემოთ მოდის, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, რომ საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი პალადიუმზე მოთხოვნის მკვეთრი კლებაა.

,,ნებისმიერი ძვირფასი ლითონის ფასის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორია ბაზარზე რა რაოდენობით შედის და როგორია მოთხოვნა. პალადიუმისადმი დღესდღეობით დიდი ინტერესი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ეს გამოწვეული კატალიზატორებში ლითონის შემცველობის ფაქტორით, მაგრამ უკვე არ არის ამ მხრივ საინტერესო. ახალი მეთოდები მუშავდება და უკვე ძველი კატალიზატორების ინტენსიური გადამუშავება მიმდინარეობს, შესაბამსიად, პალადიუმზე მოთხოვნაც ნაკლებია. აღარ არის იმ დონეზე, რაც იყო. ეს განაპირობებს მისი ღირებულების ვარდნასაც“, - აღნიშნა ნოდარ ფოფორაძემ ‘’ბიზნეს-რეზონანსთან“ და გეოპოლიტიკური პროცესების გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ კი ისე, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. ხშირად ეს არ არის რაიმე ეკონომიკურ პროცესთან მიბმული. თუმცა არსებულ სიტუაციაში ყველა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ომიც და ბაზარზე არსებული მოთხოვნის მაჩვენებელიც.

ყველაზე ხშირად ოქროს ფასი ირყევა, ბრილიანტის ღირებულება გაცილებით სტაბილურია. ბოლო პერიოდში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და გაურკვეველი მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც", - განაცხადა ნოდარ ფოფორაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოები აცხადებენ, ძვირფასი ლითონებზე ფასის რყევა ახლი უშუალოდ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ინფორმაციით, პალადიუმის გაიაფება (მცირე ბიჯებით)  2022 წლის მარტიდან დაიწყო, შემდეგ კი ტემპმა მოიმატა. ამ მომენტისათვის მისი ფასი 980 დოლარის ფარგლებშია და უკვე პლატინაზე იაფიც კი ღირს.

,,პალადიუმის ღირებულება თუ 850-ოლარიან ნიშნულ ჩამოსცდება, ფასი რღვევას დაიწყებს და სავარაუდოდ, 550 დოლარამდეც დავარდება. სამაგიეროდ, იმატებს პლატინის  ფასი, მისი გაძვირება დაიწყო 2024 წლის 25 აპრილიდან, როცა 919 დოლარი ღირდა და დღეის მონაცემებით, უკვე გაუტოლდა 1010-დოლარიან ნიშნულს.

ცალსახად ვერ ვიტყვით, რადგან პოლადიუმის ფასი ვარდება, სხვა ძვირფასი ლითონების ფასიც დაეცემა. ცვლილებები კლების ან ზრდის მიმართულებით მუდმივად იქნება. ამის მიზეზია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია. ოქრო ყოველთვის იყო დაძაბულობისა და გაურკვევლობის პერიოდში ინვესტორებისათვის თავშესაფარი, ასეა დღესაც, რაც ამ ლითონზე მოთხოვნას ზრდის.

ოქროსთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია ჯერჯერობით ძალაშია. ჩვენი პროგნოზით, რაზეც ჯერ კიდევ 2020 წელს ვსაუბრობდით, ოქროს ღირებულება  2025 წლის განმავლობაში 2500 დოლარს უნდა ასცდეს.

რაც შეეხება  სპილენძს, მისი ფასიც 2023 წლის 20 ოქტომბრიდან მატულობს, ხოლო  ვერცხლთან მიმართებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოთხოვნა გაიზარდა. იგი არა მარტო ძვირფას ლითონებში გადის, სტრატეგიული დანიშნულებისაა და გამოიყენება სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ჩიპების და მაღალტექნოლოგიური დეტალების დასამზადებლად. 2022 წლის 28 იანვრიდან დაიწყო ვერცხლის გაძვირების პროცესი და საკმაოდ ნახტომისებური ცვლილება რამდენიმეჯერ განიცადა“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

გლობალურ ბირჟებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას ანალიტიკოსი განსაკუთრებით ოქროს ფასზე აკეთებს აქცენტს და მიანიშნებს, რომ ამ პროცესის პარალელურად კრიპტოვალუტის მიმართაც შეიცვლება დამოკიდებულება. სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც გაიზრდება ფასი, რაც დოლარის პოზიციას კიდევ უფრო შეასუსტებს.

,,ოქრომ გაძვირება დაიწყო 2022 წლის ოქტომბრის ბოლოდან. როგორც ვნახეთ, მისი ღირებულება აღმავალ ფაზაშია. საერთოდ, დოლარი, ოქრო, ნავთობი ერთმანეთთან გარკვეულ კორელაციაშია.

რადგან ვიცით, რომ ოქროს ფასი იმატებს, ახლა უნდა დავაკვირდეთ კრიპტოვალუტებში რა ხდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბიტკოინმა, მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად, ოქროს ფუნქცია შეიძინა. ასე რომ, ოქროს გაძვირება და კრიპტოვალუტის მაღალი ღირებულება ქმნის საფუძველს, რომ დოლარის პოზიცია შესაძლოა, ძალიან შესუსტდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ჯერჯერობიტ ლარის კურსი შედარებით გამყარდება და დოლარი გაუფასურებისკენ წავა“, - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×