თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას პოლიტიკოსებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი ვრცელ განცხადებაში საუბრობს იმაზე, რომ ერთ-ერთ ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას „გამაოგნებელი მუქარა" გააჟღერა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლეთის საპასუხო ზომებზე საუბრისას კომისარმა ახსენა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ინციდენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. ოპოზიციამ კობახიძის განცხადებას „ცრუ ბრალდება „უწოდა, „ოცნება" კი აცხადებს, რომ „მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია".

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრისას ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. კობახიძის მტკიცებით, ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". პრემიერი წერს, რომ პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მიიჩნია, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიეწოდებინა.

„საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.

„თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

„პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.

„დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კობახიძის განცხადებას, გენპროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომას უკავშირებს. ვაშაძის აზრით, კობახიძემ ეს განცხადება შოთაძის გადადგომის გადასაფარად გააკეთა.

„კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს", ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს და ამიტომ შემოაგდო ეს თემა, მეტი არაფერი. იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე გადადგა. უნდათ, ეს თემა გადაფარონ. დანარჩენი, მთელი შინაარსი, სისულელე იქნება. თუ ეს არ გაჭრის, კიდევ სხვას მოიგონებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „სრულ აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას" უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

„ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა - „ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×