ელზა პაპოშვილი
01.07.2024

რა მოხდება და როგორ გავლენას მოახდენს საფრანგეთის არჩევნები მსოფლიოზე, თუკი მეორე ტურში გამარჯვება კვლავ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ პარტიამ მოიპოვა. რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და რა გავლენა ექნება მას ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე.   

უკვე ცნობილია, რომ 30 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში  ეგზიტპოლების თანახმად, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ (RN) პარტია ლიდერობს. Ipsos-Talan-ის ეგზიტპოლის თანახმად, რომელსაც BBC ციტირებს, ლე პენის პარტიამ ხმების 34% მიიღო. მეორე ადგილზე მემარცხენე გაერთიანება „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, ხმების 28%-ით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის Ensemble („ერთად“) მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და, ეგზიტპოლების თანახმად, 20,3% აქვს.

მარინ ლე პენმა ამომრჩეველს უკვე მიმართა და განაცხადა: „მაკრონის ბანაკი, პრაქტიკულად, განადგურებულია“. მან ამომრჩეველს მოუწოდა, მომდევნო კვირას კვლავ წავიდნენ ხმის მისაცემად, რათა უმრავლესობა მოიპოვონ და პრემიერ-მინისტრი გახდეს პარტიის ლიდერი ჯორდან ბარდელა.

ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, მოუწოდა „რესპუბლიკელ და დემოკრატ“ ამომრჩევლებს, წავიდნენ მეორე ტურში და ხმა მისცენ.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ულტრამემარჯვენეები ახლა "ძალაუფლების კარიბჭესთან" არიან. მისი თქმით, “ეროვნულმა გაერთიანებამ“ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს. 

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის ცენტრისტული კოალიციის მიერ ხმების 15%-ზე ნაკლების მიღება. ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე პოპულისტმა მარინ ლე პენმა და მისმა „ეროვნულმა ერთობამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.

ბევრმა ანალიტიკოსმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რისკიან ნაბიჯად მიიჩნია.

ანალიტიკოსების თანახმად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით მაკრონი ფრანგებს ეკითხებოდა, სურთ თუ არა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებას დაადგეს, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი შედეგი იყო.    

ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ლე პენის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას, საპენსიო ასაკს 62 წლამდე შეამცირებს, დაბლა დასწევს დღგ-ს ენერგიის გადასახადებზე, გააპროტესტებს საფრანგეთის შენატანს ევროკავშირის ბიუჯეტში და გააუქმებს საფრანგეთში დაბადებულთათვის ავტომატური მოქალაქეობის მინიჭებას უცხოელი მშობლებისათვის. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკოსებისთვის საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაა. როგორც ცნობილია, საგარეო პოლიტიკას მაკრონი წარმართავს, თუმცა უკრაინის ომთან დაკავშირებით, თუნდაც დაფინანსების საკითხის  გადაწყვეტას პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა დასჭირდება.  

საფრანგეთი ასევე  წარმოადგენს ქვეყანას ევროკავშირის, ნატოსა და G7-ის გადამწყვეტ სამიტებზე. ასე რომ, უკრაინისა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება. 

მაგრამ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას, საგარეო პოლიტიკის დაფინანსების კუთხით. კიევისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფა პარლამენტის თანხმობას საჭიროებს. პარლამენტში, რომელსაც ომის დაფინანსება ან ნატოსა და ევროკავშირში ახალი წევრების მიღება არ სურს, მაკრონს მანევრების თავისუფლება არ ექნება.  პრეზიდენტი მაკრონს მისი მანდატის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ შეეძლება მასშტაბური გეგმების განხორციელება ევროკავშირში ინტეგრაციის ან უკრაინაში ძალების გაგზავნის მხრივ.  

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე შეინიშნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთის არჩევნებს და ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ წარიმართა პირველი ტური, მთელ ევროპაში არსებულ ტენდენციას ასახავს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას და ტენდენციები, რომლებიც ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, მანამდე გაჩნდა, დასტურდება. დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგების, ფრანგი ამომრჩევლის არჩევანი ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, - აღნიშნა პესკოვმა.     

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ნაკლებად ვარაუდობს, რომ საფრანგეთში თუკი ლე პენის პარტია გაიმარჯვებს, ევროკავშირს საფრანგეთისგან რაიმე სერიოზული პორბლემები შეექმნება. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტში არჩევნები ახლა ჩატარდა და ცენტრისტულმა მემარჯვენე და ცენტრისტულმა მემარცხენე პარტიებმა მმართველობის სადავეები მაინც შეინარჩუნეს, ამიტომ მართვის სისტემაზე საფრანგეთში არჩევნები გავლენას ვერ მოხდენს.   

„ევროპარლამენტის არჩევნების  ფონზე მოხდა სწორედ კრიზისი საფრანგეთში, რადგან მაკრონი მიხვდა, რომ მომავალში შეიძლება სერიოზულად წაეგო, არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა. იფიქრა ვიდრე საფრანგეთის ამომრჩეველი შოკში იყო, რადგან  ულტრამემარჯვენეებმა ევროკავშირის არჩევნებში გაიმარჯვეს, ქვეყნის შიგნით მიღებული შედეგებით სურათი შეიცვლებოდა. მას ეგონა, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებდა. 

„თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაკრონი აღარ უნდა. ამიტომ მისი პარტია მეორეზე კი არა,  მესამეზე გავიდა. ჩვენ იტალიაში გვაქვს უკვე ასეთი სურათი. ხელისუფლებაში რადიკალური მემარჯვენეები არიან. ქვეყანა არ ინგრევა და ევროკავშირში მაინც ანაგრიშის გაწევა უწევთ. არ არის ისეთი რადიკალური, როგორიც უნგრეთში ორბანია. 

„იტალიამ დიდი 7-იანის შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც. ამიტომ არ მგონია, რომ საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა რაიმე პრობლემები შექმნან ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ორბანის მსგავსი ქმედებები არ მგონია ლე პენის პარტიამ დაიწყოს. მემარჯვენეებს მაინც თავისი პასუხისმგებლობა აქვთ, როგორც იტალიაში, ისე საფრანგეთში. ამიტომ მაინც არ ველი რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები იქნება“,-ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, საფრანგეთის ახალი მმართველი პოლიტიკური  ძალა არ გახდება ისეთი პრორუსული, როგორიც უნგრეთია. ევოკავშირის პოლიტიკის  საერთო კონტექსტში ჩაჯდება და რუსეთის შევიწროვებას ხელს შეუწყობს.  

„თუმცა, მოსალოდენლია, რომ საფრანგეთის შიგნით, შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრი ცვლილებები იქნება. საგარეო პოლიტიკაში ეჭვი მეპარება, რომ რაიმე ძირეული ცვლილებები იყოს. მაკრონმა ბევრი შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის ომში ფრანგი ჯარისკაცების მონაწილეობა არ გამორიცხა. 

„მან ეს დაშვება საფრანგეთის სახელით გააკეთა, რამაც მის მიმართ მოსახლეობაში უკმაყოფილება კიდევ უფრო გააღვივა. ეს დაანარჩენი ევროპისთვის გამომწვევი ნაბიჯი იყო  და ვნახეთ ბევრი ევროპელი ლიდერი ამას როგორ გაემიჯნა. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ, შიგნით საფრანგეთშიც ეს იყო მიზეზი, რის გამოც მემარჯვენეებმა უცბად პოპულარობა მოიპოვეს. მე მაინც მგონია საფრანგეთი უკრაინას ისევე დაეხმარება, როგორც ეხმარებოდა, მაგრამ საფრანგეთის ომში ჩართვა სრულიად გამოირიცხება. მაკრონის მხრიდან ეს იყო დიდი შეცდომა და სწორედ ამ შეცდომის შედეგებს იწვნევს ეხლა. არაფერი შეიცვლება, როგორც უნდოდა მაკრონს და დარჩება ყველაფერი ისევ ძველებურად როგორც იყო“,-ამბობს ზაქარეიშვილი.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×