რეზონანსი
30.05.2024

ერთ დროს პოპულარული შოუმენი თემო მჟავია სიკვიდილს სასწაულად გადაურჩა. იმ დღეს მოტოციკლეტს მართავდა და ტაქსის შეასკდა. შეჯახება ისეთი სიძლიერის იყო, თემო ჯერ ჰაერში ავარდა, შემდეგ მანქანის სახურავს დაენარცხა და იქიდან ასფალტზე დავარდა. მისი რკინის ჩაფხუტი ნამსხვრევებად იქცა, მოტოციკლეტი შუაზე გატყდა…

„სამსახურიდან გამოსული რაღაც საქმეზე ჩემი საყვარელი მოტოციკლეტით მივდიოდი, – ყვება ,,სარკესთან” თემურ მჟავია იმ ავბედით დღეზე, – თავზე ჩაფხუტი მეფარა. ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ვიღაც ისე ხმამაღლა მეძახდა, მოტოციკლეტი გავაჩერე. აღმოჩნდა, რომ დათო გოგიშვილი (შოუმენი, მეტსახელით “ციყვი”) მეძახდა. ბანკში მივდივარ და გამოგყვებიო, მითხრა.

“მზიურთან” შუქნიშანთან წითელზე გავჩერდი. მწვანე აინთო თუ არა, მოტოციკლეტიც დავძარი. 3 წამში 100 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებდა. ამ დროს საპირისპირო მხრიდან მანქანა წამოვიდა და იქ შემოუხვია, სადაც შემოხვევა არ შეიძლებოდა. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ეს მანქანა ტაქსი იყო და მოძრაობის წესი დაარღვია, ღერძულა ხაზი გადმოკვეთა. ისე სწრაფად შემოუხვია, ვერაფრის გაკეთება მოვასწარი, ერთი წამიც კი არ მქონდა ფიქრისა ან მანევრირებისთვის. მოკლედ, მანქანამ წინ ჩამიარა და მე გვერდიდან შევასკდი.

ჰაერში ძალიან დიდი ხანი ვიფრინე. შეჯახების დროს ჰაერში ზემოთ ავვარდი. შემდეგ იმ მანქანას, რომელსაც შევეჯახე, სახურავზე დავეცი, თავი ისე დავარტყი, რომ ჩაფხუტი გატყდა და მომძვრა. მანქანის სახურავიდან ასფალტზე დავვარდი და ახლა იქ დავარტყი თავი. წარბი გამისკდა და მთელი სახე სისხლში მქონდა მოსვრილი.

რამდენიმე წამი ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია, მაგრამ მერე ყველაზე საშინელი ტკივილი დაიწყო, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში განმიცდია. ყველაზე მეტად ხელი და ფეხი მტკიოდა. მინდოდა, ხელზე დამეხედა, მაგრამ ვერ ვიპოვე. როცა მანქანიდან ჩამოვვარდი, მოტეხილ ხელზე დავეცი და ხელი შიგნით მქონდა, მხოლოდ ძვალი ჩანდა. მეგონა, რომ ხელი მომძვრა. მეორე ხელზე დავიხედე, სისხლიანი იყო. ჯინსის შარვალი მეცვა და ფეხზე რომ დავიხედე, იქიდან ძვლისთავი ჩანდა. გავიფიქრე კიდეც, ალბათ ადამიანები ასე კვდებიან-მეთქი და ვიფიქრე, რომ ცოტა ხანში მეც მოვკვდებოდი.

უცებ გამახსენდა, რომ უკან “ციყვი” მეჯდა. ყვირილი დავიწყე, სად ხარ-მეთქი, გადავრჩი, კარგად ვარო, ხმა გავიგონე. ხელი ჰქონდა მოტეხილი, ვერ დგებოდა, ასულიერებდნენ. შეჯა-ხებისას ისიც აფრინდა, მაგრამ ადგილზევე დაეცა. დაცემისას ხელი დაახვედრა და მარცხენა ხელზე თითქმის ყველა ძვალი ჩაემტვრა. მე ძირს ვეგდე, საშინელი ტკივილი მქონდა, ვნატრობდი, გონება მაინც დამეკარგა, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.

ისეთი მძიმე სანახავი ვიყავი, ახლოს არავინ მოდიოდა. ძვლები მიჩანდა, სახე სისხლიანი მქონდა, ფეხსაცმელები ცალკე ეყარა, მოტო შუაზე იყო გადატეხილი… საშინელი სურათი იყო.

ტაქსის მძღოლი მოვიდა, ჩემს ხელში აყვანას ცდილობდა, პატრულისთვის თავი რომ აერიდებინა, რადგან ეს ავარია ყველა ვარიანტში მისი ბრალი იყო.

ვიცი, რომ ასეთი შემთხვევისას ადამიანის განძრევა არ შეიძლება და ვუყვირე, რომ არ მომკარებოდა. ერთ ბიჭს ვთხოვე, მოსულიყო, ჯიბეში ტელეფონი ენახა და ჩემებისთვის დაერეკა. ამასობაში ხალხმა სასწრაფოში დარეკა. იმ დროს ჭავჭავაძეზე ,,ლიბერთი ბანკი” იწვოდა და სასწრაფო დახმარების მანქანები იმ მიმართულებით მიდიოდნენ. ვიღაც ბიჭები გადაუდგნენ, ერთმა არ გააჩერა, მეორემ გააჩერა. იმ დროს უკვე ტკივილს ვეღარ ვუძლებდი და ასფალტს თავს ვურტყამდი, რომ იქნებ გავთიშულიყავი.

სასწრაფომ კისრის დამცავი და ტკივილგამაყუჩებლები გამიკეთა. ერთი ექიმი ჩემთან მოვიდა, მეორე – დათოსთან. საავადმყოფოში მუცლის ღრუს რენტგენი გადამიღეს, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ვიგუდებოდი, ვერ ვსუნთქავდი. თურმე ფილტვი გამიჩერდა. დიდი შლანგი მოიტანეს, კისერთან ჩამიხვრიტეს და იქიდან ფილტვში ჩაიტანეს. ეს იმაზე მტკივნეული იყო, რაც ავარიისას მეტკინა…

ხელზე და ფეხზე გამიკეთდა ოპერაცია. საოპერაციოში ღამის 12 საათზე შემიყვანეს და დილის 7 საათზე გამომიყვანეს. ხელ-ფეხზე ძვალი დაფშვნილი იყო, დარჩენილი ძვლები ერთმანეთს მიადეს, ძვალს რკინა დაადეს და ჩაახრახნეს.

ოპერაციები, რომლებიც ჩვენ ჩაგვიტარდა, ძალიან ძვირი დაჯდა, რაც თავის თავზე ბერამ აიღო. მძღოლი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ისიც იმიტომ, რომ გაეგო, მოვკვდი თუ გადავრჩი, თავის თავზე ზრუნავდა. იმის შემდეგ არც გამოჩენილა. იმასაც ღმერთი მიხედავს, როგორც მე“ - განუცხადა "სარკეს" თემო მჟავიამ.

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×