რეზონანსი
01.07.2024

მსახიობი მაკა შალიკაშვილი გულახდილად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელსაც 20 წელზე მეტია, უმკლავდება:

„ჩემი ხელფასით ბინას ვერასოდეს შევიძენდი და ვერც ახლა შევიძენ, რადგან ეს წარმოუდგენელია: 3 თეატრში ვმუშაობ და თანხას ვაგროვებ, რომ გადავიხადო ქირა, აბიტურიენტ შვილს მივხედო... ჯერ ავადმყოფი მამა მყავდა, ახლა დედას და მამიდას სჭირდებათ მიხედვა... საოცრება ხდება: რაკი კარგად გამოვიყურები, კარგად მაცვია, მხიარულ განწყობაზე ვარ, ბინის მეპატრონეები გიჟდებიან, ისე უნდათ, რომ ქირა გამიძვირონ. თუკი ტელეეკრანზე ჩანხარ, ჰგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვს, მილიონებს გიხდიან... მილიონობით მხოლოდ მაყურებლების სიყვარული, სოციალურ ქსელებში - კომენტარი, ვიდეოების "ნახვა", "მოწონება" მაქვს და არა - ფული.

ეს პრობლემა საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან... უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის... მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს... პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს. ეგ კი არა, საზღვარგარეთ ამიტომ ვერ წავედი ვერასოდეს, რომ სხვაგან ვერაფრით ვიცხოვრებ. ცუდია თუ კარგი, ჩემი ქვეყანა მიყვარს - წარმატება და ბედნიერება აქ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ზუსტად ვიცი, რომ "ერთნაირი სულის" ადამიანების მონახვა ყველგან შეიძლება, სხვაგან მაინც ვერასდროს ვიცხოვრებ. ხომ გაგიგონიათ - მსახიობს უნდა შიოდეს და სწყუროდეს, რომ კარგად ითამაშოსო? რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როცა მსახიობს იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ჭამ და იცი, რა არის შიმშილი, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როცა გაჭირვების გამო ვერ ჭამ... გაჭირვება ძალიან თრგუნავს და მიწასთან ასწორებს მსახიობის ღირსებას, ყველაფერს... ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, - ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან - მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა - სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ "ჩამოვეთრეოდი" და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ, - სოფლელი სოფელშიო...

ასეთ დამოკიდებულებას ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ - განაცხადა მაკა შალიკაშვილმა.

წყარო: „გზა“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×