ელზა პაპოშვილი
25.06.2024

უკრაინაში ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თუმცა უკრაინელები ახერხებენ და ბოლო დღეების განმავლობაში რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადგილობრივების უმრავლესობა ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის - 3 ბავშვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა. ოკუპირებულ ყირიმში გლოვა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უკრაინული პრესის ცნობით, იერიშის დროს სევასტოპოლში საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა არ ჩაირთო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა აშშ-ის მიერ მიწოდებული "ატაკამს-ის" ხუთი რაკეტით სცადა, რუსმა სამხედროებმა ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, მაგრამ ერთმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად, ტრაექტორიიდან გადაუხვია და ქალაქის თავზე აფეთქდა. მოსკოვმა იერიშს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გაეროს საჩივრით მიმართა, ამერიკის ელჩი კი საგარეო უწყებაში ახსნა განმარტებისთვის დაიბარა.

სევასტოპოლზე მომხდარი მასობრივი იერიშების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს, მათ შორის ხარკოვის მიმართულებით, სადაც დაბომბვას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მასობრივი სარაკეტო იერიშების გამო, ელექტროშეზღუდვა ვრცელდება უკრაინის სხვა რეგიონებზეც.

რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ოდესას, დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არის მსხვერპლი. გაჩნდა ხანძარი. თავდასხმების ფონზე, უკრაინის მთავრობა მოლოდინშია, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხზე ევროპული გაერთიანება მოლაპარაკებებს გახსნის.

რუსულმა ძალებმა დაბომბეს დონეცკის ოლქის ქალაქი სელი-დოვე - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - 2 მცირეწლოვანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. ათობით კერძო სახლი და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა კიევის გარეუბანში დრონების ჩამოგდების შედეგად, არიან დაშავებულებიც.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 - ხარკოვის ოლქში.

სევასტოპოლზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის ბრალდებებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს და წერს, რომ ყირიმი არ შეიძლება ჩაითვალოს სამშვიდობო ზონად, რადგან ის არის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც ომი მიმდინარეობს.

„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს „პლაჟები“, „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობიანი ცხოვრების“ სხვა გამოგონილი ნიშნები. ყირიმი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. იგივე ომი, რომელიც რუსეთმა მხოლოდ გენოციდური და აგრესიული მიზნებით გააჩაღა. ყირიმი ასევე არის დიდი სამხედრო ბანაკი და საწყობი, ასობით პირდაპირი სამხედრო სამიზნეებით, რომელთა შენიღბვას და საკუთარი სამოქალაქო სამიზნეებით დაფარვას რუსები ცინიკურად ცდილობენ. რომლებიც, თავის მხრივ, არიან... სამოქალაქო ოკუპანტები“,-წერს პოდოლიაკი.  

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება სრული ძალით მუშაობს, იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმებზე პასუხის გაცემა შეძლონ.

„უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, - განმარტა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც გააუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხელი შეუწყო ხარკოვის ოლქის საზღვრებთან სიტუაციის სტაბილიზაციას.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ქალაქების რუსული ბომბებისგან დაცვა აბსოლუტურად შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, უკრაინელი მფრინავების დაჩქარებული წვრთნა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე და უკრაინის იარაღის საკმარისი დიაპაზონი.  

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა უკვე ჩამოაგდეს ორი რუსული რაკეტა "კალიბრი", გასულ დღეს 12 რუსული რაკეტა და 13 დრონი. მისი თქმით, ეს ხდება ყოველდღე და ყოველ ღამეს.

"რუსული ტერორი არ ნელდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა - აუცილებლად და პარტნიორებთან ერთად", - დაწერა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ტერორისტების მათ ტერიტორიაზე განადგურება, სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს გამოიჩინონ მეტი მონდომება, რათა ერთობლივად შეაჩერონ რუსული აგრესია. "და ჩვენ გვჭირდება იგივე გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიოში ყველასთან ერთად, ვინც სიცოცხლეს აფასებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ" - ამბობს  ზელენსკი.    

საქართველოს შეიარაღებული გენშტაბის ყოფილი უფროსი  და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბრძოლის ველზე იქნება, ფაქტობრივად, იმ პოზიციების დაფიქსირება, რითაც მაგიდას რუსები და უკრაინელები საბოლოოდ მიუსხდებიან.

„კულუარული მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. შესაძლოა, ეს არ არის უმაღლეს დონეზე, არამედ გარკვეული სამუშაო ჯგუფების დონეზე მიდის. ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ფორმატები იქნება, ყველგან ამაზე მსჯელობენ. 

„ეს პუტინისგან შემოგდებული ბურთია, რომელსაც ვაჭრობა უნდა მოჰყვეს. პუტინი ცდილობს შეინარჩუნოს უკრაინის ის დაკავებული ტერიტორიები, რაც ამ ორი წლის განმავლობაში შეძლო. ომი პოლიტიკური ფენომენია და აქ წამყვანი პოლიტიკაა. ბოლო პერიოდში დიპლომატიური და პოლიტიკური ინიციატივა უკრაინის მხარეს არის. სამშვიდობო შეხვედრები, მონაწილეობა და ა.შ. ეს ბოლო შვეიცარიაში შეხვედრაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზელენსკიმ პუტინივით ტრაქტორი არ მოითხოვა,

„პირდაპირ მოითხოვა ისეთი რაღაცები, რაც მიღწევადია. ზელენსკის სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ითქვას პირდაპირ, რომ ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდეს და დაბრუნდეს ის 1000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც რუსებს გაყვანილი ჰყავთ. რუსეთი უკვე კულმინაციის წერტილთან ახლოს არის მისული. ამ დროს კი შემტევს შეტევის თავი აღარ აქვს, დამცავს კი დაცვის თავი“, - ამბობს კაპანაძე.    

მისივე თქმით პუტრინის  განცხადებებიდან ჩანს, რომ მისი სტრატეგიული მიზნები შეცვლილია. გენერალი მიიჩნევს, რომ სულ სხვა იყო ომის დაწყების დროს პუტინის მადა და სურვილები, ახლა კი საუბარი მხოლოდ იმ ტერიტორიებზეა, სადაც ომი მიდის. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×