თამთა ჩაჩანიძე
24.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შემოღებასაც კონსენსუსი არ სჭირდება, საქართველოს მაინც დაუწესდება. ამის შესახებ 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და კონკრეტული შეზღუდვებიც ჩამოთვალა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან სიტუაციის მონიტორინგი გაგრძელდება და ამის მიხედვით განხორციელდება ყველა საჭირო ზომა - შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელმძღვანელობასთან, გაიყინება ფინანსური მხარდაჭერა მთავრობისადმი და ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებიც გადაიხედება.

ამ თემის განხილვა გაგრძელდება ევროკავშირის 27-28 ივნისის სამიტზე ბრიუსელში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ზომების დაწესების მომხრე არ არის და ეს მინისტრთა შეხვედრაზეც გამოჩნდა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ევროკავშირი საქართველოს საკითხის მიმართ სერიოზულადაა განწყობილი, თუმცა პირველ ეტაპზე შესაძლოა ბლოკი მსუბუქი სანქციებით შემოიფარგლოს და თუ ხელისუფლება გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, ამ ზომებს თანდათან გაამკაცრებს.

რა გაირკვა 24 ივნისის შეხვედრიდან

როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამბობს, „გამჭვირვალობის კანონი" და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს.

„საბჭოში ჩვენ განვიხილეთ მოვლენების ბოლო განვითარება საქართველოში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზეც იყო საუბარი. ჩვენ გული გვწყდება, რომ ვეროკავშირსა და მის ღირებულებებზე არის ფართო დეზინფორმაცია ოფიციალური მხარისგან. გვესმის საქართველოს ხელმძღვანელობის ყველაზე უმაღლეს დონეზე განცხადებები და ეს გასაოცარია, რომ მათი პოზიციით, ეს კანონი ევროკავშირთან აახლოებს საქართველოს. ნათლად მინდა განვაცხადო - არა! ეს კანონი და ყველა ნეგატიური მოვლენების განვითარება მის გარშემო, საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამაზე უფრო ნათლად და ლაკონურად ვერ გამოვხატავთ.

„აღნიშნულ განცხადებას 26-მა წევრმა დაუჭირა მხარი 27-დან, ეს კონსენსუსი არაა, მაგრამ კონსენსუსი არ გვჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკურად შევაფასოთ სიტუაცია.

„გვესმის, რომ დინამიკა მიდის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ და მინისტრების უმრავლესობის განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ ევროკავშირს საქართველო შორდება. საქართველოს ხელისუფლებამ თუ არ შეიცვალა თავისი მოძრაობის მიმართულება, საქართველო ევროპულ გზას ვერ დაუბრუნდება. ასე ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ ამას - თუ თავის კურსს არ შეცვლის, საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. პარალელურად ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით, რათა დეზინფორმაციას ებრძოლოს და მხარი დაუჭიროს საარჩევნო პროცესს.

„დავარიგე სპეციალური დოკმუმენტი და ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს, განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას, შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ასევე გავყინავთ ფინანსურ მხარდაჭერას მთავრობისადმი და ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც გადავხედავთ. ეს დაუყოვნებლივ მოხდება და ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და გაუარესების შემთხვევაში დამატებით ზომებს მივიღებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდზე ვდგავართ, მათი უდიდესი უმრავლესობის არჩევანის მხარდაჭერას ვაცხადებთ, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ევროკავშირში", - განაცხადა ბორელმა.

ის ერთი ქვეყანა კი, რომელიც არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, უნგრეთია. ამის შესახებ „იმედს" ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განიცხადა.

„საქართველოს საკითხის განხილვა დასრულდა: მოქმედი ხელისუფლებისა და მათი ქმედებების მკაცრი და აბსოლუტური დაგმობა. თუმცა, უნგრეთი არ არის (საქართველოს წინააღმდეგ) რაიმე ზომების (დაწესების) მომხრე. (თუმცა) ჩვენ მაინც შეგვიძლია შემოვიღოთ ზომები, რომელიც არ საჭიროებს ერთსულოვნებას", - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

რაზეა წამსვლელი ევროკავშირი

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონასთან" აცხადებს, ევროკავშირი საქართველოს საკითხის მიმართ სერიოზულადაა განწყობილი. თუმცა, მისი აზრით, პირველ ეტაპზე ევროკავშირი შესაძლოა მსუბუქი სანქციებით შემოიფარგლოს და თუ ხელისუფლება გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, გაამკაცრებს.

„ევროპა საქართველოს საკითხისადმი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი. როგორც ჩანს, მათ უკვე პრინციპული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება - საქართველოსთან იმდენად არა, რამდენადაც ხელისუფლებასთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა.

„დასავლეთში, როგორც წესი, სანქციების დაწესება კულმინაციიდან არ იწყება. სანქციების შემოღება თანდათანობით ხდება და თუ შედეგი ვერ მიიღეს, თანდათან მკაცრდება. ალბათ ხელისუფლების მიმართ მინიმალური მოთხოვნით დაიწყებენ, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს უკან არ წაიღებს და 9 პუნქტის შესრულებას არ მიუბრუნდება, მაშინ რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„პირველი ალბათ იქნება ფინანსური შეზღუდვები ხელისუფლების მიმართ და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, შემდეგ უფრო და უფრო გამკაცრდება. პირველ რიგში სანქციებს ინდივიდუალურად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესებენ და აქაც იქნება მინიმალურიდან დაწყებული და თანდათან მზარდი. რაღაც ეტაპზე შესაძლოა ეს იყოს პარლამენტართა გარკვეული ჯგუფი, შემდეგ წრე გაიზარდოს და ა.შ. მაგრამ ის, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დათმობა არ იქნება, ამ შეხვედრაზე უკვე გამოჩნდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" იმედოვნებს, რომ ევროკავშირში პრაგმატული აზროვნება გადაწონის.

„უსამართლო სანქციების ფართო სპექტრია - დაუმსახურებლად, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სახელმწიფოზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს კი იმ სუვერენულ უფლებას უკავშირდება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობას აქვს - მიიღოს ქვეყნის ინტერესებისთვის საჭირო კანონი. მსგავსი კანონი არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაშია, ბოლო ასეთი შემთხვევა იყო კანადა.

„ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ დომინირებული პრაგმატული ევროპული პოლიტიკური მიდგომა იქნება და ევროჩინოსნები არც მწვადს დაწვამენ და არც შამფურს. ერთი ვარიანტია, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გადაიდოს, როგორც ეს უსამართლოდ კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში მოხდა. მეორე - შესაძლოა აშშ-ის სახდეპის მაგალითს მიჰყვნენ და ამ კანონის მხარმადჭერ პარლამენტარებზე დააწესონ უსამართლო სავიზო სანქციები. ამასთან, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სამართალდამცველებიც დასანქციდრდნენ.

„აქ ერთი გაუგებრობაა - სულ რამდენიმე დღის წინ, როცა აშშ-ის სანქციებიდან რაღაც პერიოდი იყო გასული, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების" პარლამენტარი რატი იონათამიშვილი და შს მინისტრის მოადგილე. (სანქცირებულთა) გვარების არგამოცხადება გაუგებარი და დამაბნეველი ჟესტია. თავის დროზე მოსამაღთლეების დასანქცირებისას გვარები დაასახელეს და მიზეზი - არა. ახლა მიზეზი დაასახელეს და გვარები - არა. ასე ავტორიტარული ქვეყნები იქცევიან და დემოკრატიულ ქცევას არ შეესაბამება.

„ამ სანქცია-შანტაჟით უკურეაქციას იღებენ დასავლელი აქტორები. ეს ქართული საზოგადოების ძირითად ბირთვზე არ მოქმედებს და დასავლელი ჩინოსნების სიტყვისა და საქმის ფასს უფრო აფერმკრთალებს", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

რას იზამს ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა და ბლოკის ცალკეული ქვეყნები

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია ძველისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

„არ მგონია, რომ კარდინალურად რაღაც ცვლილებები იყოს, შესაძლოა პერსონალიები გადაირჩიონ, მაგრამ ძირითადი ბირთვი სწორედ ისაა, რომელიც აქამდეც იღებდა ევროკავშირში გადაწყვეტილებებს და ამ მხრივ რაღაც მოულოდნელობები არ მგონია იყოს. ყველაფერი ისე გაგრძელდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის წინაშე უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკა რთულად ხორციელდება. ამასთან, გერმანიასა და საფრანგეთში მმართველ გუნდებს გარკვეული პრობლემები აქვთ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროკავშირის შემდგომ ნაბიჯებზე საქართველოსთან მიმართებით.

„ევროკავშირის უმაღლეს სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკა საკმაოდ რთულად მიდის - ჯერ კიდევ სათუოა ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმეორედ არჩევა. შეტორტმანებულია პრეზიდენტ მაკრონის წონადობაც, მისმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მწარედ წააგო. მოსალოდნელია, რომ ვადამდელ ფრანგულ არჩევნებში წონადი ოპოზიცია ეყოლება. ძალიან გაუჭირდება ქვეყანაში და ევროკავშირის ასპარეზზე თავისი პოლიტიკის განხორციელება.

„ევროკავშირი ძირშივე ფრაკო-გერმანული წარმონაქმნია და გერმანიაში არსებული ვითარებაც მნიშვნელოვანია, სადაც ევროპარლამენტის არჩევნებზე შოლცის კოალიციამ წააგო და ახლა მწვავე საკითხი ელოდება - ივლისში გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის განხილვა. თუ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცეს, ეს ვადამდელი არჩევნების პირობა გახდება.

„რამდენიმე დღის წინ, როცა ევროლიდერები არაფორმალურ სადილზე შეიკრიბნენ და იქ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ჩავარდა, შეთანხმდმენ, რომ 27 ივნისისთვის ხელახლა განიხილავენ.

„თუ სანქცირებაზე ერთსულოვანი ევროპული გადაწყვეტილება ვერ მიიღება, დიდი ალბათობით, შესაძლოა იმ ცალკეულმა ქვეყნებმა დაუჭირონ მხარი შეზღუდვებს, რომლებიც პოლიტიკურად სამარცხვინოდ და არადიპლომატიურად იქცევიან. მათი საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ოპოზიციის ანტისამთავრობო შეკრებაზე იდგნენ - ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ და შესაძლოა ერთი-ორი ქვეყანაც გამოჩნდეს. ერთსულოვნება, დიდი ალბათობით, არ იქნება, მაგრამ ცალკეული ქვეყნებისგან - ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია - შესაძლოა რაღაც იყოს. მაგრამ ესეც უკურეაქციას გამოიწვევს ქართულ საზოგადიებაში და აწყობს კი ამ ქვეყნებს, რომ გამოგონილი თემით საქართველოსთან ისტორიული ურთიერთობა გაიუფუჭონ?!" - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×