რეზონანსი
12.05.2024

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ „სპეცნაზის“ (რუსული სიტყვაა) მიერ მოქალაქის სასატიკად ცემის საინფორმაციო გადაცემებით ნანახმა კადრებმა გადამაწყვეტინა, საზოგადოებისთვის კიდევ ერხელ მიმემართა. მანამდე პოლიციელები ოპოზიციური პარტიის ლიდერს სასტიკად გაუსწორდნენ საჯაროდ, ხოლო პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წარმომადგენელებმა ჯგუფურად იძალადეს კოლეგა დეპუტატზე, რომელმაც „რუსული კანონის“ ერთ-ერთ ინიციატორს „რუსულ სიფათში“ მუშტი უთავაზა...

ცხადია, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აშკარად მიუღებელია საჯარო მოსამსახურეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და არათანაზომიერი ძალის გამოყენება თანამოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ამის გამართლება ევროპულ ქვეყნებში ცალკეული პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიის გამოვლენის ფაქტებზე აპელირებით. 

ცაკლე მსჯელობის თემაა, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეების მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვის კონსტიტუციით დაშვებული ფარგლების აშკარად გადამეტების შემთხვევები, რაც ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობებადაც შეიძლება შეფასდეს. ამასთან, ფაქტია, უცხოეთიდან დაფინანსებული „მესამე სექტორი“ და ე. წ. მეოთხე ხელისუფლება რუსის მიერ მოგონილ „მოლოტოვის კოქტეილს“ აზრის თავისუფლად გამოხატვის დემოკრატიულ საშუალებად წარმოაჩენენ, ხოლო „სამოქალაქო აქტივისტის“ შეწყალებით, „პროევროპელი“ პრეზიდენტიც, ფაქტობრივად, აქეზებს მომიტინგეებს ძალის გამოსაყენელად... ამასთან, როდესაც ზურაბიშვილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაცნობამდე იღებს გადაწყვეტილებას ლაზარეს შეწყალების თაობაზე, თან ისე, რომ არც ზემდგომი ინსტანციებში საქმის გადასინჯვას ელოდება და იმასაც აცხადებს, რომ გამამტყუნებელი მტკიცებულებები არ არსებობსო, ამით, ფაქტობრივად, საქვეყნოდ აღიარებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და კვალიფიციური სამართლდამცავი ორგანოები არ არსებობს... 

თუ გავიხსენებთ, როგორც გამწესდა პრეზიდენტად ქალბატონი, რომელსაც სახელმწიფო ენაზე არც გამართულად ლაპარაკი და არც წერა ეხერხება (მის ერგვერდიან სააგიტაციო მასალაში 50 - ზე მეტი შინაარსობრივი და რედაქციული შეცდომა იყო „გაპარული“...), ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წარმომადგენლად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის („კლანის“) ახლობელი, თანაც კანონდარღვევით დანიშნა, გამოდის, რომ პრობლემა მასში კი არა, ამომრჩევლის ელემენტარულ სამართლებრივ გაუნათლებლობაშია... ცხადია, აღარ გამკვირვებია, რომ სააკაშვილის მიერ საგარეო საქმათა მინისტრად მოწვეული და „ქართული ოცნების“ მიერ მე-5 პრეზიდენტად გამწესებული ზურაბიშვილის მიერ გამართულ კომცერტზე „ევროპის ჰიმნი“ გერმანულ ენაზე შესრულდა, არადა ვიცი, რომ ენებს შორის დისკრიმინაციის ასაცილებლად ევროპის ჰიმნს ოფიციალური ტესტი არ აქვს და არ იმღერება...

ამასთან, ტელევიზიითვე მოვისმინე, რომ თსუ-ის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა თანატოლებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და ორშაბათიდან უმაღლეს სასწავლებელებში სასწავლო პროცესის ბოიკოტირების თაობაზე გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, ახალი თაობა ყოფილი რექტორის, გია ხუბუას „სამართლის თეორიით“ ხელმძღვანელობს, რომელშიც „ვარდების რევოლუციის“ „გასაპრავებლად“ (ეს სიტყვაც რუსულია...), „დაუმორჩილებლობის უფლებაა“ შეტანილი („მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების ლეგიტიმური საფუძველი...) 

ცხადია, მორიგმა „რევოლუციურმა სიტუაციამ“ საქართველოს „ახალი ისტორიის დაწერის“ 35 წლის წინ განხორციელებული მცდელობა გამახსენა. მართალია, კომუნისტების მმართველობის პირობებში ქართველებს „მაშასადამე ევროპელობაზე“ პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა, რომელსაც „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში“ უნდოდა ცხოვრება... 

ვინაიდან „ღირსებით ევროპისკენ“ მიმავალი მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალაზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და „სარწმუნოება“ დომინირებს, გონივრული იქნება, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც („რუსული კანონის“ მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც...) ამჯერად მაინც დაუჯერონ კათალიკოს-პატრიაქტს, რომელიც ბრძანებ, „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”

აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე თანამოქალაქებს განსჯა-გააზრებისთვის რამდენიმე ჩემი მოსაზრება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია გავაცნო. 

მგონია, რომ აშშ-ში ტრამპი გაიმარჯვებს, ხოლო სამოქმედო დევიზად ჩვენთვის გასაგებ „ამერიკა - უპირველეს ყოვლისა!“ აირჩევს. შესაბამისად, ალბათ, აღარც ნატოს დაეხმარება ფინანსურად და აღარც სხვა „მეგობარი“ ქვეყნების „გადემოკრატიულობაზე“ იზრუნებს. 

ისიც ვიცი, რომ ახალი ანგლო-საქსური კავშირი იქმნება, რომელშიც აშშ-ის, ინგლისის და ავსტრალიის გარდა, შეძლება ისრაელიც გაერთიანდეს, ხოლო განვითარებისთვის აფრიკისა და ინდოეთის ბუნებრივი რესურსების ათვისებას გეგმავენ. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რატომ დატოვა ინგლისმა ევროკავშირი და მთავრობის ხელმძღვანელობა ინდოელს ანდო, ხოლო ამერიკელებს აფრიკული წარმომავლობის პრეზიდენტი ჰყავდათ და, ამჯერად, პრეზიდენტობის კანდიტადად მის ცოლის დასახელებას აპირებენ...

შესაბამისად, ნატოს სამხედრო პოტენციალი თუ არ შესუსტდა და ევროკავშირს საქართველოს მიერთების სურვილი და დასახმარებლად ფინანსური რესურსი თუ შერჩა (მით უმეტეს, 2030 წლისთვის...), ვწუხვარ, მაგრამ რესეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ვინაიდან ისიც ვიცი, რომ აღმოსავლეთ სლავები, ანუ რუსები, ბელარუსები და მალორუსებიც (უკრაინელები) აპირებენ გაერთიანებას, ხოლო ახალ კავშირს (კონფედერაციას), სახელად შეიძლება, ისევ „სსრკ“ („სუვერენულ სლავურ სახელმწიფოთა კავშირი“) ეწოდოს, რომელიც, რუსეთის მსგავსად, კავკასიონის სამხრეთ ფერდზე კონტროლს არავის დაუთმობს... 

ფაქტია ისიც, რუსეთიც და მისი ახალი „სტრატეგიული პარტნიორი“ ჩინეთი, ფაქტობრივად, იმპერატორების მიერ იმართებიან, რომლებიც არანაკლებ ერთი მილიარდი ადამიანის მრადაჭერითაც სარგებლობენ. ამდენად, მაინტერესებს ახლახან „დამეგობრებული“ პუტინი და ერდოღანი (ბათუმისთვის ლექსი რომ აქვს მიძღვნილი...) საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებაზე რომ შეთახმდნენ და ჩინეთის ინტერესებიც გაითვალისწინონ, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგენენ იარაღით?! 

მართალია, ახალგაზრდობაში მხოლოდ „სოციალისტური ევროპა“ გავიცანი, მაგრამ მაინც მოვიხიბლე სანიმუშო წესრიგით, შრომისა და გართობის კულტურით, ყოველ ნაბიჯზე სპორტული მოედნებით, ნამდვილად ჯანმრთელი ცხოვრების წესით... დარჩენაზე არ მიფიქრია, ვინაიდან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ევროპელების მიერ შექმნილი სიკეთეების „მომხმარებლად“ ყოფნას, ჩემი სამშობლოს ევროპული ტიპის სახელმწიფოს მოწყობაში წვლილის შეტანა („შემოქმედობა“) ვამჯობინე. ფაქტობრივად, ნახევარი ცხოვრება საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებივი ნიჰილიზმის აღმოფხვრის მცდელობას შევალიე, თუმცა ვხედავ, რომ წინ დიდად ვერ წავიწიეთ და ვერც საკუთარ შეცდომებიდან გამოვიტანეთ სათანადო დასკვნები... 

ცხადია, სხვებზე არანაკლებად მინდა, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ როდესაც არც გეოგრაფიული მდებარეობა, არც პოლიტიკური რეალობა და სამართლებრივი კულტურა ამის საშუალებას არ იძლევა, ხოლო მეზობლებად რუსეთი და თურქეთი მყავს, თავის მოტყუება არ მინდა (ახალგაზრდობაშიც მპირდებოდნენ „კომუნიზმში“ ცხოვრებას, თუმცა მხოლოდ „განვითარებული სოციალიზმის მომწიფების სტადიას“ მოვესწარი...), რის გამოც საერთო საზღვრის მქონე სახელმწიფოებთან ურთიერთობის დალაგება მირჩევნია, რომ საქართველომ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი მაინც შეინარჩუნოს.

ვაღიარებ, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, ვინაიდან „აჯანყება-რევოლუციების“ შედეგად დაკარგული (გაყიდული, ოკუპირებული) ქართული მიწების თაობაზეც ვარ ინფორმირებული, ძალიან მეშინია, ქართველების „პოლარიზაციისა“ და „რუსული კანონის“ გამო შექმნილი მორიგი „რევოლუციური სიტუაციის“ გამოყენებით „ვიღაც მესამემ“ იუგოსლავიასა ან უკრაინასავით არ დაგვშალოს... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×