რეზონანსი
13.05.2024

სასაცილოც აღარაა, სატირალია, როცა პრეზიდენტად წოდებული ადამიანი ვეტოს აგზავნის და შენიშვნას არ წერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, პრეზიდენტი დიდი ხანია, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია.

„სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის. ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დესტრუქციული ქმედებებით გამოდის. სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არანაირ შენიშვნებს არ გამოაგზავნის. ეს უკვე სასაცილოც აღარაა, სატირალია, როცა პრეზიდენტად წოდებული ადამიანი ვეტოს აგზავნის და შენიშვნას არ წერს.

თავისთავად, პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მხრიდან გაცხადებული მზაობა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გათვალისწინებული იყოს სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც შესაძლებელი იყო ვეტოს დაძლევის პირობებში – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეს გზა ჩაკეტილია. ეს გზა მოჭრილი აქვთ აქციის მონაწილეებსაც, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აქცია არ ემსახურება კანონპროექტის გამჭვირვალობის, ზოგადად, ამ პრინციპების სრულყოფას. აქციები მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის მიზნების მიღწევას ემსახურება.

პრეზიდენტი დიდი ხანია, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულია. მას უმრავლესობის ნდობა აღარ აქვს, რაც უკვე დავაფიქსირეთ პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ იმპიჩმენტის პროცედურაში. პრეზიდენტი, როგორც ყველასთვის ნათელია, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის მეშვეობით ინარჩუნებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციურია, რომ ვეტოს შენიშვნების გარეშე აგზავნის. ეს პირდაპირ აბათილებს მის უფლებამოსილებას და მას, როგორც ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანს, მხოლოდ ოპოზიციის დამხმარე რგოლად აკონფიგურირებს. ამ ადამიანს სხვა დანიშნულება უკვე აღარ აქვს“, – განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×