თამთა ჩაჩანიძე
13.05.2024

გადამწყვეტი კვირა დასავლელი ლიდერების ვიზიტებით დაიწყო, ორშაბათს დილით საქართველოს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია, ამავე საღამოს თბილისს სტუმრობს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო ბრაიენი.

მთავარი საკითხი, რომელსაც დასავლელი ლიდერები თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან განიხილავენ, ესაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

როგორც თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, კანონის დამტკიცება ხელს შეუშლის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მომდევნო - მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას. „ოცნება" კი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან „არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენენ".

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დახურულ კარს მიღმა ჰქონდეთ საუბარი დასავლელ ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ კანონის მიღების შემთხვევაში, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნას ხელისუფლებას.

შეფასებები ევროპელი მარალჩინოსნების ვიზიტზე

საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეაჩეროს „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. მისი თქმით, კანონის დამტკიცება ხელს შეუშლის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მომდევნო - მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. საქართველოს ადგილი ევროპაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი. ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან აქციებს მართავენ. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ რთულ დროს და იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს", - აღნიშნა მაიკლ როთმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს შანსი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი ეს კანონი დამტკიცდება, როთმა უპასუხა რომ „ნამდვილად არა".

„ვერ ვხედავ მოლაპარაკებების გახსნის შანსს ამ კანონით და ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან, ძალიან ნათელია", - აღნიშნა მაიკლ როთმა.

თბილისში იმყოფებიან, მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. ისინი ჯერ ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებს, 13-15 მაისის ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს მთავრობასთან.

შეხვედრიდან გამოსულმა „ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი იყო, რომ „საქართველოს დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების" პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა არ იქნება".

„ეს იყო ძალიან მყარად, ძალიან ხისტად და კონკრეტულად გაკეთებული გზავნილი, რომელსაც ალბათ, საჯაროდაც გააჟღერებენ. ჩვენი მხრიდან შეთავაზებაც და მოსაზრებაც იყო და მეც ამ მოსაზრებაზე ვარ დიდი ხანია, ყველა ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და ხმას რუსულ კანონმდებლობას აძლევს, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა მიმართულებით მათი მგზავრობა, გადაადგილება სანქცირებული და შეზღუდული უნდა იყოს, რასაც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც ეთანხმება.

„მესამე გზავნილი იყო ის, რომ ოპოზიცია ამ კანონმდებლობის არანაირ მოდიფიკაციას არ განვიხილავთ. ეს „რუსული კანონი" ჩაგდებული, ანუ გაწვეული უნდა იყოს, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეთანხმებიან. პრინციპში, საქართველოს პრეზიდენტის ის განცხადება ძალიან დროული იყო.

„მეოთხე გზავნილი იყო, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში მოყვანილი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, თუნდაც, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებაზე, არ სჭირდება რაღაც კონკრეტულად დიდი კონსენსუსი.

„მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება მოხდეს ევროკომისიის და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიტომ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საზიანო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია აკეთებს, როგორც ევროინტეგრაციის საბოტაჟი და, რა თქმა უნდა, როგორც რუსული გავლენების გაძლიერება, ისე განიხილება", - აცხადებს დეკანოიძე.

პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში - მათ ცალსახად თქვეს, რომ "ქართულ ოცნებას" არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია არა აქვს, - აცხადებს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, კორძაიას თქმითვე, ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქართველოს ევროპის მხრიდან უფრო მკაფიო მხარდაჭერა ექნება.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვისმენთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს "ქართული ოცნება" ქვეყანას.

„მათი ჩამოსვლა არის საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, რასაც „ქართული ოცნება" გააფთრებული ეწინააღმდეგება", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს, მისი თქმით, ვერ მოინახა კანონზე არგუმენტები, რომლებზეც ისაუბრებენ.

„დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია.

„პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპულ მომავალს თავიანთი განცხადებებით. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოცემულია და ვერაფერმა და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ადამიანების განცხადებებს წარსულში, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება ერთი მიზეზით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნულობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეს არ მოსწონთ. საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი, შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი.

„ჩვენი ბატონ-პატრონი და ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მისი აღმატებულება ხალხი. ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ იქნება მთავრობაში და ა.შ. ეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ პოლარიზაციის შემცირებას უწყობდნენ ხელს, აქეზებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. ჩვენ არავისთან არ გვაქვს დასაპირისპირებელი.

„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული, ჩვენი გზა არის და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. არის ამ გზაზე წარმოდგენილი 9-პუნქტიანი გეგმა და მზად ვართ ეს ყველაფერი შევასრულოთ, როგორც 12-პუნქტიან გეგმაში იყო, გავაკეთეთ ყველაფერი და კანდიდატურის სტატუსი მივიღეთ. მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი ინტეგრაციის გზას", - განაცხადა კალაძემ.

შეფასებები აშშ-ს მაღალჩინოსნის დაგეგმილ ვიზიტზე

ორშაბათს საღამოს კი თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიენის ვიზიტია დაგეგმილი, სახდეპის აღნიშნული მაღალჩინოსანი სანქციების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია.

„იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არახელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება.

„თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია - ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მაქვს, ასეთი გზავნილებით ჩამოდის ო ბრაიენი", - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ამ მოცემულობით არის თუ არა ამერიკა სტრატეგიული პარტნიორი, პრემიერმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა.

„სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ენთუზიაზმი და მოწოდებები, თუმცა იქიდან ვერ ვიღებთ შესაბამის პასუხს, რაც სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ.

რა მისიით ჩამოდიან დასავლელი ლიდერები

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა დახურულ კარს მიღმა ჰქონდეთ საუბარი დასავლელ ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებასთან, თუ კანონის მიღების შემთხვევაში, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნას ხელისუფლებას.

„შესაძლოა როგორც ამერიკელმა, ისე ევროპელმა ლიდერებმა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დახურულს კარს მიღმა განუცხადონ, თუ კანონის მიღების შემთხვევაში, რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეექმნათ და რა ტიპის სანქციები იქნება ამოქმედებული, ან სხვა რა ბერკეტები შეიძლება ამოქმედდეს.

„ალბათ უფრო ამ თემაზე იქნება საუბარი, უშუალოდ ამ პარლამენტარებსა და ბიძინა ივანიშვილზე. ის, რომ ევოინტეგრაციის პროცესი შეფერხდება ამ 83 დეპუტატს ნაკლებად აინტერესებს, რადგან, მათთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. იმასაც ამბობენ არ შემოვუშვათო და ფაქტია, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ნაკლებად აინტერესებთ.

„აქ უფრო უარესადაა საქმე - ბელარუსივით ვიქნებით, როგორც რუსეთის ვასალი. არაა გამორიცხული, რომ დასავლელი ლიდერების წინაშე „ოცნებამ" უკან დაიხიოს, მაგრამ მგონია, რომ ამ უკანონობას ისინი მიიღებენ, იგივე რუსეთის და ივანიშვილის წინაშე რომ ქულები დაიწერონ. კანონის არ მიღების შემთხვევაში, გამოდის, რომ უკან დაიხიეს, მაგრამ უკვე მინიშნება აქვთ, რომ როცა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებსო მერე შესაძლოა დიალოგი ვაწარმოოთო ევროკავშირთანო.

„ასე მგონია, რომ მათ ამ ვითარებიდან გამოძრომა სურთ „ღირსეულად", რომ თითქოს თავიანთი გაიტანეს, კანონი მიიღეს და მერე ევროკავშირთან ილაპარაკონ, მაგრამ კანონის შინაარსზე არც უნდა იყოს საუბარი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რა მისიით ჩამოდიან დასავლელი პოლიტიკოსები უცნობია, თუმცა, მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტია. მისი თქმით, „ზეწოლის და დამუნათების არავის ეშინია".

„როგორც პრემიერმა კონბახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სხვა სახელოვანმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ყველა ჩვენს პარტნიორს საკადრისი პასუხი გაეცემა და ამ ზეწოლის და ვითომ დამუნათების არავის ეშინია. საქართველოში უნდა გაიშიფროს ნებისმიერი უცხო მავნებელი აგენტი და თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება, იმასაც პასუხი გაეცემა, ან უკვე გაცემულია.

„რა მისიითაც არ უნდა ჩამოდიოდნენ ამერიკელი თუ ევროპელი ემისრები, მაინც გაეცემა გულწრფელი პასუხი - „არა უცხოურ გავლენებს",- განაცხადა აბაშიძემ.

ამბობს, რომ ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების ვიზიტებით ვითარება არ განეიტრალდება.

„ამ ვიზიტებით ვითარება არ განეიტრალდება, რადგან ქართველ ხალხს იმ სისულელეს და სიბრიყვეს უცხადებენ, რასაც ჰქვია ფარისევლობა. კიდევ ვიტყვი, რომ „არა უცხოურ გავლენებს", ეს თუ ვერ შეიგნეს, ანალიტიკაში კარგად არ ჰქონიათ საქმე",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×