რეზონანსი
20.05.2024

ევროპის საბჭოს წიაღში საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მოამზადა დასკვნა, რომ არ არსებობს გამართლება კანონის, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, დასკვნის მიხედვით, „კანონი არანაირ გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება“.

„მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ეს დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების, ექსპერტული საბჭოს მიერ, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს. დასკვნა შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან და თითოეულ პარაგრაფში დეტალურად არის გაანალიზებული, მუხლობრივად, მათ შორის რუსული კანონი. ეს არის უმძიმესი დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არათუ რომელიმე ჩანაწერი არის ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი თავიდან ბოლომდე – მისი მიზანი, ამოცანა, სულისკვეთება, თითოეული მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი საქართველოში უკვე მოქმედებს. ასევე, წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან, საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, დეზინფორმაციას, თითქოს არავის წარმოუდგენია არგუმენტები რუსული კანონის წინააღმდეგ. არგუმენტების უდიდესი ნაწილი საპარლამენტო ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტშიც წარვადგინეთ იმ გარემოში, რა გარემოც ყველამ ვნახეთ –  მიკროფონების გამორთვის, გაძევების, გაჩუმების ფონზე. ახლა წერილობით არის წარმოდგენილი 25-გვერდიანი დასკვნა მსოფლიოში ძალიან მაღალი რეპუტაციის და სანდოობის სამართლის ექსპერტების, მათ შორის პროფესორების, აკადემიკოსების, პრაქტიკოსების მიერ დაკომპლექტებული საბჭოს მხრიდან.

ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შეჯამებით, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ამიტომ, ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ეს არის მავნებლური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი. შესაბამისად, ის უნდა იქნას მოხსნილი დღის წესრიგიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი სწორი სვლა – გაიწვიოს კანონი. ამის შესაძლებლობა პროცედურულად არსებობს პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×