ელზა პაპოშვილი
10.05.2024

მზადება 11 მაისის აქციისთვის - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისსა და რეგიონებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. შაბათს დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რეპრესიებმა არ გაჭრა და აქციაზე კიდევ უფორ მეტი ხალხი მივა. 

მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს ის ლოკაციებია, საიდანაც  მასშტაბური მსვლელობები დაიწყება. ევროპის დღეს საბოლოო შეკრების ადგილი ევროპის მოედანია. 

ქუჩაში იქნება ყველა, ვინც რუსულ კანონს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხმამაღლა აპროტეტსებს. თბილისისკენ მოდიან რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 11 მაისს  მარშით ევროპისკენ - საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს.   

ამის პარალელურად კი ქვეყანაში საპოლიციო ქმედებები გამკაცრდა. 7-მდე პირია დაკავებული, რომლებსაც მაისის აქციებზე პოლიციისთვის წიანაღმდეგობის გაწევას და სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებიან. დაკავებულია სამხედრო ანალიტიკოსი და ბლოგერი უჩა აბაშიძე. მას პროკურატურა იარაღის უკანონ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, ასევე კიბერ თავდასხმებს, რაც სახელისუფლებო მედიასა და სამინისტროების ვებ-გვერდებზე განხორციელდა. 

ამავე დროს გასული ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის სხვა ორგანიზატორებზე თუ მონაწილეებზე ფიზიკური თავდასხმა და მუქარები განხორციელდა. 10-მდე ადამიანია ნაცემი. ოპოზიციაში ამობენ, რომ ხელისუფლება 11 მაისის აქციის ჩაშლას ამ ფორმით ცდილობს და ხალხის დაშინების ფონზე საპროტესტო მუხტის ჩახშობა სურს. 

თავის მხრივ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძეე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. მისი  განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.  

„ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და, ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული,“ - განაცხადა კუპატაძემ. 

უსაფთხოების სამსახური კი განცახდებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ მზადდება ე.წ. „მაიდანის“ სცენარი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით. ამიტომ ის მოსახლეობას და აქციის  მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

მმართველი გუნდი, რევოლუციური გზით, ხელისუფლების შეცვლის სცენარზე საუბრობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს ქვეყანაში „ტემპერატურის ადუღებას“.

„ფსკერს ქვემოთ არის სრულიად ამორალური სურვილები ცალკეული ჯგუფების, რომლებიც პირდაპირ არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულები. მათი მიზანია, ქვეყანაში მსხვერპლი გამოიწვიონ, აადუღონ ტემპერატურა და გამოიწვიონ რევოლუცია. ეს ნამდვილად არახალია ჩვენთვის. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის დიდი სურვილი, რომ არალეგალური გზებით, სიტუაციის ადუღებით და რევოლუციის მოწყობის სურვილით წარმატებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს ეღირსებიან,“ - აცხადებს მათიკაშვილი.  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ რეპრესიები ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისთანავე აამოქმედა. 

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მეორე დღესვე დაიწყო ეს კამპანია. ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში და კონკრეტული დავალების მიმცემებიც. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის მშობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილი სახლში ვერ მივა, ახალგაზრდებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ უკან უნდა იყურონ, იმიტომ რომ შესაძლოა დააკოჭლონ ან სასაფლაოზე მიაკითხავენ მისი ნათესავები, ურეკავენ მცირეწლოვან ბავშვებს - აგინებენ, ლანძღავენ და ემუქრებიან,“ - თქვა ხაბეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში საკამოდ რთული სიტუაციაა შექმნილი და არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. 

„სიტუაცია ისე მიდის, რომ არცერთი მხარე, არც პოზიცია და არც ხელისუფლება, ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვისთვის უკან არ იხევს. პირიქით, ყოველდღიურად ტემპერატურას უფრო მაღლა სწევენ. მეეჭვება, რომ ასეთი დაჭერები ხელისუფლებას რამეში გამოადგეს. შეიძლება ამან საწინააღმდეგო როლიც კი შეასრულოს. ხშირად მაგ ხერხებს მიმართავენ, რომ ხალხი დაშინდეს. ამ დროს კი ხალხი შეიძლება კი არ დაშინდეს, უფრო გაბრაზდეს და ქუჩაში უფრო  მეტი გამოვიდეს. ქართველების ხასიათში ყოველთვის ასე ხდება. როცა ჩვენი საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან მკაცრ ხელს იღებს, ის კიდევ უფრო აქტიური ხდება. მსგავსი ხდებოდა სააკაშვილის დროსაც. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა არ არის კარგად გათვლილი, რადგან სიტუაციის განმუხტვაა ახლა საჭირო და სიტუაციის ესკალაცია თუ მოახდინა ამ ნაბიჯებმა, მაშინ მათი ფუნქცია რა არის? ახლა ამოცანა უნდა იყოს სიტუაციის განმუხვტა და არა დამუხტვა. ჯერჯერობით არ ეტყობა არცერთ მხარეს, რომ რომელიმე ძალა ამაზე ფიქრობდეს. ეს კი ძალიან სამწუხაროა. 

„ოცნებას“ მოსახლეობა არ იცნობს, როგორც ძალმომრეობაზე ორიენტირებულ ხელისუფლებას. პირიქით, ოპოზიციური პოლიტიკოსები საყვედურობდნენ, რომ ხელისუფლება ბოთე და უუნაროა. ასეთად აღქმულ ხელისუფლებას ბევრი მომხრე ჰყავს, რადგან „ოცნების“ ეს ლოიალობა ბევრს მოსწონს. ამიტომ არავის არა აქვს დიდი რეპრესიების მოლოდინი, მაგრამ თუ ის ამ რეჟიმზე გადავა, იმ პლიუსს დაკარგავს, რითაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება 11 მაისს იმოქმედებს სიფრთხილით, რათა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ვიღაცეებს არ მიეცეს მანიპულაციების საშუალება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სიტუაცია მძიმეა და ჩვენი ქვეყანა დასავლეთიდან გამადიდებელი შუშით დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, - ამბობს საყვარელიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×