რეზონანსი
20.05.2024

ამ კანონის ინიცირების მომენტიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია შინაარსობრივი განხილვა და დისკუსია. სამწუხაროდ, როგორც შიდა, ასევე უცხოური აქტორებისგან მივიღეთ დისკუსიის რუსული სტილით ჩაკეტვა, ამ კანონისთვის იარლიყის მიწებება და დისკუსიის აკრძალვა ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„პირდაპირ გვესმოდა ევროპელი პოლიტიკოსებისგან - არანაირი დისკუსია, ეს არის რუსული კანონი და ჩვეულებრივი 90-იანი წლების გემოვნების სტილში ჩამჯდარი საუბარი. 20-30 წლით უკან დაგვაბრუნა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც მათ ამ ემოციებზე წამოიყოლეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოლოსკენ გამოჩნდა იმის იმედი, რომ უცხოელ აქტორებს შეიძლება ჰქონოდათ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსვლის მზაობა, თუმცა პრეზიდენტის ვეტომ ეს პროცესი ჩაკეტა.

„შეიძლება ზოგიერთი მიხვდა რა აბსურდი იყო იმ იდეებზე, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენც განვაცხადეთ, რომ თუკი არის სურვილი, კი ბატონო, აქამდე 2 თვე დისკუსიის შანსი გაუშვით ხელიდან, ახლა დარჩენილია 2 კვირა, ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ვეტოს მეშვეობით აისახოს თუკი რაიმე ღირებულს შემოგვთავაზებთ და შევთანხმდებით. სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. არ ვიცი ვინ საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის რაღაც იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში სალომე ზურაბიშვილმა ეს წინსწრებით ჩაკეტა. აქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებებით მოქმედებს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომლის ამოცანა უნდა იყოს მშვიდი მსჯელობის ხელშეწყობა და ა.შ.“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×