ნატალია ჯვარიძე
06.06.2024

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ", რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, ადმინისტრაციული ჯარიმების გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს. ამ საკითხზე ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ლგბტ პროპაგანდის აღმოსაფხვრელად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაც საჭიროა. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია და ცალკე დეტალების განხილვაც არასწორია.

„კონსტიტუციაში პირველი წინადადება რა არის? „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და არა ჩვენ ჰეტეროსექსუალები, ნამდვილი ქალები და კაცები და სხვა, ეს ეხება ყველას, მათ შორის ლგბტ საზოგადოებას", - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს კი მიაჩნია, რომ ლგბტ საზოგადოება მთელ კაცობრიობას წარღვნით ემუქრება და საჭიროა ამაზე დროული რეაგირება. „ჩვენ შუაგულ ომში შევედით და ასეთ დროს არც ერთ შემთხვევაში ხელის აკანკალება საჭირო არაა," - უთხრა მან „რეზონანსს".

19 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის. ორივე კოდექსს ახალი მუხლი ემატება, სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა".

ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები 800-იდან 4 000 ლარამდე.

ადამიანი, რომელიც მისი და თავისი სქესის წარმომადგენელს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას გაავრცელებს ან ინცესტის პოპულარიზაციას მოახდენს, ფიზიკური პირი 800 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული 2 500- ით.

პირი, რომელიც ლგბტ ადამიანების შესახებ არასრულწოვანს მიაწვდის ინფორმაციას და ამ საკითხზე შემოქმედებით ნაწარმოებებს გაუზიარებს, ფიზიკური 1 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი 3 000-ით.

სკოლებში, უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუ თანამშრომელი ამ საკითხზე სახელმძღვანელოს შეიტანს, ან თუნდაც მოსწავლეს რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდის, ფიზიკური პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული 4 000-ით.

რაც შეეხება სს კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. კანონპროექტი ითვალისწინებს დასჯას ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, 2 ან 3 წლით პატიმრობას.

გარდა ამისა, ექიმი რომელიც სქესის გადაკეთების ოპერაციას დათანხმდება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოიყენებს, დაისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან პატიმრობით. იურიდიულ პირს კი ჯარიმა დაეკისრება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, როგორც „გავლენების კანონი" იყო ანტიკონსტიტუციური, ისე არის ესეც. როგორც იგი აღნიშნავს, ამ პროექტში საერთოდ არაფერია მისაღები და მიიჩნევს, რომ ამაზე მსჯელობაც დაუშვებელია.

„ეს კანონმდებლობა საერთოდ არ არის მისაღები. რაკი ეს დაუშვეს, მათთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებენ. პირველ რიგში ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სადაც მკაფიოდ გვიწერია: „კანონის წინაშე საქართველოს ყოველი მოქალაქე არის თანასწორი", მიუხედავად სქესის, ქონების და ა.შ. კონსტიტუციაში პირველი წინადადება რა არის? „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და არა ჩვენ ჰეტეროსქსუალები, ნამდვილი ქალები და კაცები და სხვა. ეს ეხება ყველას, მათ შორის ლგბტ საზოგადოებას. ამრიგად, ეს არის ანტიკონსტიტუციური, როგორც ის („უცხოური გავლენების" - რედ.) კანონი იყო. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია მსჯელობაც კი იმაზე, თუ რამდენად საჭიროა სს პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგან გამოდის, რომ ამ კანონში შეიძლება სხვა რამე იყოს მისაღები. ხელისუფლება საბჭოთა კავშირში კი არ გვაბრუნებს, შუა საუკუნეში გვაგდებს. ამრიგად, ჩემთვის ისიც კი არასწორია, განვიხილო რა არის ამ კანონში მისაღები და პირიქით, რა მიუღებელი", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

გვენატაძე კი თვლის, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია, რადგან საქართველო გადარჩეს, იმის მიუხედავად, რომ ეს არც ისე მარტივია.

„მე ვთვლი, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია და ისიც, რომ თუ პირი ადმინისტრაციულ სასჯელს არ დაემორჩილება, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ეს ლგბტ-ები დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას წალეკვით კი არა, წარღვნით ემუქრებიან. ჩვენ შუაგულ ომში შევედით და ასეთ დროს არც ერთ შემთხვევაში ხელის აკანკალება საჭირო არაა. აგიკანკალდება ხელი და შენ თვითონ გამოგასალმებენ სიცოცხლეს, ამას სამწუხაროდ თუ საბედნიერო ისტორია გვასწავლის. ამიტომ ჩვენ ის უდიდესი მისია ავიღეთ, რომელიც თავად საბერძნეთმაც ვერ შეძლო, სადაც ათონის წმინდა მთა მდებარეობს. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. როგორც ჩვენი დიდი წინაპარი, შოთა რუსთაველი იტყოდა „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო", ასეა ჩემო ბატონო", - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×