თამთა ჩაჩანიძე
03.06.2024

ხელისუფლება და ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემაზდება, „ქართულმა ოცნებამ" რეგიონებში შეხვედრა დაასრულა, ოპოზიცია კი ფიქრობს რა კონფიგურაციით წარსდგეს არჩევნებზე, რომელიც, როგორც თავად პოლიტიკოსები ამბობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი იქნება ქართული დემოკრატიის განვითარებისა და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

საკითხზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების და ოპოზიციის მთავარი სტრატეგია საარჩევნოდ, რაზე გააკეთებენ ძირითად აქცენტებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ძირითადი საკითხი რაზედაც ორივე მხარე დაგეგმავს სტრატეგიას, იქნება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერა 3 ივნიის დილიდან დაიწყო და ძირითადად ის პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები აწერენ ხელს, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს თანხმობა. პარტია „გახარია საქართველოსთვის" კი აცხადებს, რომ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიცირებულ დოკუმენტს, თუმცა, იღებენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", პარტიამ რეგიონებში შეხვედრები დაასრულა, რიგით მე-10 შემაჯამებელი შეხვედრა 2 ივნისს თელავში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თელავში, კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო კახეთში სახელმწიფო რწმუნებულიც.

მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და მისი „დამაჯერებლად მოგება" იყო. აღნიშნული შეხვედრით ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაასრულა. ის 100 დღის განმავლობაში, ჯამში, 10 რეგიონს ეწვია.

რას ამბობს არჩევნებზე „ოცნება" და ოპოზიცია

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია", - განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოქალაქე მართლმსაჯულების პირისპირ მარტო არ დარჩეს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ.

"რუსული კანონის" მიღების შემდეგ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოქალაქეებში იმედგაცრუება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კანონს აპროტესტებდნენ. ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ, უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით შექმნა.

„მეც დღეს აქვს ვარ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებად იყენებდნენ და კანონს აპროტესტებდნენ, გვერდში დავუდგეთ და თავი დამარცხებულად არ ვაგრძნობინოთ. "ქართული ოცნება" ისტერიკაში და შეშინებულა, ამაზე ის ტერორიც მეტყველებს, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ვნახეთ.

„ამ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში უკვე მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის.

„დავასრულე რეგიონული ტურნე, დღეს იყო მეათე შეხვედრა. თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი რა თქმა უნდა, იყო არჩევნები, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არა მარტო რეგიონს, მთელ მსოფლიოში ვითარდება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი ამ არჩევნებზე. არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი იქნება მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას და მეორე მხრივ, არეულობას, ქაოსსა და ომს შორის. ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, ვინაიდან მეორე მხარეს ვუყურებთ, რომ არ არსებობს სხვა ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც გარანტირებულად გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას.

„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მთელი ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ, უზარმაზარი ზიანი მოუტანეს, ისევ სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობასა და ქაოსს. აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი მთელი თავისი გამოწვევებით. შიდა სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს რეგიონში არსებული სიტუაცია, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რა სტრატეგიას აირჩევს არჩევნებისთის „ოცნება" და ოპოზიცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ძირითადი საკითხი ორივე მხარისთვის იქნება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

„მემგონი აქცენტების კონტურები უკვე იკითხება, ამ კანონმა ეს კონტურები კიდევ უფრო გამოკვეთა. ალბათ ოპოზიცია ისევ კანონზე დაყრდნობით იტყვის, რომ ამ ხელისუფლებას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, რასაც ხაბეიშვილი ეძახდა - „რუსული ოცნება", „რუსული ოცნებაო", ამით ოპოზიცია ხაბეიშვილის გვერდზე დადგება.

„რაც შეეხება ხელისუფლებას, პაპუაშვილმა დღესაც განაცხადა ამ ტიპის მოსაზრება, რომ ოპოზიციის მოქმედებების უკან სხვა ქვეყნების გავლენა იკითხებაო. ფაქტიურად ორივე მხარე სხვა ქვეყნების გავლენაში დაადანაშაულებს, უბრალოდ ფორმები იქნება სხვადასხვა, თორე ძირითადი პოლიტიკური საბრძოლო თემა, ალბათ სხვების გავლენებზე ორიენტირება იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საყვარელიძემ იმ საკითხზეც ისაუბრა, თუ რა კონფიგურაციებით შეიძლება წარსდგნენ ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნოდ - „ოცნება" „ხალხის ძალასთან" ერთად, თუ ცალკე და ოპოზიცია ერთიანი სიით, თუ ჯგუფებად.

„ქართული ოცნება" „ხალხის ძალასთან" ერთად ახლაცაა. მეეჭვება „ხალხის ძალა" ცალკე გაუშვან, რადგან ალბათ ბარიერის გადასალახ რეიტინგს ვერ აკრეფს და დაიკარგება, მეორეს მხრივ ამ გჯუფში მყოფი პოლიტიკოსები ალბათ მომავალშიც დასჭირდება „ქართულ ოცნებას" და ალბათ ერთიანი სიით იქნებიან წარმოდგენილი.

„ჯერჯერობით ოპოზიციის გამთლიანების ლოგიკურ და ქმედით საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან რასაც ზურაბიშვილი სთავაზობს - ქარტიაზე ხემოწერებს და ა.შ. ეს დეკლარაციული ნაბიჯები თითქოს არის, მაგრამ რეალურად ასეთი ხელმოწერები და გაერთიანება არჩევნებამდე არაფერს შეცვლის.

„თვითონ ქარტიაში ჩადებული იდეები მუშაობას იწყებენ მას მერე, რაც ეს პარტიები ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში იქნებიან. პარლამენტში არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდნენ, ამისთვის ეს ქარტია არაფერს არ ამბობს და არ გამოდგება",- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ უამრავ აქციას ელოდება ორივე მხრიდან.

„უამრავ აქციას ველოდები, თან ახლა ზაფხულია, მხარეები დაისვენებენ და შემდგომაზე დასვენებულები, გაცილებით ენერგიულად ჩაატარებენ აქციებს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარე",-განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, თუ რამდენად ცივილურ ვითარებაში ჩაივლის არჩევნები.

„მთავარი პრობლემა ისაა თუ რამდენად ცივილურ ვითარებაში ჩაივლის არჩევნები. მგონია, რომ ამომრჩეველთან ოპზიციის ყოველი შეხვედრა „ტიტუშკების" მისევით და კრიმინალების გამოყენებით იქნება.

„ოცნების" წინაასაარჩევნო ორიენტაცია შემდეგი იქნება - ხალხი ისევ დაარწმუნონ, რომ თითქოს საქართველო ომს „ქართულმა ოცნებამ" ააცილა, მშვიდობა მოიტანა. პირველ რიგში შავ პიარს ააგორებენ, იტყვიან, რომ თუ „ნაციონალები" დაბრუნდნენ, ისევ დაიწყება ხალხის წამება და ამიტომაც ეს ძალა ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა დაბრუნდეს.

„ოცნებას" მოსახლეობის წინაშე არაფერი სათქმელი არ აქვს და მგონია, რომ შავ პიარზე ააგებენ კამპანიას. ძირითადად კანონის გარშემო იქნება აგებული, რომ ვინც გვაკრიტიკებს ყველა აგენტია. კანონის ძირითადი მიზანიც საინფორმაციო ომის წარმოება იყო, დღეს ხალხის მორალურად განადგურება ხდება, რომ ვინც მათ აკრიტიკებს, ყველა კოლექტიური „ნაცია" და ბუნებრივია აგენტებიც. ის, რომ თითქოს ამ კანონით მხოლოდ დეკლარაციის შევსებას სთხოვენ და მასში სხვა არაფერი არ იდო, ეს რა თქმა უნდა მითია.

„ოპოზიცია კი შეეცდება, რომ ამომრჩეველი დაარწმუნოს თავის წინასაარჩევნო პროგრამაში. ასევე ბევრი „რუსულ კანონში" გარკვეული არაა და ეცდებიან აუხსნან მოსახლეობას. მეორეს მხრივ, ისაუბრებენ იმაზე თუ რა ალტერნატივას შექმნის ოპოზიცია. ენმ-ს და „სტრატეგია აღმაშენებლის" აქცენტი ალბათ სოციალური პროგრამების მოგვარება იქნება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×