ელზა პაპოშვილი
04.07.2024

გორში გლოვაა - ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი კახა ზურაბიშვილი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა სოფელ დისველში განიცადა, რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.  

პანაშვიდზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

კახა ზურაბიშვილს ასევე მეგობრები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. თავდაცვის ძალების გარდაცვლილი თანამშრომლის სახლთან ადგილობრივები დილიდან იკრიბებიან.  

ყველას ერთი კითხვა აწუხებს, როგორ მოხდა, რომ გამოცდილმა და საკამოდ სტაჟიანმა პილოტმა ავიაკატასტროფა განიცადა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველას უჭირს. პილოტის ახლობლებს რამდენიმე ვერსია აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ზურაბიშვილი შეცდომას არ დაუშვებდა და ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა მას გულის შეტევა მოუვიდა. მეორე ვერსიით კი შესაძლოა თვითმფრინავს ტექნიკური პორბლემები ჰქონდა, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. თუმცა ამას თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.  ახლობლებს იმედი აქვთ, რომ ექსპერტიზა ყველაფერს დაადგენს და კითხვებზე პასუხი გაცემული იქნება. 

„ის საკუთარი საქმის პროფესიონალი და ერთგული იყო, კატეგორიულად უარვყოფთ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ავიაკატასტროფა მის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოეწვია. არ ვიცით, რა მოხდა. ძალიან კვალიფიციური და განათლებული პილოტი იყო. თავმდაბალი, წესიერი და თავისი საქმის უერთგულესად ვიცნობდი. ის 2008 წლის ომში მონაწილეობდა და გამორიცხულია იმაზე საუბარი, რომ მას ისეთი საბედისწერო შეცდომა დაეშვა, რომ ამას ავიაკატასტროფა გამოეწვია,“ - ამბობენ მოქალაქეები „რეზონანსთან“.

დაღუპულის ახლობლები მედიასთან საუბარში ეჭვობენ, რომ შესაძლოა დაღუპულ პილოტს ავიაკატასტროფამდე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

„ეჭვობენ, რომ შეიძლება ჯანმრთელობამ უღალატა, გულმა ან რაღაც... შემოწმებული იყოო, თვითმფრინავიც და თვითონ კახაც, სამხედროები ამბობენ. მისი მხრიდან შეცდომა გამორიცხულია. თუ მას ჯამრთელობის პრობლემა შეექმნა და ამის გამო მართვა ვეღარ შეძლო, ალბათ ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას,“ - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი. 

ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გუშინწინ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დოკუმენტაციაა ამოღებული. ამასთანავე, გამოიკითხენ მოწმეები და მოხდა საფრენი აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×