ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ტოტალური შეტევა დაგეგმეს და წამოიწყეს
გვანცა წულაია
05.06.2024

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კომპანიის გამარჯვება ოპოზიციისა და არასამთავრობო სეტქორისთვის პრობლემა აღმოჩნდა. ეს ხალხი, ისე როგორც ყველაფერს, ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სანციებისა და კორუფციის ბრალდების ქვეშ მოაქციეს და  ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ჩართვას პოლიტიკური სარჩულიც მიაკერეს. 

საქართველოსთვის სტრატეგიული ობიექტის აშენება, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველანაირი მცელობაა იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გაშავდეს" და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩავარდეს, ისე, როგორც არაერთხელ მომხდარა. 

ჩინური კომპანია ხან სანქციების ქვეშ მოქცეულად შერაცხეს, ხანაც კორუფციაში დაადანაშაულეს. მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პორტის ინვესტორის შესახებ აქვეყნებს მიმოხილვას, რომლის თანახმადაც China Communications Construction Company Limited (CCCC) მსოფლიოს მასშტაბით კორუფციისა და საეჭვო ფინანსური ოპერაციების არაერთ გახმაურებულ შემთხვევაში იყო ჩართული.

„2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის კონსოლიდირებული სანქციების სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, მათ შორის პორტების, აეროპორტების და ა.შ. CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია აშშ-ის OFAC-ის სიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო მოხვდა. აშშ-ის შეფასებით, კუნძულების მშენებლობით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა.

ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა. ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიმოხილვაში. 

ტყუილებით სავსე მიმოხილვად აფასებენ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ დასკვნას „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, დასკვნა ეშმაკურად არის შემუშავებული. 

„შეფასებები, რომელიც ბრალდების სახით ისმის, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და ბრძოლის იარაღია. თავად ჩინეთის საელჩომ განაცხადა და დეტალურად დაასაბუთა, რომ აღნიშნული კომპანია არ არის სანქცირებული და არანაირი შეზღუდვა არ აქვს მუშაობაში. 

"საერთაშორისო გამჭირვალობას" დასკვნა ეშმაკურად აქვს გაკეთებული. სათაურში წერია, რომ ჩინური კომპანია დასანქცირებულია აშშ-ს მიერ, მაგრამ თავად ტექსტში უწერიათ, რომ ფაქტორბრივად, დასანქცირებულია. ეს ხომ უნდა დაასაბუთონ და  რადგან ასეთი ოქმი სინამდვილეში არ არსებობს, შესაბამისად, ვერ დაასაბუთეს, ამიტომ ტექსტში უწერიათ, რომ კომპანია ფაქტიურად დასანქცირებულია. ანუ უკვე ტყუილი და დეზინფორმაცია გაავრცელს. 

დასკვნაში ასევე უწერიათ, რომ ჩინური კომპანია ოფიციალურად დასანქცირებული არ არის, მაგრამ მას აშშ-ში ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, ამერიკის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. მინდა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ეს ისედაც ასეა. ამერიკაში ვერც ერთი მსხვილი კომპანია, განსაკუთრებით ჩინური, როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ვერ დაიწყებს მოქმედებას, თუკი არ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება.  

მართალია, საერთაშორისო გამჭირვალობა ატყუებს ხალხს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ აშშ ბოლო 30 წელია კოლოსალურ თანხას ხარჯავს ჩინეთის შემსწავლელ მეცნიერებაში. ამერიკა ჩინეთს თავის მეტოქედ აღიქვამდა ჯერ კიდევ 30 წლის წინ. აშშ-ს პოლიტიკა შორსმჭვრეტელია და მათ იცოდნენ, რომ ჩინეთი ადრე თუ გვიან აუცილებლად წამოიწევდა წინ, როგორც მსოფლიოს ახალი ლიდერი სახელმწიფო. ამიტომ, მათ ამის შესწავლა ჯერ კიდვე ათეული წლების წინ დაიწყეს. საერთაშორისო დასკვნიდან კიდევ ერთხელ ჩანს მიზანმიმართული და მტრული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ ქართული ოპოზიცია და ამერიკა ებრძვის არა რუსეთს, არამედ ჩინეთს. რუსეთთან აშშ-მ იცის ვაჭრობის ენა, მაგრამ ჩინეთი ახალი თემაა მსოფლიოსთვის. 

ბრალდებებთან დაკავშირებით სახელმწიფომ არაერთი განცხადება გააკეთა. მათ შორის ჩინეთის საელჩოშიც ითქვა, რომ კომპანია არანაირად არ არის სანქციების ქვეშ. როგორც ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა, დასავლურ კომპანიებს და  ჩვენს არასამთავრობოებს არ აქვთ პროექტის განხორციელების სურვილი და პირდაპირ უნდა თქვან, რომ პრობლემა არა ჩინური კომპანიაა, არამედ ანაკლიის პორტის არსებობის წინააღმდეგები არიან.

„ჩინური კომპანიის წინააღმდეგ პირველად ვინც დაიწყო შავი პიარი ეს არის  პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“, თავისი ლიდერებით, რომელბმაც, თავის დროზე, ჩაადგეს ანაკლიის პროექტი. ანაკლიის კონსრუციუმს, რომელიც მამუკა ხაზარაძის კონტროლის ქვეშ იყო, სახელმწიფოსგან ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა. იმისათვის, რომ პროექტი არ ჩავარდნილიყო, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე, მეტსაც გეტყვით, „დარღვევებზეც“ კი წავიდა. იურიდიულად არაფერი არ დარღვეულა, მაგრამ მაშინ, როცა ტენდერი სრულდება, კონკრეტული კომპანია იმარჯვებს და ამის შემდეგ გამარჯვებულის სასიკეთოდ და ხელშესაწყობად ხელშეკრულების პირობების მრავალჯერ შეცვლა ხდება, ეს წარმოუდგენელია. 

მილიარდ ნახევარ დოლარს ჩვენ, მოსახლეობას, გვთხოვენ. ჩვენი გადასახდელი იქნება, სახელმწიფომ დავა რომ წააგოს. მოქალაქეებს რა დანაშაული გვაქვს ხაზარაძესთან და მის კონსორციუმთან? არაფერი! ამ ყველაფრის შემდეგ ეს ხალხი რა სინდისით და ნამუსით იღებს საერთოდ ხმას ანაკლიაზე?!

თვითონაც აღიარეს, რომ „ლელოს“ ლიდერიც აპირებდა ჩინური კომპანიის შემოყვანას. მანამ, სანამ ხაზარაძეს კონტრაქტს შეუწყვეტდნენ, დასავლეთიდან, კერძოდ ამერიკიდან, კაპიკი ვერ შემოიტანა. დასავლეთს, მათ შორის ამერიკას, არ ჰქონდა სურვილი, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. როცა შენი კომპანია არ მონაწილეობს და სურვილს არ გამოთქვამს, ესე იგი, არ აქვს სურვილი პროექტი განხორციელების. ახლაც, როცა მთავრობამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, არ მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ.  

2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაზრდილია სარკინიზო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპისკენ და ვეროპიდან ჩინეთისკენ, რუსეთის გავლით. არავინ ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. გადაზიდვები ჩვენი დანიშნულება და ფუნქცია, რაზეც უარს ვერ ვიტყვით. თუ უარს ვიტყვით და ანაკლიის პორტი არ აშენდეება, ვინ დარჩება მოგებული? რუსეთი, რა თქმა უნდა. 

ტენდერში მიეღო მონეწილეობა დასავლურ კომპანიებსაც, მაგრამ თუ არ სურთ პროექტის განხორციელება, მაშინ თქვან პირდაპირ, რომ არათუ ჩინური კომპანიის, არამედ ანაკლიის პორტის წინააღმდეგები არიან. თქვან პირდაპირ, რად უნდა შემოვლითი გზებით საუბარი. თუ აწყობთ ანაკლია, მაშინ თქვან, რომ თავადაც მიიღებენ მონაწილეობას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ამირან სალუქვაძემ და დასძინა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყება. 

„ამ ჭიდილში ჩვენ წლები დავკარგათ. მამუკა ხაზარაზეს რომ არ ჩაეგდო საქმე, ახლა ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო გახსნილი. ამჯერად რასაკვირველია დაიწყება მშენებლობა, თანაც ძალიან მალე - ზაფხულში. არა უბრალოდ ლენტის გაჭრით, სიმბოლურად და ხელმოწერებით, არამედ რეალურად დაიწყება მშენებლობა, რასაც მთელი მსოფლიო ნახავს. პორტი სჭირდება საქართველოს, ამიტომ აუცილებლად აშენდება“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×