რეზონანსი
28.06.2024

დეპუტატი ქალების რეგიონებში სიარული და ხალხთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანია არ არის, ეს არის საინფორმაციო კამპანია, მათ შორის მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „რეზიუმეში" ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების რეგიონებში ვიზიტი და ხალხთან შეხვედრა, რადგან რეგიონები ყველაზე მეტად არის „ბინძურ სახელისუფლებო დეზინფორმაციულ წუმპეში".

„რეგიონებში პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანებამდე საკუთარი კონტაქტი ძალიან კარგად მიიტანონ, ამას პირველ რიგში, ჩემი ჩათვლით ვამბობ. მე არ ვარ კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში პოლიტიკოსების ნაკლებობა არის. ეს მათთვისაც უსაფრთხოების საყრდენი შეიძლება იყოს ვინმე პოლიტიკური ლიდერი. ცვლილებების მომხრე ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ელოდებიან, როდის იქნება ოპოზიციის მხრიდან საბოლოო კონფიგურაცია, რათა თვითონაც ჩამოყალიბდნენ. ხელისუფლების ამ ბინძური პროპაგანდის წუმპეს განსაკუთრებით რეგიონი ისრუტავს, რადგან იქ სამთავრობო არხები უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ადამიანებს კითხვები მაინც აქვთ. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით საუბარი. დეპუტატი ქალების რეგიონებში სიარული და ხალხთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანია არ არის, ეს არის საინფორმაციო კამპანია, მათ შორის მოსახლეობის წინაშე ანგარიშის ჩაბარება - რა გავაკეთეთ, რატომ არის ევროპა მნიშვნელოვანი. გვქონდა ძალიან კარგი საინფორმაციო ბუკლეტები რუსული კანონის შესახებ.

ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, რატომ ქალები? ჩვენ ამ პარლამენტში ქალებს, მიუხედავად სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმებისა, კარგად გამოგვდიოდა თანამშრომლობა. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს შარშანაც და წელსაც. მოსახლეობაში ქალი პოლიტიკოსების მიმღებლობა არის ძალიან მაღალი და პოზიტიური. ამიტომ, ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა რეგიონების მოსახლეობასთან არ იქნება ერთჯერადი და აუცილებლად გაგრძელდება",-განაცხადა დეკანოიძემ.

წამყვანის კითხვას, რას ფიქრობს პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაზე პარლამენტში, სადაც მან წლიური ანგარიში წარადგინა, დეკანოიძემ უპასუხა, რომ ეს ანგარიში იყო ფარისევლობა და კობახიძეს ამით ახალი არაფერი უთქვამს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პრემიერი ევროკავშირს აგინებს და ბიუჯეტის ფულით ბერლინში ძვირადღირებულ ვოიაჟებს აწყობს.

„მე არ მივანიჭე დიდი მნიშვნელობა მის გამოსვლას იმიტომ, რომ მას ანგარიშში არაფერი უთქვამს ახალი. ეს იყო ყალბი, ფარისევლური ანგარიში, იგივე „გლობალური ომის პარტია", რადიკალები, ცალ ფეხზე დგომა, სუვერენიტეტი - ეს ხომ ყველაფერი ფარისევლობაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ ევროკავშირს აგინებენ, ლანძღავენ და შემდეგ ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ქირაობენ დარბაზს, იქვე ცხოვრობენ, ჭამენ, სვამენ, აწყობენ ფურშეტებს, თავისივე ელჩებს მასპინძლობენ, არ იყო ამბასადორიალი დანიშნული და სასწრაფოდ დანიშნეს. მე ზუსტად ვიცი, რა ღირს იქ საკონფერენციო დარბაზის დაქირავება. ბიუჯეტის ხარჯზე დადიოდნენ და მარტო კი არ წავიდნენ, საპარლამენტო მანდატურებიც კი წაყვანილი ჰყავდათ, პრესსამსახურის წევრები და ვინ აღარ. დაესწრნენ ფეხბურთს, მოიარეს იქაურობა და ამას აკეთებენ ჩვენს ხარჯზე. ამიტომ, დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობა და მასკარადი. ამ ადამიანს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ ესაუბროს საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×