რეზონანსი
14.11.2025

რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა. საუბარია ბრიფინგზე, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდან ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის ტექსტიც, აქტივისტმა ლევან ჯობავამ, 10 წუთის შემდეგ ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხა.

შარმანაშვილი ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.

„ერთი სამარცხვინო საქციელი ხომ ის არის, რომ უცვლელად წაიკითხეს იქიდან გამოგზავნილი ტექსტი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აბსოლუტურ მორჩილებაში არიან, მაგრამ მეორე სამარცხვინო საქციელია ის, რომ ოღონდ ბრიუსელს მოარიდონ ახლა ეს ყველაფერი, აცხადებენ თითქოს თვითონ არიან ამის ავტორები; ერთი ამბობს, რომ მე დავწერე ტექსტიო, მეორე ამბობს, სასვენი ნიშნები მე დავუსვიო, მესამემ რედაქტირება მე გავუკეთეო. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, მაგრამ ყველა აგენტის ბედი ასეთია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის მიერ ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×