რეზონანსი
14.11.2025

პირობა დარღვეულია - სამშობლოდან საქართველოში კონსულტაციებიდან დაბრუნებული გერმანიის ელჩი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და ოპოზიციის მომხრე აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტიც, გერმანიის ელჩმა ფოტო გადაიღო მამუკა ცუცქირიძესთან - პირთან, რომელიც აქტიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს.

რადგან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული სიტყვა სიტყვად დარჩა და ელჩი კვლავ ღიად უცხადებს მხარდაჭერას ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინისგან, დიპლომატის ქმედებების გამო, ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ვიდრე გერმანიის დიპლომატიური უწყება ოფიციალური თბილისის კითხვებს პასუხს გასცემს, პიტერ ფიშერს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოში" პროვოკაციას ელჩის ქმედებების მიღმა ვერ ხედავენ. პირიქით, მის გადაწყვეტილებებს მიესალმებიან და ამბობენ, რომ ფიშერი გერმანიის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

მმართველ გუნდში დიპლომატის ქმედებებს ე.წ. დიფ სთეითის მისწრაფებებსა და გეგმას უკავშირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოვან მმართველებს სურთ, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა დაეძაბოს. ამ თემაზე საუბრის დროს, ქართველ კანონმდებლებს მაგალითად კონკრეტული ევრობიუროკრატების ქმედებები მოჰყავთ. იხსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორისაა - ბრიუსელის უსაფუძვლო კრიტიკა, რადიკალიზმის წახალისება, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციაზე მისვლა და დიპლომატების მხრიდან იმავე ოპოზიციისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.

ელჩის ქმედებები არ უკვირთ საპარლამენტო ოპოზიციაში. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ფიშერს შეუძლია, იქ მივიდეს, სადაც მას სურს და დაელაპარაკოს იმ ჯგუფებს, რომლებიც მისთვის საინტერესოა.

საქართველო პროვოკაციას არ წამოეგება და რჩება გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში - ამ განცხადებას აკეთებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღშფოთებული საზოგადოება პიტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს, ეს არ მოხდება, რათა ქვეყანამ კონტრპროდუქტიული შედეგი არ მიიღოს.

პიტერ ფიშერი გერმანიაში კონსულტაციებზე მას შემდეგ გაიწვიეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ელჩის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გამოავლინა. მათ შორის არის იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის ღია მხარდაჭერის გამოცხადება, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციურ ქმედებებს აანონსებდნენ. ასევე, დადასტურდა, რომ ფიშერი საცხოვრებელ ფართს ასევე ოპოზიციის ლიდერის - მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან ქირაობდა. ამ თემებზე, თბილისთან ერთად, კითხვები უკვე დაისვა ბერლინშიც - ელჩის საქართველოში საქმიანობით და მისი მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევის შესაძლო ფაქტებით გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" დაინტერესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×