თათია ჩაფიჩაძე
22.07.2014

კულუარებში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საუბრის შემდეგ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან შვიდი მინისტრი გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის და დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.

"ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში გამოვყოფდი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. სულ ახლახან ჩატარდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პირველად საქართველოს ისტორიაში გავმართეთ ძალიან დემოკრატიულად მეორე ტურის არჩევნები და ეს ტესტიც წარმატებით ჩავაბარეთ. კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა.

"ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება მთელ საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სამთავრობო ცვლილებები შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს.

"მთავრობის უკეთ მუშაობისთვის საკმარისად მიგაჩნიათ თუ არა აღნიშნული საკადრო ცვლილებები? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "სამინისტრო, რომელიც ისე ვერ მუშაობს როგორც საჭიროა, ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ყველა მათგანის საქმიანობაში კარგად ჩახედული არ ვარ, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაზე შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების გარდა მთელი უწყება შესაცვლელია.

რაღაცები ისე არ ხდებოდა, როგორც ველოდით. ვერ გეტყვით, ამ რამდენიმე სამინისტროს ძირეული ცვლილება რამდენად გამოასწორებს საერთო მდგომარეობას, მაგრამ სიტუაცია რომ გამოსასწორებელია და ტემპი რომ დასაჩქარებელია, ეს ყველამ ვიცით. ძალიან მიხარია, რომ ამას პრემიერიც ხედავს და ადეკვატურად იქცევა.

შევხედავთ და ვნახავთ, სხვებიც არიან თუ არა შესაცვლელები. იმედი მაქვს რომ ეს ცვლილებები ქვეყანას გარკვეულწილად დაეტყობა.

 რევაზ მიშველაძე (რეჟისორი): "ცვლილებებთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის პოზიციას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგანაც, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სულ სხვა სოციალურ-პოლიტიკური წონასწორობაში გადავიდა, ამის გამო ბევრ რამეს გადახალისება სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი კაცი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში ტელეფონს პასუხობს, დავით ნარმანიაა, თუნდაც ამ თვისების არქონის გამო ჩვენი არაერთი მინისტრის სახლში გაშვება ღირდა. აუცილებელია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. "ქართული ოცნების" მოსვლიდან ორი წლის შემდეგ ეს უკეთესობა უფრო საგრძნობი უნდა გახდეს. ვნახოთ, რა შედეგი მოჰყვება.

 გიგა ნასარიძე (არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება): "იმისთვის რომ მთავრობამ კარგად იმუშაოს, თავის პრემიერ-მინისტრიანად უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში ისევ უნიათო მინისტრები დაინიშნებიან და ისევ ისეთ პოლიტიკას გაატარებენ, როგორსაც აქამდე ატარებდნენ.

ისეთ მინისტრებს, რომლებიც შეცვლას მართლა საჭიროებდნენ, პრემიერმა გაშვება ვერ შეჰბედა და ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის განახორციელა.

ვიცით, რომ ბიუჯეტი არ შესრულდა და ფინანსთა მინისტრი უნდა შეცვლილიყო, ვიცით, რომ კრიმინალმა მკვეთრად იმატა და შსს მინისტრი შესაცვლელი იყო. ვიცით რამხელა სკანდალები ხდება პროკურატურაში და იუსტიციის მინისტრიც უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. მოხდა ისეთი მინისტრების შეცვლა, რომელთა საქმიანობის შესახებაც ბევრმა აქამდეც არაფერი იცოდა."

 ლაშა ბაქრაძე  (ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი): ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მინისტრის შეცვლა იყო საჭირო. რაც მთავარია, მინისტრების მისვლამ სამინისტროებში გარკვეული ცვლილებები უნდა გამოიწვიოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."

 

 

 

 ავთანდილ სულაბერიძე (დემოგრაფი): "მიმაჩნია, რომ მეტი მინისტრის შეცვლა შეიძლებოდა, თუმცა პრემიერს მუშაობის განსხავვებული სტილი აქვს, შესაძლოა, ზოგისთვის ეს ცვლილებები გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს.

მე რამდენიმე მინისტრის საქმიანობით უკმაყოფილო ვარ, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საერთოდ საკითხავია, ეს მინისტრი საჭროა თუ არა მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი დეპარტამენტის მუშაობა ამისთვის საკმარისი იქნებოდა. ვფიქრობ, მინისტრების შეცვლასთან ერთად სამინისტროების შეკვეცაც არ იქნებოდა ურიგო.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×