ლიკა ამირაშვილი
21.01.2015

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, გუშინ საკუთარი შვილის საფლავთან მომხდარი აფეთქებისას იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძის თქმით, ეს არის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც კაცი ნაღმზე თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს, რაზეც პასუხი დღევანდელმა მთავრობამ უნდა აგოს.

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, თუმცა არწმუნებს საზოგადოებას და გარდაცვლილის ახლობლებს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩაივლის და იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ბრალეულობა არსებობს, აუცილებლად დადგინდება.

სიმართლის გარკვევის მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაიწელა - ასე გამოეხმაურა ტრაგედიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს.

თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი იური ვაზაგაშვილის დაღუპვაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გოგი თორაძე, რეჟისორი: როცა ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ხელსუფლების მისახედი და მოსაგვარებელია. როდესაც ქვეყნაში ტერორის მცდელობაა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მის აღმოსაფხვრელად. ძალიან დიდი ტრაგედია, საშინელება მოხდა.

 

 მერაბ კოკოჩაშვილი,  რეჟისორი: ამის თქმა ძალიან ძნელია, ვინ არის პასუხისმგებელი, მაგრამ ის, რაც მოხდა, სრულიად შემაძრწუნებელი ამბავია. აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. საიდან, როგორ - არ ვიცი, მაგრამ ვინც ამ საქმესთან დაკავშირებული იყო თავის დროზე, ალბათ ახლაც მათი ბრალია ეს ყველაფერი.

 

 

 

 ედიშერ გვენეტაძე,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: აბსოლუტური სიმართლეა, რომ ხელისუფლება არის ამაში დამნაშავე, ვინაიდან ამდენი ხნის მანძილზე მან ვერ შეძლო, ისეთი გახმაურებელი საქმეების, როგორიცაა - რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვების მკვლელობა. დამნაშავეები სათანადოდ დაესაჯათ, ის, რაც დღეს მოხდა, არ მოხდებოდა. ამავე დროს მინდა ვთქვა, ეჭვი არსებობს, რომ ეს გაკეთებულია იმ ხალხის მიერ, რომელსაც 9 წლის მანძილზე ქართველი ხალხი ტერორსა და უბედურებაში ჰყავდა.

 რეზო მიშველაძე, მწერალი:  ძალიან სამწუხარო ამბავია. ძალიან დიდი ცოდვა უნდა დავიდო სულზე, რომ ავდგე და ასე ხელაღებით ვთქვა, ვინ არის პასუხისმგებელი ვაზაგაშვილის საქმეში. მიმაჩნია, რომ დამნაშავე არის ის, ვისაც ვაზაგაშვილის სიკვდილი ხელს აძლევდა.

ჩვენ ვართ დამნაშავენი, მთელი საქართველო, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში გააჭიანურა და ნათელი არ მოჰფინა - რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და ჟვანიას მკვლელობას. არ არსებობს საქმე, რომლის გამოძიებაც არ შეიძლებოდა, თუნდაც 10 წლის განმავლობაში.

 იგორ კვესელავა, პოლიტოლოგი:  ძნელი სათქმელია, ვინ არის პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში და ახლაც ვერ მოხერხდა სრულყოფილი საგამოძიებო მუშაობის ჩატარება. წლების მანძილზე დაწყებულმა პროცესმა ვერ მიიღო დასრულებული ხასიათი, კითხვებს პასუხი ვერ გაეცა. მე ვერ გეტყვით პირდაპირ, რომ ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულწილად ამის რაღაც ნიშნები შეინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×