სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    01.04.2017

    სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, ასევე რუსუდან კერვალიშვილი თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პროცესს არ ესწრებოდა მაია რჩეულიშვილი, რომელიც სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით უკვე დაპატიმრებულია.

    "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის ახლობლების უკმაყოფილება, დაზარალებულების მხრიდან კი ტაში მოჰყვა.

    მოგვიანებით ოჯახის ახლობლებსა და დაზარალებულებს შორის სასამართლოს ფოიეში სიტყვიერი შელაპარაკება და შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის განმუხტვაშიც სასამართლოს მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.

    "დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს, ვინაიდან "ცენტრ პოინტში" საქმის გამკეთებლები აღარ დარჩნენ", - ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი, რომელიც აცხადებს, რომ განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება.

    სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს-მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მათ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

    სამართლიანია თუ არა "ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "რამდენად სამართლიანი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მათი დაპატიმრება დაზარალებულებს ვერაფერში დაეხმარება. გამორიცხულია, რომ ერთი ადამიანი მაინც დაკმაყოფილდეს მათი დაპატიმრების ხარჯზე.

    "როდესაც მაია და გუკა რჩეულიშვილები დააპატიმრეს, მაშინვე ყველა ამბობდა, რომ თუ ისინი არ გამოუშვეს, საერთოდ დაღუპულია დაზარალებულების საქმეო. მე მესმის, რომ თუ ვინმე დამანაშავეა, სამართალი ყოველთვის უნდა აღსულდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ჯობდა, სრულიად სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო, რადგან მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები გარედან უფრო შეძლებდნენ, უბინაოდ დარჩენილებისთვის რაიმე დახმარება მაინც გაეწიათ.

    "გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილი არის უმძიმესი ავადმყოფი. როდესაც საქმე კანონს ეხება, ვიცი, არც ავადმყოფობა შველის, მაგრამ უმჯობესია, სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ადამიანებს.

    "შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოვიწონებ ამ გადაწყვეტილებას. მთელი ოჯახი ციხეშია და კომპანიის საქმის გამგრძელებლი აღარავინ არის."

     მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): "რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები სრულიად სხვა რამის გამო სამართლდებიან და არა იმის, რასაც დაზარალებულები ითხოვენ. აი, ეს რამდენად სამართლიანია, ეს არის საკითხავი.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "როდესაც საქმე პატიმრობას ეხება, რთულია, თქვა, რომ სამართლიანი და კარგია. ვიცი, რომ "ცენტრ პოინტს" ძალიან ბევრი დაზარალებული ჰყავს. ბუნებრივია, ამ ადამიანებს კანონიერი უფლება აქვთ, მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნით. მაგრამ მე ორივე მათგანს კარგად ვიცნობდი და ძალიან რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს იმის თქმა, რომ ვინმეს პატიმრობა ეკუთვნის. კაცობრიობის წინაშე წამებაზე, ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, სისტემურ დანაშაულზე თუ იტყვი, რომ ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, თორემ როცა ფინანსურ საკითხებს ეხება, შეიძლება დაპატიმრება კანონიერია, მაგრამ ჰუმანურობიდან გამომდინარე, რთულია თქვა, რომ სწორია."

     გოგი თორაძე (რეჟისორი): "ალბათ დაზარალებულების ადგილზე უნდა დააყენო საკუთარი თავი, რომ გაიგო, სამართლიანია თუ არა. არ შეიძლება ადამიანები ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანო. ჩვენ გარედან ვუყურებთ ამას და როდესაც ქუჩაში ხარ, ბოლო კაპიკი შეგაქვს სახლისთვის, მერე კი ასეთი რამ ხდება, ძალიან ძნელია.

    "დაზარალებულებმა უნდა მიიღონ ის, რაც ეკუთვნოთ, ამ კუთხით უნდა აღდგეს სამართლიანობა. თორემ, ჩემი აზრით, არავის აქვს ინტერესი, რომ დამფუძნებლები მაინცდამაინც საპატიმროში იყვნენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter