სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი, შესაძლოა, "თავისუფალმა დემოკრატებმაც" გამოუცხადოს.
    თიკო ოსმანოვა
    15.04.2017

    როგორც პარტიის ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" მყარად იცავს იმ პოზიციებს, რომელიც მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტი კონცენტრაციის და არადემოკრატიული განვითარების მანიშნებელია. მისივე განცხადებით, მათ ამის კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს.

    "არ ვიხმარდი სიტყვას "გეგმა", მაგრამ თუ დადგა აუცილებლობა, ვფიქრობ, ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენ დავტოვებთ კომისიას. ვინაიდან ის პოზიციები, რომელსაც მყარად იცავს "ქართული ოცნება", ემსახურება მმართველი ძალის კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ქვეყნის არადემოკრატიულ განვითარებას. 

    "ეს ეხება საარჩევნო სისტემას, რომელიც არის შემოთავაზებული. ეს არასამართლიანია, ძალიან დიდი ბონუსი აქვს მმართველ ძალას. ამ საკითხს ასევე ორგანულად ებმის პრეზიდენტის არჩევის წესი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    ოპოზიციის ბოიკოტირების არ ეშინიათ "ქართულ ოცნებაში" და აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს მაინც განახორციელებენ.

    "ბოიკოტის არავის ეშინია - კონსტიტუცია იცვლება კარდინალურად და იცვლება უკეთესობისკან", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

    ამართლებთ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო კომისიისადმი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): 

    "არ ვარ პოლიტიკოსი და ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს. თუმცა, მემგონი ხელისუფლებსაც და ოპოზიციასაც ბევრი ეშლება. რა გახდა ეს კონსტიტუცია ამისთანა, რომ არ დაადგა საშველი?! 

    "ბოიკოტი ყველას შეუძლია, მთავარი საქმეა. როცა უძლური ხარ, მაშინ იწყებ ხოლმე - ამას ვიზამ, იმას ვიზამ... ასე რომ, ბოიკოტი კი არა, დასხდნენ და იმუშავონ."

     ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): 

    "რა თქმა უნდა, ვამართლებ. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და მთლიანად კონსტიტუცია როგორც სააკაშვილის "ნაციონალურმა" ხროვამ მოირგო თავის ტანზე, ანალოგიურს ახორციელებს "ქართული ოცნება". ასე რომ, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთი და იგივე მახინჯი ფორმებით ცდილობს საქართველოს უმაღლესი კანონის თავის პოლიტკურ ტანზე მორგებას. ეს არის სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი."

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): 

    "ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, თუ საპირისპირო მხარე არ დაიჭირა. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

    "ამდენი ოპოზიციით და ბოიკოტირებით ყველა საქმე ფუჭდება. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც მოილპარაკონ და ერთად გააკეთონ. იმ ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება, არც ოპოზიცია და არც პოზიცია არ აინტერესებს."

     რეზო მიშველაძე (მწერალი): 

    "ბოიკოტი ნიშნავს თამაშიდან გასვლას. თუ გულში მაინც უშვებდი საკონსტიტუციო კომისიიდან გასვლას, მაშინ რისთვის შედიოდი?! ყოველთვის უნდა გათვალო, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ნაბიჯს. გავიდა რამდენიმე კაცი ამ კომისიიდან, მერე რა? აი, ეს კითხვაა სწორედ თავსატეხი. 

    "მე, მაგალითად, მათ ადგილზე დავრჩებოდი და ბოლომდე ვიბრძოლებდი, რათა ჩემეული (ყოველ შემთხვევაში ისინი ასე ფიქრობენ) სიმართლე გამეტანა კომისიაზე. ახლა კი მათ ნაცვლად რჩება ცარიელი ადგილი და გადაუწყვეტელი პრობლემა.

    "ხმამაღლა ვამბობ - გასვლა საკუთარი უძლურების დამტკიცებაა და არა ძლიერების."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter