გვანცა წულაია
22.06.2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის - არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არ ყოფილა საბოლოო მსჯელობა იმაზე, მოხდება თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის 2024 წლამდე გადავადება. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ამ საკითხზე გუნდში შეთანხმებული პოზიცია ამ დროისთვის არ არის.

"ვინაიდან კითხვის ნიშნები პრეზიდენტმა დასვა და ამაზე მსჯელობა იყო, არ გვსურს, რომ ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩრდილი მიადგეს და მზად ვართ, რომ მომდევნო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს არაპირდაპირ წესზე გადასვლა.

"ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის შემოტანილი, არგუმენტის საფუძველი დაეკარგათ და ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თავად პრეზიდენტიც აღარ საუბრობს პრეზიდენტის არჩევის მოდელთან დაკავშირებით. როგორც ვნახეთ, მან ბოლოს პრეზიდენტის მანდატზე ისაუბრა და არა არჩევნების წესზე", - აღნიშნა თალაკვაძემ.

რატომ ვერ თანხმდებიან მმართველ გუნდში, როდის უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ვფიქრობ, შეუთანხმებლობის პრობლემა არ არის. საზოგადოების მოტყუებისთვის არის რაღაც კამათი. რეალურად, ყველაფერი დადგმული სპექტაკლია. სპექტაკლი, თითქოს გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ამის დემონსტრირების და არა რეალური პრობლემის გამო ხდება ეს ყველაფერი.

დღეს რომელია პარლამენტში "ქართული ოცნების" და სხვა პარტიების მხრიდან შესული ისე, რომ მართლაც არჩევის გზით იყოს მოხვედრილი. თითოეული მმართველი ძალის გადაწყვეტილებით არის მოხვედრილი, "ნაციონალური მოძრაობიდან" დაწყებული, "ქართული ოცნებით" დამთავრებული. ასე რომ, რა კამათზეა საუბარი. ყველაფერი გაბრიყვებული საზოგადოების მოსატყუებლად ხდება.

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი) : ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ. სრული საპარლამენტო რესპუბლიკა პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას ნიშნავს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მომავალ არჩევნებზე, რომელიც 2018 წელს უნდა იყოს, შესაძლებელია, ასე გაკეთდეს. ამ არჩევნებზე თუ ასე არ მოხდება, მაშინ შემდგომ არჩევნებზე მაინც უნდა გაკეთდეს. თუ ჩვენ ასე არ გვინდა, ეს სულ სხვა საქმეა.

გულახდილად რომ გითხრათ, ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, საზოგადოებას არ აინტერესებს, პრეზიდენტი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. ეს მთავარი თემა არ არის. ხალხს აინტერესებს, როგორ იქნება უმუშევართა საკითხი, ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში წესრიგი.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): ეს შეუთანხმებლობა პრეზიდენტთან თუ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით იქნება, სინამდვილეში ერთგვარი თამაშია. მოსინჯონ, რას აიტანს და ჩაყლაპავს საზოგადოება. სამწუხაროდ, საზოგადოება ბევრ რამეს ყლაპავს.

საქართველოში არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ კონსტიტუციური დიქტატურა მივიღოთ. სხვა დანარჩენი არის პროცესი, რომელსაც ჰქვია ნიადაგის მოსინჯვა, რამდენად გადავიტანთ ამ უგუებელ საქციელს, რომელსაც სინამდვილეში კონსტიტუციური დიქტატურის დამყარება ჰქვია.

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): პრეზიდენტის არჩევის წესი პირდაპირპროპორციულია პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან. როდესაც პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციით განუზომელი ძალაუფლება და ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ სფეროსაც, მაშინ მისი არჩევა საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით სრულიად გამართლებული იყო.

ახლა, როდესაც ჩვენ საპარლამენტო წყობილებაზე გადავედით, არ არის აუცილებლობა იმისა, რომ პრეზიდენტი ძველებურად საყოველთაო კენჭისყრით იქნეს არჩეული. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ხომ არ შეიძლება, ამ არჩევნებს გადავყვეთ.

საყოველთაო არჩევნები ძალიან დიდი ფუფუნებაა. მოითხოვს უზარმაზარ სახსრებს, ენერგიას, დროს და შედეგად შეიძლება ხელისუფლებაში ისეთი კაცი გაძვრეს, როგორი პრეზიდენტიც არაერთხელ გვინახავს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რადგან არჩევნები ძალიან ხშირად მასის შეცდომაში შეყვანით ხდება. ასე, რომ მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ახალი წესით არჩევას და არა საყოველთაო პირდაპირი არჩევნებით.

შეუთანხმებლობაც აქედან გამომდინარეობს. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შეკვეცა პრეზიდენტობის ინსტიტუტის დაქვეითებას გამოიწვევს. ამიტომ აქედან უმრავლესობის მიმართ ბრალის დადება მოდის, პირადად არ მოგწონთ ეს პრეზიდენტი და ამიტომ პრემიერ-მინისტრზე აგებთ ამ საარჩევნო წესსო.

მგონი, ასე არ არის. მათი შეუთანხმებლობა მათი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ პარტიების წარმომადგენლების ერთ ნაწილს, ოპოზიციაზე მოგახსენებთ, დიდი ჯავრი არ აქვს არც პრეზიდენტის და, საერთოდ, არც საქართველოს მომავლისა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×