სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    08.09.2017

    საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინამ 26 ივლისს მოქალაქეობა ჩამოართვა, აცხადებს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრებს გადაკვეთს.

    საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინა დაინტერესდა, ძალაშია თუ არა საქართველოს მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

    "უკრაინულმა მხარემ წერილით მოგვმართა, სადაც შეკითხვა დასვა, რომ ის 2014-2015 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ თავის დროზე მიიღეს, იყო თუ არა დღეს ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით, იგივე დოკუმენტები გადაიგზავნა, რაც ადრე იყო გაგზავნილი. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს მოთხოვნა განახლებული აქვს. რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ სამართლებრივი ინტერესი კვლავ ძალაშია, უკრაინაში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა წულუკიანმა.

    თქვენი აზრით, ამ სიტუაციაში შეძლებს თუ არა სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანძე არქიტექტორ-ურბანისტი): იმდენი მოქმედი ფაქტორია, ძნელი გასარკვევია - უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტის ურთიერთობა ჩვენს ყოფილ პრეზიდენტთან, საქართველო-უკრაინა, ისეთი სამკუთხედი ტრიალებს, რომ ძნელი გასარკვევია. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, სააკაშვილი უკრაინაში ჩავა თუ არა, ნაკლებად მაინტერესებს. მაინტერესებს ის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს და იმ კითხვებს ღირსეულად უპასუხოს, რასაც ქართული მართლმსაჯულება დაუსვამს. ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ეს უნდა იყოს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში პრეზიდენტად ვინ გვყავდა, საბოლოოდ უნდა ვიცოდეთ.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):ეს, რა თქმა უნდა, დიდი პროვოკაციაა. მას, ერთი მხრივ, იმიტომ უნდა ჩასვლა, რომ ერთი ამბავი ატყდეს. მეორე მხრივ იმიტომ, რომ ისევ რაღაცნაირად გამოცოცხლდეს და აქტუალური გახდეს. უკრაინასა და საქართველოს კანონის სიტყვის გათვალისწინებით, ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნები აქვთ. რადგან, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენთან ძებნილია, ასევე იცის უკრაინამ. ის თუ უკრაინის საზღვარს, როგორც პასპორტისა და მოქალაქეობის არმქონე პირი, გადაკვეთს, რა თქმა უნდა, მათ უფლება აქვთ, დააკავონ, ჩვენ კი ექსტრადიცია მოვითხოვოთ. მოულოდნელი არაფერი არ იქნება, არც მისგან და არც სხვებისგან.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):ბატონი სააკაშვილი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ალბათ კვლავ შეძლებს. მაგრამ მეეჭვება, უკრაინაში ჩავიდეს. უკრაინაში თუ არ შეუშვეს, ბუნებრივია, იქ პოლიტიკურ საქმიანობას ვერ გააგრძლებს. საქართველოში მით უმეტეს, როდესაც მასზე ძებნაა გამოცხადებული. მას ფართო არჩევანი აქვს, სხვაგან შეუძლია, პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს.

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი):მიხეილ სააკაშვილი თავისი ე.წ. პოლიტიკური ტრიუმფის დასასრულს განიცდის. ყველაფერი, რაც ამ გაუწონასწორებელ ქართველ კაცს სჭირს, დასავლეთის ბრალია, კონკტერულად კი - ამერიკის. ცდილობდნენ, მისგან გაეკეთებინათ პოსტსაბჭოურ მსოფლიოში დემოკრატიის შუქურა და ასეც უწოდეს. სინამდვილეში, ძალიან მიკვირს, ვერც გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატებმა ვერ შეძლეს, ჩვეულებრივი ავანტიურისტი და განდიდების მანიით შეპყრობილი ახალგაზრდა დაენახათ და მისი კარიერის არც ერთ კიბეზე მისთვის ელემენტარული ჯანმრთელობის მოწმობაც კი არ მოუთხოვიათ. იგი მსხვერპლია, მსვერპლი თანამედროვე მსოფლიოში არეული პოლიტიკური რეჟიმისა. თუმცა ამას თვითონ ვერ ხვდება. ყველაფერი დაამთავრა და უმჯობესია, რაიმე ჩვეულებრივ საქმეს ხელი მოჰკიდოს, პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებულს, რადგან უნიჭო კაცი არ არის და თავის რჩენა ყოველთვის შეეძლება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (14.09.2017)
    კარგი რა გეყო ტლიკინი ირმა, შედი კუხნაში, კარგი მეუღლე გყავს და მას მიხედე. პოლიტიკისგან ისე შორსა ხარ როგორც მე მარსისგან, ამიტომ ხაჭაპურების ცხობას მიჰყევი, ალბათ ეგ უფრო გამოგივა. პ.ს. პატივისცემით და სიყვარულით იმ 14 წლის გოგონას მიმართ, სკამზე დამდგარი, დიდ ბაფთიანი, რომ გვიმღეროდა და მას სახელად ირმა ერქვა.

    li   (14.09.2017)
    ბ-ო რეზო! ახალგაზრდობაში ნამდვილად გამორჩეული ბრძანდებოდით, სამწუხაროდ ასაკს უმოქმედია ,რაც თქვენს აზროვნებაში გამოიხატება. როგორ გშურთ ამ მართლაც გამორცეული პიროვნების, ხან რას უწოდებთ და ხან რას, ყველა მეცოდებით, დაარქვით პროექტი თქვე საწყლებო, დიახაც ყველა ურთულესი პროექტის განმხორციელებელი სწორედ მიშაა! თქვენ კი დითირამბები უძღვენით ქვეყნის მოღალატეებს, ბიძოსგან დაწყებული (თქვენ რომ გაფინანსებთ და მონა-მლოკავებად გადაგაქციათ), ულუკამდე დამთავრებული. მე რომ მკითხოთ ნამდვილად წარსულში დარჩით, სწორედ ამიტომ ხართ ჩასარეცხები!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter