სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    09.09.2017

    რამდენად გამართლებულია ის, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი მერობის 61 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ორია? მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი" "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი 61 მერობის კანდიდატიდან 59 მამაკაცია და მხოლოდ 2 - ქალი.

    ამავე ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და ამასთან, 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან, მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

    რამდენად გამართლებულია ის, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი მერობის 61 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ორია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ცოტა არ მომწონს ეს ამბავი. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ქალები და კაცები 50/50-ზე ბალანსით უნდა იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ 2 ძალიან ცოტაა. თან მაშინ, როცა ქალებს ძალიან კარგად შეუძლიათ მართვა და საქმის კეთება."

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ქართულ ოცნებას" როგორც სჩვევია, ამაშიც არასასურველ ორიგინალურობას იჩენს და გენდერულ ბალანსს საერთოდ არ იცავს. რა თქმა უნდა, მიუღებელია იმიტომ, რომ, როგორც ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ გარკვეული ბალანსის დაცვას. მე ვფიქრობ, სასურველია, რომ ქალთა პროცენტი მეტი იყოს, მათ შორის - საარჩევნო სიაში."

     

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): "ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მოთხოვნა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, არც ქალი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და არც კაცი. ამაში მოსახლეობის 80% მაინც დამეთანხმება. ამიტომ ეს საკითხი ჩემთვის საერთოდ არ არსებობს. მე ვფიქრობ, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია ის ქალი, რომელიც რაღაცის შეცვლას ცდილობს. დანარჩენს ვერავის დავასახელებ, გინდ ქალი იყოს და გინდ - კაცი, ორივე ერთნაირად ეკიდება მოვალეობას."

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართევლო არ იყიდება"): "ქალების როლის წამოწევა პოლიტიკაში სახელმწიფო ცხოვრების განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მმართველ ძალას რატომ ჰყავს ასე ცოტა ქალი წარმომადგენილი, არ ვიცი, ამის უკან შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზი დგას, მაგრამ ზოგადად ვისურვებდი, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter