სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    10.10.2017

    ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ ნატოს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობას.

    ამის შესახებ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიიღეს.

    დოკუმენტის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ ტერიტორიების მილიტარიზაციის გამო, გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის მიერ ნატოს ასპირანტი და ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მსურველი მეზობლების დაშინებისა და დესტაბილიზაციის მცდელობას.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას "სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში".

    იქონიებს თუ არა გავლენას ნატოს მორიგი რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): აშშ თავის პრინციპებს არ ღალატობს და ნებისმიერი პრეზიდენტი ერთ პოზიციაზეა საქართველოსთან მიმართებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია. ასევე, ძალიან სასიამოვნოა, რომ აშშ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, მხარში დაუდგნენ საქართველოს.

    თუმცა დროში ძალიან გაიწელა ეს პროცესი. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენს თავს ვუსურვოთ, არის ის, რომ მეტი მოთმინებით და სიფრთხილით ვიყოთ რუსეთთან. იმიტომ, რომ ასეთი შეგონებები მოსკოვისთვის არაფერს ნიშნავს. თუ მას რამის პროვოცირება უნდა, ისედაც გააკეთებს, ყოველგვარი "შეშფოთების" გარეშე.

    მახარებს, რომ აშშ-ის პოზიცია პერმანენტულია, მაგრამ ამავე დროს დიდ იმედს არ ვამყარებ, რადგან ორი ათწლეულია ეს გვესმის და ჯერჯერობით სადაც ვიყავით, იმ წერტილზე ვართ გაჩერებული.

     ქეთი ბექაური (იურისტი): ჩემი აზრით, ეს რეზოლუცია კიდევ უფრო დააჩქარებს დანარჩენი ქვეყნების ძალისხმევას, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

    ეს იქნება ერთგვარი შემაკავებელიც რუსეთის მხრიდან რამე დამატებითი აგრესიის. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა საქართველოსთვის იმ გზაზე, რასაც ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ჰქვია.

     

     

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): რუსებს ამ მხრივ არანაირი სინდის-ნამუსი არ აქვთ და არანაირად არ იმოქმედებს მათზე ეს რეზოლუცია. ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით.

     

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ამ რეზოლუციამ, არა მგონია, რუსეთის პოლიტიკაზე იმოქმედოს, თუმცა ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ნატოს წევრ ქვეყნებზე და მართლაც დააჩქარონ საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

    თორემ რუსეთი ამაზე გადაირევა და ჯარებს გაიყვანს-მეთქი რომ გითხრათ, ამის იმედი არც მე მაქვს და არც არავის. თუმცა ეს რეზოლუცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოს წევრმა ქვეყნებმა იქნებ სხვა თვალით შემოგვხედონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter