სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    03.02.2018

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები "ამნისტიის შესახებ" 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    "ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ "გირგვლიანის შესწორებების" ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მარგველაშვილი ცდილობს, აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას.

    "კონკრეტულად გირგვლიანის საქმეზე ცხრა მაღალი თანამდებობის პირია მიცემული პასუხისგებაში. არათუ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფო შეუვალი იქნება ასეთ დანაშაულში მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ, ამიტომ განცხადება გამოძიებაში დახმარებაზე პრეზიდენტის მხრიდან არის სპეკულაციური. ის ცდილობს, აქცენტი სხვა საკითხებზე გადაიტანოს და დაავიწყოს საზოგადოებას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად ამტკიცებდა სააკაშვილის უდანაშაულობას", - აღნიშნა მდინარაძემ.

    უნდა დაითხოვონ თუ არა საჯარო სამსახურიდან სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ იმ რიგით ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც ზემდგომების განკარგელაბებს ასრულებდნენ, მათი დათხოვნა უსამართლობა იქნება, ხოლო თუ არიან ისეთი დამნაშავეები, რომლებსაც სერიოზული დანაშაული აქვთ, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს."

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "სისტემურ დანაშაულში ადამიანი წლების განმავლობაში რომ მონაწილეობდა და თავს კარგად გრძნობდა, ის დღეს ახალ საქართველოს შენებას არ გამოადგება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უნდა დაითხოვონ ან თავად წავიდეს".

     

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "ამაზე პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს, არაკორექტული იქნება. მსუბუქად რომ ითქვას, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა იქნებოდა საჭირო, რადგან, ჯერ ერთი, უნდა დადგინდეს, რომელ სისტემურ დანაშაულზეა საუბარი, ვინ არიან ამის ჩამდენი პირები და შემდეგ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს.

    "თუ ზოგადად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ ვინმემ სისტემური დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, გენოციდი, რა თქმა უნდა, ამის ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს და ის პირებიც, ვინც სისტემურ დანაშაულში მიიღეს მონაწილეობა რაიმე სახით. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. თუმცა, ასეთი ზოგადი მსჯელობით ვერ მივალთ შედეგამდე. ამიტომ ჯობია, კონკტერიკა იყოს მეტი, ვიდრე ზოგადი დაანონსება რაიმე ინიციატივისა".

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "ჩემი მსჯელობით, ამ საკითხს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც კანონი გვკარნახობს. მაგრამ, რაკი ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ჯერჯერობით სრულყოფისგან შორსაა, ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება პრეზიდენტის ამ წინადადების ცხოვრებაში გატარება. დღეს, როცა პრეზიდენტი თავის საპრეზიდენტო ვადას უკვე ამთავრებს, მისი ეს წინადადება უკან მიდევნებული ლამპარივითაა.

    "სამწუხაროდ, ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, მათ შორის სასამართლომ და პროკურატურამ, თავის დროზე ვერ გადადგეს ქვეყნისათვის საჭირო ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამიტომაც არის ჩვენი თითქმის ყველა საჯარო სამსახური დანაგვიანებული იმ პირებით, რომლებიც ხუთი წლის წინანდელ დანაშაულებრივ სისტემას წარმოადგენდნენ და დღესაც წყალს ამღვრევენ. რაც უფრო მალე გავთავისუფლდებით სისტემური დანაშაულის ჩამდენთაგან, მით უკეთესია".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (14.02.2018)
    რეზიკო!გენაცვალოს შენი დედიკო, იქნებ ამიხსნა, სისტემურ დანაშაულობებს ამ ბოლო 6 წლის მანძილზე ვერ ამჩნევ, თუ გეშინია, ბიძომ პენსია არ მოგიხსნას და ამიტომ ყოველ გამოსვლაზე არახუნებ? სხვათაშორის კარგად მახსოვს ადრეც ყველას საკმეველს რო უნთებდი, მეცოდებით, ძალიან!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter