რეზონანსი
11.10.2020

მოცემულ შემთხვევაში პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლებიდან გათავისუფლების მთავარი საფუძველია გამოცდების ჩაუბარებლობა კანონმდებლობის თანახმად განსაზღვრულ ვადაში. თითქოს აქ სადავო არაფერია. განსაზღვრული და დანიშნულია გამოცდები დათქმულ ვადებში, აქედან გამომდინარე, უნდა ჩაეტიოს მასწავლებელი ვადაში, ჩააბაროს გამოცდები, მაგრამ ყველაფერი ეს ასე ნამდვილად არ არის.

იმისათვის, რომ ზუსტად გავერკვეთ საქმის ვითარებაში, განვიხილოთ, თუ რა პროცესები მიდიოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში „ზოგადი განათლების კანონის“ მიღებიდან 2020 წლის ჩათვლით, კერძოდ, მასწავლებელთა საგამოცდო ვადების დადგენისას გამოვყოთ ორი მიმართულება: ზოგადი განათლების კანონის და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ვადები და მისი ცვლილებები. აქვე დავსვათ მთავარი კითხვა: ბოლო 15 წლის განმავლობაში საერთოდ იყო თუ არა უწყვეტად და კონკრეტულად ასახული საგამოცდო ვადები ზოგადი განათლების კანონითა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით?

დავიწყოთ საკითხის შესწავლა ზოგადი განათლების კანონით განსაზღვრული მასწავლებელთა გამოცდების ვადებისა და მისი ცვლილებების.

განვიხილოთ პრეზიდენტ მ. სააკაშვილის მიერ კანონით დადგენილი მასწავლებელთა გამოცდების ვადები. კერძოდ, შემოგთავაზებთ მოკლე ანალიზს:

1) 2007 წლის 2 მარტი - დააკანონეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები;

2) 2009 წლის 1-ელ მარტამდე - უნდა ჩატარებულიყო მასწავლებელთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა. 2013 წლის ბოლომდე ყველა მოქმედ მასწავლებელს უნდა ჩაებარებინა სასერტიფიკაციო გამოცდა, ამისათვის მასწავლებლებს ჰქონდათ 6 წელი. 2008 წლის 18 ნოემბერს დააკანონეს მასწავლებელთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდის ახალი, მეორე ვადა;

3) 2010 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩატარებულიყო მასწავლებელთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა. 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედ მასწავლებელს უნდა ჩაებარებინა სასერტიფიკაციო გამოცდა. ამისათვის მასწავლებლებს ჰქონდათ 7 წელი. 

რა დროა 7 წელი? 

7 წელი არის ის დრო, რომლის გასვლის შემდეგ მასწავლებელს უწყდება შრომითი ხელშეკრულება და ყოველივე აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, კანონის საშუალებით 7 წლით ადრე აფრთხილებს მასწავლებლებს სკოლებიდან მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ.

ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლებს კანონის საშუალებით აფრთხილებს სასერტიფიკაციო გამოცდებისა და სკოლებიდან გათავისუფლების ვადების შესახებ და არა _ მთავრობის დადგენილებით, კონკრეტულად სქემით, როგორც მოცემულ, დღევანდელ, შემთხვევაშია.

ახლა კი ჩამოვაყალიბოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მასწავლებელთა გამოცდების ვადებთან დაკავშირებული მოკლე ანალიზი:

1) 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილება და საუბარი გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ეს საუბარი გრძელდებოდა 2014 წლის 28 ნოემბრამდე. წინა ხელისუფლების დროს მიღებული სქემა თითქმის შეჩერებული იყო;

2) 2014 წლის 28 ნოემბერს „ზოგადი განათლების კანონით“ უქმდება მასწავლებელთა გამოცდების ვადები. კანონიდან ამოიღეს გამოცდების ვადების განმსაზღვრელი მუხლები 61 და 61 1;

3) მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებისა გამოცდების მოხსნის შესახებ, კანონით ვადა იყო განსაზღვრული 2 წელი და 2 თვე.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, გამოცდების ვადა - 2 წელი და 2 თვე;

4) 2015 წლის 20 თებერვალს მთავრობის N68 დადგენილებით მიიღეს ახალი სქემა, რომლითაც დაადგინეს პრაქტიკოსი მასწავლებლის საგამოცდო 4-წლიანი ვადა, მაგრამ მთავრობის N68 დადგენილებაში არ იყო ჩაწერილი კონკრეტული ვადა, თარიღი, წელი და თვე. სავარაუდოდ, ეს იქნებოდა 2019 წლის 20 თებევრალი;

5) სანამ ახალ სქემას დაამტკიცებდნენ, მანამდე 3 თვე იყო ვადის წყვეტა. 2014 წლის 28 ნოემბრიდან 2015 წლის 20 თებერვლამდე - 3 თვე ვადა არ იყო მინიშნებული კანონმდებლობით;

6) 2017 წლის 24 იანვარს გააუქმეს სქემა 2015 წლის 20 თებერვლის მთავრობის NN 70,71,72,73,74,75,76,77 დადგენილებები, მათ შორის გაუქმდა N68 დადგენილებით განსაზღვრული 4-წლიანი საგამოცდო ვადები;

7) 2017 წლის 26 იანვარს დაამტკიცეს მთავრობის N35 დადგენილებით კვლავ ახალი სქემა (N2), რომლის თანახმად, საგამოცდო ვადები არ იყო დაფიქსირებული;

8) 2015 წლის 20 თებერვლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების N1 სქემის მიღებიდან 2017 წლის 24 იანვრამდე N1 სქემის გაუქმებამდე გავიდა 1 წელი და 11 თვე, სადაც ვადა იყო დაფიქსირებული, მაგრამ 4 წლიდან გავიდა მხოლოდ 1 წელი და 11 თვე;

9) ე.ი. 2015 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის 26 იანვრამდე ვადა იყო დაფიქსირებული 1 წელი და 11 თვე;

10) 2017 წლის 26 იანვირდან 2019 წლის 6 აგვისტომდე საგამოცდო ვადები კანონმდებლობით 2 წელი და 6 თვე არ იყო განსაზღვრული;

11) 2019 წლის 23 მაისს მიიღეს მთავრობის N241 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცეს რიგით N3 ახალი სქემა, ვადები აქაც არ იყო დაფიქსირებული;

12) 2019 წლის 6 აგვისტოს მთავრობის N371-ე დადგენილებით დააფიქსირეს ვადები: 2020 წლის 31 იანვარი.

2019 წლის 6 აგვისტო - 2020 წლის 31 იანვარი - 6 თვე, საგამოცდო ვადები იყო განსაზღვრული;

13) 2019 წლის 23 მაისიდან 2019 წლის 6 აგვისტომდე, საგამოცდო ვადები 2 თვე და 13 დღე არ იყო კანონმდებლობით განსაზღვრული;

14) 2020 წლის 26 ივნისს გამოსცეს მთავრობის N390-ე დადგენილებით დამტკიცებული რიგით N4 ახალი სქემა, რომლის თანახმად, განსაზღვრეს არარეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლის სისტემიდან გასვლის ვადა 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისი, ხოლო რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლების სკოლებიდან გათავისუფლების ვადა არის 2020-2021 სასწავლო წლის ბოლო.

ამავე დროს, მთავრობის N390-ე დადგენილებით დამტკიცებული N4 ახალი სქემით პრაქტიკოს მასწავლებელთა საგამოცდო ვადები ზუსტად არ არის განსაზღვრული. 

ყურადსაღებია, რომ სქემაში პრაქტიკოსი მასწავლებლის ნაცვლად შემოდის უსტატუსო მასწავლებელი, იმ მიზეზის გამო, რომ ახალი სქემით გაუქმებულია პრაქტიკოსის სტატუსი. რა ლოგიკაა ეს და სადამდე მივალთ ამ ლოგიკით, სხვა მსჯელობის თემას წარმოადგენს.

რატომ შემოაქვთ პრაქტიკოსი მასწავლებლის ნაცვლად უსტატუსო მასწავლებლის ცნება? ამ კითხვაზე ხელისუფლებას დასაბუთებული პასუხი არ აქვს, ხოლო ჩვენი პასუხი დიდი კორუფციული სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. კერძოდ: ჩნდება მასწავლებელთა დეფიციტი, რაც ახალი პროექტების შექმნისა და განხორციელების საფუძველია, რისთვისაც საჭიროა როგორც საბიუჯეტო დაფინანსება, აგრეთვე თავიანთი საერთაშორისო მფარველების წყალობით გრანტების მიღება. ეს ყველაფერი იძლევა დამატებით ფინანსებს, პრემიებს, დანამატებსა და სხვა სარგებელს.

მათი დასაქმების პროცესი ფავორიტიზმისა და არაკეთილსინდისიერების ფონზე მიმდინარეობს, ესეც სარგებელია!

ასეთი კადრების გამოცდებისათვის მზადება, თუ ჩაჭრის პროცესები საბიუჯეტო და გრანტებით ფულის ხარჯვის საფუძველია, რომლიდანაც ყველა დაინტერესებული მხარე იღებს ფინანსურ სარგებელს!

მოკლედ, კორუფციული სქემის საფეხურები შემდეგია:

1) მასწავლებელთა ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი;

2) ახალი პროექტების შექმნისა და დაფინანსების აუცილებლობა;

3) არაკვალიფიციური, არასპეციალისტი, თუგინდ სპეციალისტების გამოცდებისათვის მზადება, ტრენინგები და მათი დაფინანსება;

4) გამოცდებზე ჩაჭრილი ზემოთ დასახელებული კადრების კვლავ მზადება გამოცდებისათვის და მათი დაფინანსება;

5) დასაქმების პროცესი - ფავორიტიზმისა და არაკეთილსინდისიერების ფონზე!

15) 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 26 ივნისამდე პრაქტიკოს მასწავლებელთა საგამოცდო ვადები 5 თვის განმავლობაში არ იყო განსაზღვრული კანონმდებლობით;

16) 2020 წლის 26 ივნისიდან 2020 წლის ოქტომბრამდე საგამოცდო პერიოდამდე ვადა არის დაფიქსირებული 3 თვე;

17) „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობისას, მთავრობის დადგენილებებით 4 ახალი სქემა იყო მიღებული.

1) 2015 წელს მიღებულ N1 სქემაში საგამოცდო ვადები იყო არაპირდაპირ მითითებული;

2) 2017 წელს მიღებულ N2 სქემაში საგამოცდო ვადები არ იყო მითითებული;

3) 2019 წელს მიღებულ N3 სქემაში საგამოცდო ვადები არ იყო მითითებული;

4) 2020 წელს მიღებულ N4 სქემაში საგამოცდო ვადები არის მითითებული.

აქედან გამომდინარე, 4 წელი და 10 თვე საგამოცდო ვადები იყო მითითებული, ხოლო 3 წელი, 2 თვე და 13 დღე საგამოცდო ვადები არ იყო მითითებული.

საგამოცდო ვადების წყვეტა იყო 2 წელი და 6 თვე, 2 თვე და 12 დღე და 5 თვე.

ჩვენ ჩავთვალეთ საგამოცდები ვადების მითითებაში 2 წელი და 2 თვე. ეს არის ფორმალური, არარეალური ვადები იმიტომ, რომ ხელისუფლება საუბრობდა გამოცდების საერთოდ მოხსნასა და გაუქმებაზე. ამიტომ, 4 წლისა და 10 თვის ნაცვლად, რეალურად დაგვრჩება ვადა 2 წელი და 8 თვე.

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიანი პერიოდიდან კანონმდებლობით პრაქტიკოს მასწავლებელთა საგამოცდო ვადები იყო განსაზღვრული 8 წლიდან - 2 წელი და 8 თვე!

ხოლო 5 წელი და 4 თვე არ იყო განსაზღვრული პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდო ვადები. ეს რეალურად არის ის ვადა, რომლითაც ხდება მასწავლებელთა გაშვება სკოლებიდან!

ბატონო პემიერ-მინისტრო!

„ზოგადი განათლების კანონმა“ უნდა გადაწყვიტოს მასწავლებელთა საგამოცდო და სამსახურიდან დათხოვნის ვადები.

ათასობით ადამიანს ერთმევა შრომითი უფლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოუყალიბებლობის, არასტაბილურობის, ქაოსური მუშაობის გამო.

მანანა ნიკოლაიშვილი,

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )