პეტრე მამრაძე
12.09.2021

„საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ’’, განაცხადა ჩეხმა ევროპარლამენტარმა გრეგოროვამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის გეგმასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის. ვრცელ ინტერვიუში გრეგოროვა მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით მისი სამშობლო ჩეხეთი 49-ე ადგილზეა, საქართველო კი 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ევროგაერთიანებისა და ნატო-ს წევრებს - იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, უნგრეთს (69-ე ადგილი!) და ზოგიერთ სხვას. 

კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების მაჩვენებლებითაც საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს საკმაოდ ბევრ წევრს. მაგალითად, კანონის უზენაესობის ხარისხით საქართველო 42-ე ადგილზეა, ბულგარეთი _ 53-ზე, ხოლო ნატო-ს წევრი ალბანეთი, რომელიც 2014 წლიდან ოფიციალურად გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი, 78-ე ადგილზეა! შეგახსენებთ, რომ კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. წერილის მოცულობა არ იძლევა რეიტინგების სრული სურათის მოყვანის საშუალებას, არადა, სურათი ფრიად შთამბეჭდავი და სკანდალურია. გამოდის, რომ საქართველოს ხშირად აკრიტიკებენ ისინი, ვინც საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევენ. 

იმას, რომ საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ნატო-სა და ევროკავშირის არაერთ წევრს, საგულდაგულოდ უმალავენ ჩვენს საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხმას არ იღებდნენ (და ახლაც არ იღებენ) ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე და დასავლური ფასეულობების ფეხქვეშ გათელვაზე სააკაშვილის სადისტური კლეპტოკრატიის წლებში, ხოლო „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ერთხმად აყვირდნენ ხელისუფლების კორუფციასა და ანტიდასავლურობაზე.

აღსანიშნავია ევროკავშირის სახელმწიფოთა ზოგიერთი ლიდერის სკანდალური რეპუტაცია და საქციელი: ჩეხეთის პრეზიდენტმა ზემანმა ყირიმის ანექსია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას შეადარა, ხოლო დონბასში რუსეთის აგრესია უარყო და თქვა, რომ იქ სამოქალაქო ომია უკრაინელებს შორის. წელს ზემანმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერები „შემზარავი ხალხია“ და ის ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, მოაწყობდა დემონსტრაციებს ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების წინააღმდეგ; ზემანი აგრეთვე მიესალმა უნგრეთის პრეზიდენტ ორბანის მიერ განათლების სისტემაში ლგბტ საკითხების ჩართვის აკრძალვას; ჩეხეთის პრემიერი ბაბიში მილიარდერია, რომელიც 2012 წლიდან აქტიურია პოლიტიკაში. 2017 წელს იგი მხილებული იყო კორუფციაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ორგანოების მიერ. ბაბიში სასწრაფოდ გახდა ჩეხეთის პრემიერი და ახლა პრემიერის იმუნიტეტი იცავს მას პატიმრობისაგან. ოპოზიციამ წარმოადგინა საბუთები, რომ კომუნისტურ წლებში ბაბიში იყო ჩეხოსლოვაკიის კა-გე-ბეს აგენტი ზედმეტსახელად „ბურეში“; ბაბიშმა გააპროტესტა ეს, მაგრამ ბრატისლავის სასამართლომ დაადგინა საბუთების ავთენტიკურობა. „ბოლოს და ბოლოს ჩვენ თვითონ ყოფას ვუტირებთ ჩვენს თავს ამ დემოკრატიით“, _ საჯაროდ აცხადებს პრემიერი ბაბიში (იგივე აგენტი ბურიში). 

აი, როგორი პრეზიდენტი და პრემიერი ჰყავს გრეგოროვას, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს. უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომელიც აღიარებულია კორუფციის შუქურად, ღიად აცხადებს, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ თავისი დრო მოჭამა და იგი ზრუნავს უნგრეთის არალიბერალურ მომავალზე. მისთვის სანიმუშოა რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერების პოლიტიკა, ხოლო პუტინი, მისი აზრით, უძლიერესი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთს ყოფილი დიდება დაუბრუნა. 

„როგორ ამოვაშროთ ევროკავშირის ჭაობი?“ _ ასე უწოდა თავის 2018 წელს გამოქვეყნებულ წერილს ცნობილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ვერჰოფშტადტმა. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) ერთმანეთს ცვლიან კორუმპირებული პოპულისტი ლიდერები და მათი დაჯგუფებები; ყოველი ახალი პოლიტიკური დაჯგუფება ჰპირდება ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამოშანთავს აღვირახსნილ კორუფციას, მაგრამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში უარესად ძარცვავს ხალხს, ვიდრე მისი წინამორბედი. 

ვერჰოფშტადტის აზრით, ამ დაჯგუფებებს უნდათ არა კორუმპირებული სისტემის შეცვლა, არამედ მის სათავეში მოქცევა პირადი გამდიდრების მიზნით და ამისათვის იყენებენ პოპულისტურ ლოზუნგებს. მაგალითისათვის იგი აღწერს სავალალო ვითარებას პოლონეთსა და უნგრეთში და განიხილავს იმ მკაცრ ზომებს, რომლებიც უნდა გატარდეს ევროკავშირის „ჭაობის“ ამოსაშრობად. სამწუხაროდ, მისი წერილის გამოქვეყნებიდან, გასულ წლებში, ევროკავშირის ჭაობი გაღრმავდა და გაფართოვდა.

ვერჰოფშტადტის გარდა, ევროკავშირში ბევრია სხვა პატიოსანი და პრინციპული ადამიანი, მაგრამ ორმაგი სტანდარტები დამკვიდრებულ პოლიტიკურ პრაქტიკად იქცა და შარლ მიშელის შეთნხმების ზოგიერთი პუნქტი ასეთი ორმაგი სტანდარტების ამაზრზენი ნიმუშია. 

დავუბრუნდეთ საქართველოს. მრავალი მეცნიერული გამოკვლევით დასაბუთებულია, რომ საქართველოსნაირ ღატაკ ქვეყნებში, რომლებშიც პრაქტიკულად არ არსებობს საშუალო ფენა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პირობების გამო ტარდება შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ცოტა ხანში რეალური ძალაუფლება მდიდრების ხელში გადადის. ბუნებრივად ჩნდება პლუტოკრატია - პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედება წარიმართება არა კანონებით, არამედ ყველაზე მდიდარი ადამიანების - პლუტოკრატების ნებით. ისინი აკონტროლებენ პარლამენტს, მთავრობას (პირველ რიგში, ძალოვან სტრუქტურებსა და საგადასახადო სამსახურებს), პროკურატურასა და სასამართლო სისტემას. ასევე, აკონტროლებენ მასმედიის იმ ძირითად საშუალებებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მცირე დროის განმავლობაში ნამდვილ დემოკრატიას ე.წ. იმიტაციური დემოკრატია ცვლის - დემოკრატიული ინსტიტუტები დეკორაციად იქცევა, რომლითაც პლუტოკრატები ნიღბავენ თავის ავტორიტარულ მმართველობას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. 

რა ხდება ახლა? „კახას ვეუბნები, რა გინდა ამ პარლამენტში? მოგწონს, რომ გლანძღავენ? პარლამენტი ხომ ისედაც ჩვენია - რასაც ვეუბნებით, ყოველთვის გვისრულებენ“, _ თქვა ოქრიაშვილზე სამიოდე წლის წინათ მასავით წამლების იმპორტით გამდიდრებულმა მულტიმილიონერმა. პლუტოკრატებს მართლაც ძლიერი გავლენა აქვთ საქართველოს პარლამენტზე, მთავრობასა და სასამართლოზე. სწორედ ამ გავლენის შედეგია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ბევრად ნაკლებია მსოფლიოს მრავალი სპორტული კლუბისა და უნივერსიტეტის ბიუჯეტებზე და კაზინოების შემოსავალზე საქართველოში. ამ გავლენის შედეგია ბევრი სხვა რამ და ისიც, რომ საქართველოს ბიტკოინ-ბეჰემოთს უწოდებენ დასავლეთში - 2018 წელს ჩვენმა „ზესახელმწიფომ“ გაუსწრო აშშ-ს და მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ბიტკოინების წარმოებით, ჩინეთის შემდეგ. ყველამ იცის, რის ხარჯზე აღწევენ ამას პლუტოკრატები (იხ. წერილი 10 სექტემბრის „რეზონანსში“: „კრიპტოვალუტების გამომუშავება საქართველოს ენერგოსექტორს ჩიხში აქცევს“), მაგრამ ჩიხიდან გამოსვლის გზები არ ჩანს... 

მაშ, რით აიხსნება ის საოცრება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის შემდეგაც საქართველოში არავის ართმევენ ბიზნესს, არ ხდება ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა, სასამართლო სისტემა არ არის პროკურატურის მორჩილი ქვეგანაყოფი, პატიმრებს ციხეებში არ აწამებენ და საქართველო ამ ეტაპზე თავისუფლებისა და დემოკრატიის მაჩვენებლებით უსწრებს ევროგაერთიანების არაერთ სახელმწიფოს?

საქმე ისაა, რომ პლუტოკრატებმა ვერ მოიპოვეს სრული კონტროლი ხელისუფლების შტოებზე და, რაც მთვარია, ვერ შეძლეს ძალოვანი სტრუქტურების სრული დამორჩილება. სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მონაპოვარი ამ წლებში, ხოლო სააკაშვილი თავის ყველა ჯურის თანამზრახველსა და დასავლეთელ ლობისტებთან ერთად სწორედ ამ „სამართავი სიმაღლეების“ დასაბრუნებლად იბრძვის.

აი, რა წყდება იმ „რეფერენდუმზე“, რომელიც მალე გაიმართება ჩვენს ქვეყანაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×