პეტრე მამრაძე
19.10.2021

„ვის თავში დაიბადა მანიაკური იდეა, რომ ცხინვალში სასწრაფოდ დაედგათ ტრიბუნა, აღემართათ 2 ათასი ქართული დროშა და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა? სწორედ ამ წმინდა პოლიტიკურ-მანიაკური იდეის განხორციელების გამო ხომ არ შეიცვალა შეტევის მიმართულებები და მე-4 ქვეითი ბრიგადა დასავლეთის მხრიდან ცხინვალში შებრუნდა?’’ - ასეთ კითხვებს სვამს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი 2013 წელს გამოქვეყნებულ წერილში „რატომ უნდა გამოვიძიოთ აგვისტოს ომის დეტალები...“. 

ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხები მაქვს გაცემული 2011 და 2012 წლებში გამოცემულ ჩემს წიგნებში: ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს აღლუმის ჩატარების მანიაკური იდეა კლინიკურ ფსიქოპათ მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა თავში. მას სჯეროდა და ახლაც სჯერა, რომ ტელეეკრანზე დროულად ნაჩვენებ სათანადო სურათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში. 

„მთავარია, შექმნა სწორი „ტელეკარტინკა“. მერე შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა“, -ამბობდა ხოლმე „მიშა-ჯადოქარი“ და საქმითაც ადასტურებდა ამას. 

წერილი სათაურით „მიშა ჯადოქარი“ ცნობილმა მეცნიერმა თომას დე ვაალმა გამოაქვეყნა 2010 წელს. იგი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ ბევრს მიაჩნდა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დღეები დათვლილი იყო, მაგრამ სააკაშვილი დარჩა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერად და მისმა პიარ უნარებმა ამაში დიდი წვლილი შეიტანა. 

„აი, ჭეშმარიტად პოსტმოდერნისტული პრეზიდენტი“, - წერს დე ვაალი და იქვე დასძენს, რომ სააკაშვილის პიარ რესურსები იწურება...

სააკაშვილის ბათუმის ბულვარზე ყოფნის ამსახველი ვიდეო ფეიკი მეგონა. მიშა ახლოს გავიცანი 1992 წელს და ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი დეგრადაცია განიცადა სწორი „ტელეკარტინკების“ უბადლო დამდგმელმა. ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ის შეიძლება ჩამოსულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიჯერებდა, რომ მისი ჩამოსვლა ტრიუმფალური იქნებოდა და ამას მსოფლიო ნახავდა: უამრავი ადამიანი დახვდებოდა აეროპორტში და ხელისუფლება ვერ შეძლებდა მის დაკავებას. ცხადია, მისი ასეთი მრწამსი შეიძლებოდა რეალობისაგან სრულიად მოწყვეტილი ყოფილიყო, მსგავსად 2008 წლის 8 აგვისტოს სცენარისა. მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე წავიდოდა საზღვრის ქურდული გადაკვეთითა და დაპატიმრებისა და ციხეში შეყვანის გამანადგურებელი სურათებით. გავიხსენოთ: იმ სურათების ნახვის შემდეგ სპონტანურად, გულის კარნახით, არც თბილისში და არც რეგიონებში არავინ გამოვიდა ქუჩებში. ეს პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იყო და „ნაცებს“ ეს კარგად ესმით. ამიტომაა, რომ დაძაბულად იმუშავეს, დიდი ფული დახარჯეს და მხოლოდ 14 ოქტომბერს გამართეს აქცია. 

სააკაშვილს ჰქონდა საქართველოში დაბრუნების  ძლიერი მოტივაცია. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში მან მოიპოვა 27 ადგილი პარლამენტში პროპორციული სიით, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ „ენმ“-ის 21 დეპუტატი ბოკერიას ხელმძღვანელობით გაექცა სააკაშვილს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილმა 36 ადგილი მოიპოვა პარტიული სიით, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად, მხოლოდ 24 (ბოკერიას ,,ევროპულმა საქართველომ’’ - 5). საქმე ის არის, რომ მდგრადი ელექტორატი (ამომრჩეველთა 13-15%) ჰყავს მხოლოდ სააკაშვილს (მის გარეშე „ენმ“-ის რეიტინგი ნულია) და არჩევნებში წარდგენილ ნაცების კანდიდატებს ხმას აძლევენ მხოლოდ სააკაშვილის ფანები, თანაც იმ შემთხვევაში, თუ აღიქვამენ მათ „მიშას ხალხად“ (მიშას ფანების თვალში მოღალატე ბოკერიას პარტიამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, სულ, 1.7% მიიღო). 

„მიშას“ ფანები ყოველთვის მიდიან არჩევნებზე და, დაახლოებით, 50%-იანი საერთო მონაწილეობის პირობებში მათი პროცენტული წილი ორმაგდება. არადა, „ენმ“-ის ცნობადი სახეების აბსოლუტურ უმრავლესობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირადად უწევდა და უწევს სააკაშვილთან ურთიერთობა,  სძულთ და ეზიზღებათ მიშა; ვიწრო წრეში გიჟად და იდიოტად მოიხსენებენ მას და უწმაწურ სიტყვებსაც არ იშურებენ. ამ მხრივ სალომე სამადაშვილის ცნობილი სიტყვები: „თავზე დავა-ვავ“, „დედაც მოვტ-ან“, „პაშლი ნა-უი“, მცირე ნაწილია ნაცების ლექსიკისა მიშას მისამართით. მაგრამ „ლიდერებს“ ესმოდათ, რომ მათი პოლიტიკური კარიერა და გამდიდრება მთლიანად სააკაშვილის განწყობაზე იყო დამოკიდებული და ვერ ბედავდნენ მის მიტოვებას. 

არაა გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ფსიქოპათის მორჩილებას ქონებისა და ფულის შენარჩუნება და პოლიტიკური ასპარეზიდან გაცლა ამჯობინა. დაშლის პროცესი გრძელდება. სააკაშვილის „ერთგულმა“ გრიგოლ ვაშაძემ მიატოვა „ენმ“-ის თავმჯდომარის პოსტი და სკანდალური წერილი გამოაქვეყნა, 2020-ს დეკემბერში კი ამბოხი მოხდა: „ენმ“-ის ახალგაზრდულმა ფრთამ იმძლავრა და, სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ  მელია აირჩიეს ვარშალომიძის ნაცვლად. სააკაშვილმა მიულოცა მელიას და დემოკრატიის ზეიმად მონათლა ის არჩევნები (სხვა გზა არც ჰქონდა), მაგრამ პარტიის ლიდერებმა იციან, რომ ასეთი დაუმორჩილებლობა აუტანელია მისთვის. 

ნამდვილი კატასტროფა კი მაშინ დატრიალდა სააკაშვილის თავს, როცა მელიას დაპატიმრებისა და შემდეგ ციხეში ჯდომის კადრები მსოფლიოს წამყვანმა ტელეარხებმა აჩვენეს. პირველად „ენმ“-ის დაარსების დღიდან, მისი პარტიის წევრმა გადაფარა „ტელეკარტინკები“ სააკაშვილი საერთაშორისო დონეზე!  ყველას, ვინც კარგად იცნობს სააკაშვილს, ესმოდა, რომ ის უსათუოდ ეცდებოდა ამის გადაფარვას თავისი ახალი „ტელეკარტინკით“ თავისთვის ყველა მისაწვდომი საშუალების გამოყენებით. 

ღარიბაშვილმა თქვა, ყველაზე მეტად სააკაშვილს ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა, რომ ყველაფერი მზად იყო მიშას ტრიუმფალური ჩამოსვლისათვისო. ნიშანდობლივია, რომ ამის უარყოფას მერაბიშვილმა დუმილი ამჯობინა. სადისტური სისტემის ხერხემლის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი 7 წელი იჯდა ციხეში სააკაშვილის დანაშაულებრივი დავალებების შესრულებისა და არა _ საკუთარი ინიციატივით ჩადენილი დანაშაულების გამო.

ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილმა დაიჯერა ის, რისი დაჯერება ძალიან უნდოდა: რომ უსაფრთხოდ შეაღწევდა თბილისში და უცებ გამოჩნდებოდა ხალხმრავალ მიტინგზე; რომ ეს სუპერ „ტელეკარტინკა“ გადაფარავდა ყველაფერს ციხის კადრების ჩათვლით, აღადგენდა მის აბსოლუტურ დომინირებას პარტიის შიგნით და ჩამოშლიდა „ოცნების“ ხელისუფლებას. განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი კატასტროფა იყო ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის,  „მიშა-ჯადოქარი“კიდევ 5 წელი დარჩა პრეზიდენტად და დიდძალი ქონებაც შეაგროვა, ახლა კი „ტელეკარტინკაზე“ თვითონ „ჯადოქარი“ აფეთქდა. 

კურიოზული ისაა, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და საქართველოში დარჩენა არ აწყობთ არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ ლიდერებს. ვფიქრობ, „ნაცების“ ლიდერებს ისიც არ აწყობთ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია მოხდეს რომელიმე ქვეყანაში. მათთვის უფრო მომგებიანია სააკაშვილის ყოფნა ციხეში და ამით სპეკულირება „მიშას ფანებისა“ და სააკაშვილის დასავლეთელი ლობისტების გულის მოსაგებად. „ქოცების“ ლიდერების ნაწილს შეიძლება, უფრო აწყობდეთ „ჯადოქრის“ დეპორტაცია და მისი „ბუად“ გამოყენება, მაგრამ ეს მოცემულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კონფიგურაციაში ადვილი საქმე არ არის.

„პრეზიდენტობა, რომელსაც პიარი აცოცხლებდა, პიარისგან კვდება“, - წერდა 2013 წელს თომას დე ვაალი. 

თუმცა, ამის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, რეალურ პოლიტიკურ ასპარეზს მოწყვეტილი სააკაშვილი ახერხებდა კიევში სახურავებზე სირბილით, უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთით, კიევში მთავრობის სხდომაზე სკანდალის მოწყობითა და სხვა ილეთებით „ტელეკარტინკების“ დადგმას („უკარტინკობა“ მისთვის სიკვდილზე უარესია). 

ვნახოთ, ახლა რას იზამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×