რეზონანსი
04.01.2022

გარდა იმისა, რომ სტალინი და მიშა არიან დაბადებული, 21 დეკემბერი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა... მართალია, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის (სსრკ) დაშლის თაობაზე ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები, 1991 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის ტევრში მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, „საბჭოთა კავშირი“, ფაქტობრივად, მხოლოდ 21 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ალმა–ატაში დაიშალა, როდესაც ყოფილმა „მოკავშირე რესპუბლიკებმა“, მის ნაცვლად, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ დააფუძნეს. ეს თარიღი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც: „სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“. 

მიუხედავად იმისა, რომ „საბჭოთა იმპერიის“ დაშლის თარიღად 26 დეკემბერსაც მიიჩნევენ, როდესაც გორბაჩოვის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მეორე დღეს უმაღლესმა საბჭომ სსრკ–ის დაშლის თაობაზე დეკლარაცია მიიღო, გადაწყვეტილება, რეალურად, სწორედ 8 დეკემბერს იქნა მიღებული. სწორედ ამ შეხვედრაზე ჩამოუყალიბებია რუსეთის წარმომადგენელს, განათლებით ფილოსოფოსს, გენადი ბურბულისს ფორმულირება: „სსრკ, როგორც გეოპოლიტიკური რეალობა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, წყვეტს არსებობას“, რომელიც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა და დასკვნით დოკუმენტშიც აისახა.

ვინაიდან საქართველომ დსთ-ში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა და 21 დეკემბრის „ალმა-ატის ოქმის“ ხელმომწერებს არ შეუერთდა, ფაქტობრივად, იმავე დღეს დაიწყო „სახალხო-დემოკრატიული აჯანყება–რევოლუცია“ თბილისში... შესაბამისად, ფაქტობრივად, მაშინვე „დაიგეგმა“ შევარდნაძის გაპრეზიდენტებაც და ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოებისთვის „დათმობაც“...

სამწუხარო რეალობაა, რომ სსრკ-ის დაშლიდან 30 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ არის ანექსირებული, მასზე ათეულობით რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული და „მცოცავი ოკუპაციაც“, ფაქტობრივად, უპრობლემოდ გრძელდება... ფაქტია ისიც, რომ დღეს რუსეთი კავკასიონსაც (ამიერკავკასიასაც), ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებს, ამასთან, უკვე ყაზბეგსა და პანკისის ხეობაზეც უჭირავს თვალი, რის შემდეგაც, გამორიცხული არ არის, სომხეთთანაც ეცადოს „დამეზობლებას“... 

რუსეთის მესვეურების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან და რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დამოკიდებულების ზრდიდან გამომდინარე, დარწმუნებულ ვარ, მისი ნების გარეშე არც ევროკავშირში მიგვიღებს ვინმე და არც _ ნატოში, მით უმეტეს, „1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრული ტერიტორიით“... 

ამასთან, თუ მანამდე თავად ევროკავშირში არ გაძლიერდა დეინტეგრაციული პროცესები ან თავად საქართველო არ დაიშალა ყოფილი იუგოსლავიასავით, უკეთეს შემთხვევაში, ნატოს (ფაქტობრივად, თურქეთის...) ბაზები შეიძლება, აჭარისა და „ბორჩალოს რესპუბლიკებში“ განთავსდეს...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვლილ პერიოდში არსებითი პრობლემები ტოტალიტარიზმისგან განთავისუფლებულ სხვა ყოფილ „მოძმე რესპუბლიკებსაც“ შეექმნათ, რაც, რიგ შემთხვევებში, შიდასახელმწიფოებრივიდან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებშიც კი გადაიზარდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსეთიც და უკრაინაც, ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ... 

რამდენიმე წლის წინ ბელარუსი და რუსეთიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ჯერ კიდევ 1999 წლიდან იყვნენ შეთანხმებული კონფედერაციის შექმნის თაობაზე. მართალია, მოლაპარაკების პროცესი გაუგრძელდათ, მაგრამ ახლახან პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საკავშირო სახელმწიფოს შექმნის ძირითადი პრინციპების თაობაზე და, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს 2024 წლისთვის ერთიან სლავურ სახელმწიფოდ ინტეგრირება. 

რამდენიმე დღის წინ კი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა დეკემბრის დასაწყიში რუსეთში ჩატარებული ე.წ. საზოგადოებრივი აზრი გამოკითვისას შედეგები, რომლის შედეგად მოქალაქეთა თითქმის 2/3–ს სინანული გამოუთქვამს საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. 

ზემოაღნიშნული მოცემულობებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა ურიგო, საახალწლოდ პუტინსა და ლუკაშენკოს ზელენსკიც მიეწვიათ შეხვედრაზე და კონფედერაციაში უკრაინის გაერთიანების საკითხზეც შეთანხმებულიყვნენ (ნადვილად არ ვისურვებდი, უკრაინის პრეზიდენტი, მაგ., „დონეცკის რესპუბლიკის“ წარმომადგენლით ჩაენაცვლებინათ. არსებითი არ უნდა იყოს, აღმოსავლეთ სლავების მირ შექმნილ საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს სახელად რას შეურჩევენ. შესაძლებელია, „სლავური კონფედერაცია“ ან თუნდაც „სუვერენულ სლავურ რესპუბლიკათა კავშირიც“ (ანუ ისევ „სსრკ“ უწოდონ, რითაც ასაკოვანი მოქალაქეებსა და „სულით საბჭოელების“ გულს ნამდვილად მოიგებენ...). მთავარია, გარდა იმისა, რომ ერთიანი კოლექტიური მმართველობის ორგანოს, საზღვრის, ჯარისა და ვალუტის შექმნით მოგვარდებოდა თავად ამ სახელმწიფოებში და ერთმანეთთან ურთიერთობებშიც არსებული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, უკრაინას და შემდგომ საქართველოსაც გაუჩნდებოდა შანსი, აღედგინათ ტერიტორიული მთლიანობა და არსებითად გაეუმჯობესებინათ ეკონომიკური მდგომარეობაც. 

იმედი მაქვს, ფაქტობრივად, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული აღმოსავლეთ სლავებიც (მთლიანობაში 200 მილიონამდე არიან...) რეფერენდუმით დემოკრატიული განვითარების გზას და ევროინტეგრაციას აირჩევენ. ამასთან, ევროკავშირში „სლავური კონფედერაციის“ გაწევრიანებამდე შესაძლოა, საქართველოსაც აღედგინა თანამშრომლობა დსთ–სთან, რომელშიც რუსეთს ახალი სუბიექტი ჩაანაცვლებდა და ერთიან თავდაცვით სისტემაშიც გაერთიანებულიყო. 

ვინაიდან ბელარუსსა და უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობები გვაქვს, ახალი „გეოპოლიტიკური რეალობის“ გათვალისწინებით (რუსეთი ბაზების გამყვანი არ არის, ხოლო ნატოს საკუთარი წევრებისთვის ვერ მიუგვარებია ტერიტორიული დავები), საქართველო „სლავურ კონფედერაციას“ ან დსთ-ს (მასში რუსეთი აღარ იქნებოდა) გრძელვადიანი იჯარით (მაგ., 49 წლით) გადასცემდა მიწის ნაკვეთებს ბაზების განსათავსებლად, ხოლო სარგებლობის ქირას „ნატურით“ მიიღებდა. მით უმეტეს, სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსებს უკვე დავუთმეთ (არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც „რევოლუციებით“ ხელისუფლების გადაბარება, ფაქტობრივად, ივანოვების ჩარევით მოხდა და ეკონომიკის მინისტრებიც რუსეთის მოქალაქეები გვყავდა...) და მარცვლეულის 95 %–იც სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს… 

მართლია, ზოგიერთ ჩვენს „მეგობარს“ (მათ შორის ქვეყანას ან/და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტს ...) საქართველო, ფინიად წარმოუდგენია და უკვე 30 წელია, რაც „მიმავალი ქარავნის საყეფად“ აქეზებს, მაგრამ რეალობაა, რომ საკმაოდ მომძლავრებული რუსეთი უკვე ულტიმატუმებს უყენებს „ლიდერ ქვეყნებს“ და ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, პუტინი, სლავების გაერთიანებული სახელმწიფოს თუ არა, მხოლოდ ბელარუსთან შექმნილი კონფედერაციის პირველი პირი მაინც გახდება, რაც კონფრონტაციის შენარჩუნების შემთხვევაში კარგს არაფერს გვიქადის... მით უმეტეს, მილიონზე მეტი ქართველის ქვეყნიდან „საშოვარზე“ გასვლის გამო, საქართველოში უკვე კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი, ხოლო ტერიტორიების ძალით მიტაცების გარდა, უცხოელებს საშუალება აქვთ ქართულ მიწას სრულად კანონიერი გზებითაც დაეუფლონ... 

როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს?! ვფიქრობ, კმარა შიდა დაპირისპირებაც და აშკარად სხვისი („ვიღაც მესამის“... მორის ფოცხიშვილს აქვს ასეთი ლექსი) წაქეზებით „დათვზე სანადიროდ“ სიარულიც, ხოლო სლავების, ფაქტობრივად, ევროპული ტიპის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, საშუალებას მოგვცემს საერთო ინტერესებზეც ჩამოვყალიბდეთ და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ურთიერთხელსაყრელ პირობებზეც ვითანამშროლოთ.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×