სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.06.2013

    აკადემიკოსი

    ლადო პაპავა

    საქართველოში მეცნიერების ყოფნა-არყოფნის საკითხი თუ ოდესმე დადგებოდა დღის წესრიგში, ჯერ კიდევ 20 წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო. განსაკუთრებით ძნელი იყო იმის გაფიქრება, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, უკეთეს შემთხვევაში, ინდიფერენტული იქნებოდა, ხოლო უარესში კი - აგრესიულად დაუპირისპირდებოდა ქართველ მეცნიერებს.

    ახალგაზრდა თაობამ შესაძლოა არ იცოდეს, რომ კომუნისტების მმართველობის საწყის ეტაპზე ბოლშევიკებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს მეცნიერებს და მეცნიერების ზოგიერთ დარგს (კერძოდ, გენეტიკასა და კიბერნეტიკას). კომუნისტური მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში კომუნისტური იდეოლოგიური კონტროლისა და შესაბამისი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა საზოგადიებრივი მეცნიერებები. იმავდროულად, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული კომუნისტური სახელმწიფოს დამოკიდებულება ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერთა მიმართ თვისებრივად შეიცვალა, რომელიც უშუალოდ აისახა როგორც მთლიანად მეცნიერების დაფინანსების, ისე მეცნიერთა შრომის ანაზღაურების ოდენობის ზრდაში; თანაც მიზანმიმართულად ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი ინტელექტუალური შრომისადმი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ.

    კომუნისტური მმართველობის ქვეშ მყოფ საქართველოში საზოგადოების განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მეცნიერული შრომის მიმართ, რომელიც ძალზედ საპატიო იყო. შედეგად, ხშირი იყო შემთხვევა, როცა მშობლებს ჰქონდათ მკაფიო ხედვა შვილების მომავალთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ აუცილებლად უნდა ესწვლათ ასპირანტურაში და სულ ცოტა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი უნდა მოეპოვებინათ; დიდი სიამაყით აღინიშნებოდა, როცა ოჯახში მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მქონე სიძე თუ რძალი შევიდოდა.

    კომუნისტური რეჟიმის ბოლო წლებში, როცა მექრთამეობა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა (მითვისება) განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მეცნიერის ოფიციალურად მაღალი ხელფასი, ბევრად ჩამორჩებოდა საქმოსნის შემოსავალს. უკვე მაშინ გაჩნდა საზოგადოებაში მეცნიერული შრომისადმი აგდებული დამოკიდებულების პირველი ნიშნები. ამას კი ხელი იმანაც შეუწყო, რომ სამეცნიერო ხარისხებისადმი ავადმყოფურმა ლტოლვამ უფრო მეტად რიტუალური ხასიათი შესძინა დისერტაციების დაცვის პროცესს, შედეგად მოთხოვნა სადისერტაციო ნაშრომის მიმართ მეცნერების მთელ დარგებში თანდათანობით შესუსტდა, რამაც აშკარად დასცა დაცული დისერტაციების დონე. სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდა ახალი სიტყვა "დესერტაცია", რომელმაც დისერტაციის დაცვის ერთ-ერთი მანკიერი მხარე გამოაშკარავა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ეს თავად მეცნიერთა "დამსახურება" იყო...

    გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი უმძიმესი აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსათვის, რომელიც საომარ მოქმედებებში იქნა ჩათრეული, ხოლო ეკონომიკურ პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა ღრმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ქვეყანაში. შედეგად არსებითად შემცირდა მეცნიერული საქმიანობის დაფინანსება, რამაც კიდევ უფრო დასცა შესაბამისი შრომის პრესტიჟულობა.

    მიუხედავად ამისა, ქართველი მეცნიერები, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო დარგების წარმომადგენლები, მიწვეულნი იყვნენ და ახლაც ჯეროვნად არიან წარმოდგენილნი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებში. დაფინანსების სიმწირის მიუხედავად არც თვით საქართველოში შემწყდარა სამეცნიერო საქმიანობა, რადგანაც იყო მეცნიერი ეს მოწოდებაა, ხოლო მეცნიერული შრომა კი - ცხოვრების წესი. აქვე ხაზი იმასაც უნდა გაესვას, რომ ქართველი მეცნიერები ყოველთვის ცდილობდნენ ყოფილიყვნენ დამოუკიდებლობააღდგენილი ქართული სახელმწიფოს და მთლიანად ქვეყნის სამსახურში.

    2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მთავრობის დამოკიდებულებამ მეცნიერებისადმი აგრესიული ფორმები შეიძინა. მიხეილ სააკაშვილის ცნობილი მოწოდება "ჩარეცხვის" შესახებ, უწინარეს ყოვლისა, პროფესორების და მეცნიერი მუშაკების მიმართ განხორციელდა. კერძოდ, უნივერსიტეტებში დაიხურა სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები, ხოლო დამსახურებული პროფესორებისა და მეცნიერი მუშაკების მთელი კოჰორტა დატოვეს უმუშევარი.

    განსაკუთრებული ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. რადგან ის 1941 წლის თებერვალში იქნა დაარსებული, "ნაციონალებმა" მას დააბრალეს, რომ ის მეცნიერების კომუნისტური მმართველობის ინსტიტუტია და ამიტომ უნდა დანგრეულიყო. მიუხედავად აკადემიის პრეზიდენტის თამაზ გამყრელიძის და მისი კოლეგების არაერთი მცდელობისა დაესაბუთებინათ, რომ მეცნიერებათა აკადემიის ტრადიციას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს, რომ ამის ისტორიული დასტური თუნდაც ყ|-ყ|| საუკუნეებში გელათისა და იყალთოს აკადემიებია, "ნაციონალურმა" მთავრობამ ყველაფერი გააკეთა აკადემიის სისტემის დასანგრევად. ჯერ აკადემია კანონდარღვევით ფინანსურად დაუქვემდებარეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შემდეგ ინსტიტუტები აკადემიიდან ამ სამინისტროს დაუქვემდებარეს, ხოლო მოგვიანებით ისინი უნივერსიტეტებში გადაანაწილეს. შედეგად ზოგიერთი ინსტიტუტი ფაქტობრივად გააუქმეს (მაგალითად, სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიისა და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტები, საიდანაც ძირითადი სამეცნიერო ბირთვი დაითხოვეს), ხოლო მათ უმრავლესობას დღემდე არ აქვს სმართლებრივი სტატუსი განსაზღვრული, რაც ფინანსურად მეცნიერთა შრომის ანაზღაურების მიზერულ დონესაც განაპირობებს. საყურადღებოა, რომ მეცნიერთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის მიუხედავად, მთელმა რიგმა ყოფილმა აკადემიურმა ინსტიტუტებმა მაინც მოახერხეს აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება (ამის საუკეთესო მაგალითებს იძლევიან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობს ფიზიკის, პაატა გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტები და სხვ.).

    მეცნიერებათა აკადემიაში მის წვერთა გარდაცვალების შედეგად გამონთავისუფლებულ თანხებს "ნაციონალური" მთავრობა ართმევდა აკადემიას, რომ ამ უკანასკნელს გამოკლებულ წევრთა სანაცვლოდ ახალი წევრები არ აერჩია. ეს იყო მეცნიერებათა აკადემიის "ბუნებრივი სიკვდილით" თავიდან მოშორების გეგმა, რომელსაც არც პარლამენტის "ნაციონალური" უმრავლესობა და არც მისი მთავრობა არ მალავდა!

    მეცნიერებს, ისევე როგორც ქართული საზოგადოების სხვა წევრებს, დიდი იმედები გაუჩინა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებამ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობაც იმედის მომცემი იყო. თუმცა მეცნიერთა დიდი უმრავლესობისათვის გაუგებარ მიზეზთა გამო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის გააზრების საკითხი რატომღაც გატანილი იქნა ამ სამინისტროს კომპეტენციიდან, და ეს არაფორმალურად დაევალა ე.წ. კომისიის საინიციატივო ჯგუფს... შედეგად მივიღეთ არასრულყოფილი შინაარსის დოკუმენტი, რომლის იმ სახით რეალიზება, როგორც ის წარმოდგენილია, ფაქტობრივად ნციონალების მიერ დაწყებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის ნგრევის ლოგიკური გაგრძელება იქნება. სავარაუდოდ, ეს პრობლემა ჯეროვნად გააზრებული უნდა ჰქონდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რითაც (და თანაც უკეთეს შემთხვევაში) შეიძლება აიხსნას მის მიერ მოცემულ სფეროში საჭირო რეფორმათა გატარების დაწყების დროში გაჭიანურება.

    მეცნიერების საფეროში ახალი მთავრობის მიერ რეფორმის დაწყების ხსენებული გაჭიანურება ზოგიერთ სამეცნიერო კოლექტივს ძალზედ ძვირი უჯდება და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც ხდება დიდი სამეცნიერო ტრადიციების მქონე იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. თუ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს დროულ ზომებს, ჩვენ კიდევ ერთ სამეციერო ინსტიტუტს დავკარგავთ...

    საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ამოცანათა შორის ერთ-ერთი მთავარი საქართველოში არსებული სამეცნიერო კოლექტივების გადარჩენა, მეცნიერთა შრომის ანაზღაურების და მთლიანად მეცნიერებაზე გამოსაყოფი თანხების არსებითი ზრდის უზრუნველყოფაა. ეს უკანასკნელი უკვე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიწყოს, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, სათანდო დონეზე უნდა ჰქონდეს გააზრებული ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

    სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთელ მსოფლიოში მეცნიერული შრომა არ არის ჯეროვნად დაფასებული, რისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ის თანაფარდობა, როცა მეცნიერაბაში ყველაზე პრესტიჟული ნობელის პრემია ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე საშუალოდ დონის ფეხბურთელის თვიურ ანაზღაურებაზე რამდენიმეჯერ ნაკლებია. ჩვენ სინამდვილეში კი, მეცნიერებაში ყველაზე პრესტიჟული წოდების - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის სარგო მინისტრის მძღოლის ხელფასს უტოლდება...

    ქვეყნის მომავლისათვის აუცილებელია მეცნიერული შრომის პრესტიჟულობის ამაღლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელიც უმთავრესად მენეჯერობაზეა ორიენტირებული, არც კი დაფიქრდება იმაზე, რომ თავისი ბედი მეცნიერებას დაუკავშიროს.

    ახალი მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2013 წლის ბიუჯეტით მან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას "ნაციონალების" მიერ წართმეული თანხა დაუბრუნა, რის საფუძველზეც, აკადემიამ გაზაფხულზე ჩაატარა აკადემიკოსთა არჩევნები. სამწუხაროდ, რამდენიმე ღირსეული მეცნიერი არ იქნა არჩეული, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსაგავი რამ მსოფლიოს თითქმის ყველა (მათ შორის საქართველოს) აკადემიაში ადრეც მომხდარა და ეხლაც ხდება. ვიმედოვნებ, რომ მომავალ არჩევნებში აკადემიის წევრობის ყველა ეს ღირსეული პრეტედენტი არჩეულ იქნება აკადემიაში.

    აკადემიის შესახებ კანონის თანახმად, აკადემიკოსთა რაოდენობა 70-ზე მეტი ვერ იქნება. ახალადარჩეულ აკადემიკოსთა რიცხვმა 32 შეადგინა, რაც სერიოზული ძალა უნდა გახდეს აკადემიის მუშაობის სტილის გარდასაქმნელად.

    სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ქვეყნისათვის და სამეცნიერო ინსტიტუტებისათვის მტკივნეულ თემებზე პასიური პოზიციის დაკავებამ, ერთობ დასცა ქართულ საზოგადოებაში აკადემიის პრესტიჟი. ამისდა მიუხედავად, აკადემიის არაერთი წევრი "ნაციონალური" ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი შემართებით გამოირჩეოდა, რის მისაბაძ მაგალითს ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, აწგანსვენებული აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი იძლეოდა. თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაში "ნაციონალურ" საფრთხეს არ შეუშინდნენ აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრები. "ნაციონალური" რეჟიმის წინააღმდეგ უკან არასოდეს დაუხევია ცნობილ მათემატიკოს, აკადემიკოს ვანო კიღურაძეს, და, არც თქვენი მონა-მორჩილი (ასევე აკადემიის წევრი), ყოფილა "ნაციონალებისათვის" რაიმეს დამთბობი.

    იმისათვის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დაიბრუნოს მეცნიერთა შორის ნდობა და საზოგადოებაში დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი, აუცილებელია, რომ გაერკვეს, თუ რა მდგომარეობაა ყველა იმ ინსტიტუტში, რომელიც ერთ დროს აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურ რეჟიმში (იმისდა მიხედვით, თუ რომელ მათგანი რა პრობლემის წინაშე დგას) გვერდზე დაუდგეს და უშუადგომლოს საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროების თუ უნივერსიტეტების წინაშე, რათა ინსტიტუტები, მათი სამეცნიერო პოტენციალი გადარჩეს და მისი განვითარების საფუძვლები განმტკიცდეს. ინსტიტუტების სამეცნიერო კოლექტივები რეალურად უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, და რომ მათ გვერდზე აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა კორპუსი დგას!

    მეცნიერებათა აკადემია უნდა გახდეს მთავარი ლობისტი ამ ინსტიტუტებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნების საკითხში.

    აუცილებელია მომზადდეს ცვლილებები კანონში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს "ნაციონალების" მიერ გაუქმებული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის არჩევის უფლების აღდგენა, რაც უნდა გახდეს შედარებით ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიაში "ჩართვის" წამახალისებელი ფორმა.

    ამ კანონში შესატანი ცვლილებების საფუძველზე სამეცნიერო-კვლევით სექტორში დაკავებულ მეცნიერთათვის უნდა აღდგეს კვალიფიკაციის ისეთი ნორმა, როგორიცაა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ხარისხის მინიჭება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭება უნდა ხდებოდეს საჯარო დაცვის საფუძველზე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამსხვილებული დარგობრივი (მაგალითად, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ეკონომიკა და ა.შ.) სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, რომელიც აკადემიის და მოცემული დარგის სხვა თვალსაჩინო წევრებიდან უნდა დაკომლექტდეს.

    დღეს ხელისუფლებაში თანდათანობით იკვეთება პოზიცია, რომლის თანახმადაც სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრი უნდა შეიქმნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში, და ამ ცენტრის ქოლგის ქვეშ თავი უნდა მოიყაროს დღეს ჯერ კიდევ შემორჩენილმა, "ნაციონალური" დევნისაგან გადარჩენილმა ზოგიერთმა ინსტიტუტმა. ეს მოდელი აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ქვეყანას უკვე აქვს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის წევრები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მხოლოდ არჩევნების გზით ხდებიან, მაშინ როცა სამინისტროში შემავალი ცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა პოზიციები დანიშვნითი იქნება. განა მაცნიერისათვის უკეთესი არ იქნება აკადემიაში მყოფ კოლეგებთან, ვიდრე ამის ნაცვლად ცენტრის ბიუროკრატებთან ურთიერთობა? თანაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ იმდენად მდიდარი სახელმწიფო, რომ მეცნიერებათა აკადემიის პარალელურად ცენტრის სახით ახალი ბიუროკრატიული ინსტიტუტი შევინახოთ ბიუჯეტის ხარზე.

    აქედან გამომდინარე, ცვლილებები კანონში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ უნდა ითვალისწინებდეს მის შემადგენლობაში ინსტიტუტების დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მის სამეცნიერო კოლექტივებს ამის სურვილი ექნებათ. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი მოდელი წარმატებით გამოიყენება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაეში (მაგალითად, ავსტრიასა და უნგრეთში).

    დაბოლოს, უმთავრესი, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ სამეცნიერო კვლევების სიტემის მოშლა სულაც არ არის ძნელი, ხოლო მის შექმნას ხანგრძლივი დრო და დიდძალი ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ის, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩა!

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    დავით კურტანიძე   (07.06.2013)
    საინტერესო და სწორია აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თვალსაზრისი მეცნიერული შრომისა და მეცნიერებათა ეროვნილი აკადემიის შესახებ. რა ცენტრის შექმნაზეა ლაპარაკი? მაგენი სულ დაიცენტრენ ერთბაშად?

    ვაჟა კაკაბაძე   (06.06.2013)
    უპირველეს ყოვლისა ნება მომეცით გამოვხატო პატივისცემა თქვენს მიმართ და მერე მოგახსენოთ, რომ ვეთანხმები თქვენს ფორმულირებას. მართალია მე დიდი მეცნიერი არ ვარ, მაგრამ მეცნიერების დიდი ქომაგი ნამდვილად ვარ, და იმათზე მეტი ვისაც თავისი თავი დიდ მეცნიერად მოაქვს. მეცნიერება ყველაფრის საწყისია, მათ შორის კულტურის და წესიერების, რაც ასე გვაკლია ახლანდელ ქართველებს. მეცნიერება ეს წინსვლაა ყველა ეკონომიკურ დარგში და თუ მას უფლის წრმენა ახლავს ის ხდება ალამდარი ერის განვითარების. პატივისცემით, ვაჟა კაკაბაძე


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter