სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.06.2013

    გამოჩენილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი 1930 წელს დაიბადა წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში. ადრე დაობლებულს, გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ თოხი, ბარი და კალამი არასოდეს გაუგდია ხელიდან.

    მისი პირველი მოთხრობა "ნიშო" 1954 წელს დაიბეჭდა საბავშვო გაზეთში. მისი პირველი წიგნი "კარის მეზობლები" 1957 წელს დაისტამბა. 1961 წელს გამოვიდა რომანი "ვარსკვლავთცვენა", რომელშიც ომის თემატიკა განსაკუთრებული სიფაქიზითაა დამუშავებული. წიგნი მეორე წელსვე ითარგმნა რუსულად, შემდეგ ჩეხურად, ლიტვურად, ლატვიურად, ესტონურად, პოლონურად, ბულგარულად, ჩინურად.

    ბატონი ოტიას პირველი პიესა "ადამიანი იბადება ერთხელ" 1961 წელს დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. იმავე თეატრმა 1969 წელს დადგა "სანამ ურემი გადაბრუნდება". პიესას საოცარო წარმატება ხვდა წილად - ყოფილი საბჭოთა კავშირისა და უცხოეთის ასზე მეტ თეატრში დაიდგა. "ურემი" შევიდა მსოფლიო დრამატურგიის რჩეულ 100 პიესათა რიცხვში, რომელიც აშშ-ში გამოიცა.

    მისი რომანები, ნოველები, მოთხრობები, პიესები მსოფლიოს ხალხთა 30 ენაზეა თარგმნილი შვიდ მილიონამდე საერთო ტირაჟით.

    ნაჯაფარი, სამშობლოს ბედით გულგასენილი, ხალხის საყვარელი მწერალი ოტია იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს ცად ამაღლდა...

    90-იანი წლების ბოლოს გაზეთ "ევრაზია-ექსპრესთან" ვთანამშრომლობდი. გაზეთის რედაქტორი, ბატონი ანზორ გვარჯალაძე კეთილშობილი პიროვნება იყო. მისი გაზეთი იმ წლებში, ალბათ, ერთადერთი იყო, რომელიც ავტორებს ჰონორარს უხდიდა (ამჟამად იგი მოსკოვში მოღვაწეობს).

    ბატონი ანზორი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ. თანამშრომლებს ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ჰონორარი მცირე იყო, მაგრამ იმ დუხჭირ დროში, როცა უნივერსიტეტის პროფესორს 70 ლარს უხდიდნენ, ის მცირე ჰონორარიც დიდი შემწეობა იყო; ბატონმა ანზორმა წყალტუბოში "დიპლომატიური მისიით" მიმავლინა, ბატონ ოტიასთან გაზეთის ახალი ნომრები გამატანა, თან რედაქციის სურვილიც გავაცანი, რომ "ჩქარი მატარებლის" დაბეჭდვას ვაპირებდით. ბატონმა ოტიამ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მრავალათასიან კოლექტივს ახალი წელი მიულოცა, გაზეთ "ევრაზია-ექსპრესის" რედაქციას კი უსურვა, საკუთარი ხელწერა შეენარჩუნებინა და არავის დამსგავსებოდა, მკითხველის სატკივარიც მუდამ გვტკენოდა, ხოლო მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნოველა - "ჩქარი მატარებლიდან" - "დაბადებასთან" დაკავშირებით გაიხსენა:

    - "1960 წელია. მოსკოვში ვსწავლობდი, სსრ კავშირის მწერალთა კავშირთან არსებულ უმაღლეს კურსებზე. მთარგმნელობითზე იყო საშა ებანოიძე. ერთი კურსით წინ იყვნენ შოთა ნიშნიანიძე და შოთა როყვა...

    კურსზე ოცდაათი კაცი ვიყავით. დადგენილი იყო - რიგრიგობით უნდა წარგვედგინა თითო ნაწარმოები, რომელსაც გადაბეჭდავდნენ, ყველას დაურიგებდნენ და დანიშნულ დღეს ავტორი წაიკითხავდა. შემდეგ იწყებოდა განხილვა.

    მე რუსული მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი. ვიჯექი ჩემთვის დაღვრემილი, ჯირკივით, არც ისინი მაწუხებდნენ. გვერდს მივლიდნენ. როცა ჩემი რიგი მოვიდა - გადამახტნენ, ამას რა ექნებაო ან რა გავაგებინოთო... არადა, მთავრდება სემესტრი. თუ ერთხელ მაინც არ გამოხვალ "ობსუჟდენიე"-ზე, როგორ ჩაგითვალონ... ბოლოს მოიარებით მანიშნეს - ჩვენ რომ ვშვებით, ისე შენც უნდა ქნაო, რომ რაცხა ჩაგიწეროთო... სწორედ წინა დღეს მომიტანა საშამ "ჩქარი მატარებელი" თარგმნილი, გადაბეჭდილი, აგერ მიდევს უჯრაში...

    - მაქვს რაცხა, მაგრამ მე ვერ წავიკითხავ-მეთქი.

    წერა თქვი, თორემ კითხვა ჩემს გარდა ყველამ მშვენივრად იცოდა. ადგა ერთი ტულელი გოგო - მე წავიკითხავო. რა კარგია, რომ პატარაა, დიდი რა საჭიროაო და... დაიწყო.

    მშვენიერი კითხვა იცოდა. ჩაარიხინა უცებ... დაამთავრა და... გაშეშდა ყველა...

    ჩვენი კურსის ხელმძღვანელები იყვნენ იზბახი და ბორის ბედნი. უცებ პირკატა ეცათ!

    - სად ეს ცინცხალი ნოველა და სად ეს ღჯუ კაციო! ეს კაცი რომ ამის დამწერი არაა - ნაღდია! მარა, ნეტა, ვინ მოკლა ამ უპატრონომ, ვინ გააუბედურა, ვის წაართვაო - ეწერათ სახეზე... პირველმა ელდამ გაიარა. მერე მოდგნენ და დაიწყეს ქება, მარა მე კი არა - იმ ვიღაცას აქებენ, ვინც ეს დაწერა... თან მაგრძნობინებენ - რა ცოდვა ჩავიდინე, ეს მარგალიტი ვის ავაცალე...

    კურსზე საბერძნეთიდან ჩამოსული ერთი სომეხი გვყავდა - სურენიანი. სხვათა შორის, დოსტოევსკი თარგმნა სომხურად. ჰოდა, წაართვა ყველას სიტყვა. ორი საათი ილაპარაკა.

    - თქვენ რომ გინდათ მშრომელი ადამიანი, - ა, ბატონო, ესააო, მერე რა მშვენიერი, ხელუხლებელიო... ერთი სიტყვით, დამთავრდა სემესტრი. მივიღე ჩათვლა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

    მოგვცეს თვენახევარი შვებულება.

    ოღონდ, ამჯერად დაირღვა რიგითობა და - მეცადინეობას შენით ვიწყებთო! - წინასწარ გამომიცხადეს კურსის ხელმძღვანელებმა, - რაცხა ბიჭიც ხარ, ქე გნახავთო...

    ვეცი საშას. მთელი შვებულება ფეხი არ გამოგვიდგამს მოსკოვიდან. მიადგა საშა და ჩააგვირისტა ჩემი "თეთრი ქალიშვილი", "ლევანა", "ქვრივის ცრემლები", "ცეცხლთან თამაში", "მეწისქვილის ქალიშვილი"...

    მახსოვს, მოლდაველი ქალი იყო - მალენა - ძაან გაბრაზდა "ქვრივის ცრემლებზე"...

    - ეს რა უბედურებაა, ქალი რენტგენივით გააშიშვლა, ჩვენ არაფერი დაგვიტოვაო...

    - ჰოდა, იმ დღიდან დავჯექი ქურდად (იცინის). მოჰქონდათ და მოჰქონდათ თავიანთი ნაწერები - როგორიაო...

    სწორედ მაშინ ლენინურ პრემიაზე იყო წარდგენილი ჩინგიზ აიტმატოვის "ჯამილა", რომელიც ჩვენს კურსზე განვიხილეთ. თურმე არიან მოჩერებულები - რას იტყვისო. უკვე ქე ვამტვრევ ცოტ-ცოტას რუსულად. სხვათა შორის, მაშინ ასტაფიევი მეხმარებოდა, ისიც ჩვენს კურსზე იყო. ასტაფიევმა თარგმნა ჩემი "მოთხრობები ოჯახზე". მანვე თარგმნა "ცხრა მთას იქით" და მართლაც ცხრა მთას იქით გამოსცა - ურალში. მერე "ცხრა მთას იქით" საშამაც თარგმნა, დიპლომიც ამაზე დაიცვა. შემდეგ, როცა ეს წიგნი მოსკოვში ხელახლა გამოსცეს, საშას თარგმანი არჩიეს. ამაზე ძლიერ გამინაწყენდა ასტაფიევი, ეგონა, ჩემი ჩარევით მოხდა. არადა, უბრალოდ, საშას თარგმანი უფრო მოეწონათ.

    - იმას ვამბობდი, - გამოვედი და ვთქვი - "ჯამილა" არ მომეწონა-მეთქი. ძალიან გაუკვირდათ.

    - კი, ბატონო, დიდებული ენითაა დაწერილი, მაგრამ მე ამაში ეროვნული სული ვერ ამოვიკითხე-მეთქი, ეროვნული ხასიათი და ბუნება ვერ შევიგრძენი, ეს უფრო გარუსებული ქალია. არ მირჩევნია, ამას რუსისგან წავიკითხავ-მეთქი?

    აიტმატოვი იმდენად პოპულარული იყო, ამის თქმა მაშინ ადვილი არ გახლდათ, მაგრამ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.

    იქვე, მოსკოვში დავიწყე "ვარსკვლავთცვენის" წერა. ერთ დღეს ჩამოვიდა სულგანათლებული გრიშა აბაშიძე. მითხრა - რომანი გქონია, გამატანეო. ვიუარე - ჯერ არ ვიცი, რა გამომივა-მეთქი.

    - სანამ დაამთავრებ - ბარემ ბეჭდვას დავიწყებო... გავატანე რამდენიმე თავი. უკან დასახევი გზაც მოვიჭერი. ჩავუჯექი. "მნათობმა" როგორც კი დაამთავრა ბეჭდვა - ცალკე წიგნადაც გამოვიდა...

    ეს ამბები უძღოდა "ჩქარ მატარებელს"...

    ჯუმბერ ჯიშკარიანი

    "ჩქარი მატარებლიდან"

    (ნაწყვეტი ნოველიდან)

    მემანქანის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა, ჩვიდმეტი წელი ის-ის იყო შემისრულდა და რადგან ჩვენი საერთო საცხოვრებელი ზედ რკინიგზის პირას იდგა, სადგურთან ახლოს, მემანქანეობა იყო ჩემთვის ძილში და ღვიძილში საოცნებო და საფიქრალი.

    ასე იყო თუ ისე, ამას ამბისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ეს კია, რომ მოვეწყვე მემანქანის თანაშემწედ და იმ დღესვე, რასაკვირველია, ორთქლმავალზე დავიდე ბინა.

    ორთქლმავალი კი, როგორც მოგეხსენებათ, ოთხამოღებული ჭენებისთვისაა ამქვეყნად გაჩენილი და ახლა რომ ხაშურშია, ერთ საათში მოლითის დაღმართში თავს ძლივს იკავებს, ზესტაფონში რომ გგონია, შიგ შუაგულ გვირაბში ოხრავს და ქშინავს, ქოთქოთებს, აწყდება ხან ამ მთას, ხან იმ მთას, ერთი სიტყვით, დადის აქეთ-იქით.

    მივდივართ ხან აღმა, ხან დაღმა, ხან რომელ სადგურში დავასობთ ფეხს და ხან რომელ მოსახვევში დავაფრთხობთ რკინიგზის პირზე მობალახე თეთრხალებიან ძროხას. ხან მთის გულში ვართ, ხან მდინარეზე, რომ იტყვიან, ცა ქუდად და დედამიწა ქალამნადო.

    პირველსავე დღეს აღმოსავლეთისაკენ ავიღეთ გეზი.

    მიქშინავს, მითუხთუხებს ჩვენი ვეშაპი და მიითრევს გრძელ კუდს. ვდგავარ შიგ და ასე მგონია, ეს ვაგონები მე მკიდია მხარზე, მკიდია და მიმყავს, მივაქროლებ, არაფრადაც არ ვაგდებ, ვაგონების რა მცოდნია, ეს სადგური მომდევით ზურგზე, ეს მთა წამომკიდეთ, ამ მდინარეს აღმა წავიყვან, ამ ცას, თუ მოვინდომე, ცალ ხელში დავიჭერ.

    ორთქლმავალი მიდის, ექაჩება შემადგენლობას, ჩამოვწევ ბერკეტს, აწივლდება, შეიცხადებს, გაიფოფრება, დაფრთხებიან ჩიტები, ყვავები, მოკუნტრუშე ხბორები, ბავშვები ყურზე აიფარებენ ხელისგულებს, ჯაგზე მიბმული თიკანი მიაწყდება აქეთ-იქით.

    ორთქლმავალი გრუხუნებს მთებს შორის, მიბრაგუნებს ხიდებზე და მიდის.

    სოფელი, მდინარე, ყანები, ვენახები, ალვები, მუხები, ქალი, კაცი, ცა და მიწა - ჩემია ქვეყანა.

    ვიქნევ ხელს, ქუდს, თავს, მთელი ზედატანით ვიხრები სარკმელში.

    - გამარჯობათ, ხიდებო!

    - გამარჯობათ, ბავშვებო!

    - თქვენი სიცოცხლე, მუხებო, ვენახებო!

    - მთაო!

    - კაცებო!

    - გამარჯობათ, გამარჯობათ, ვენახებო!

    მთის ფერდობზე ოდა მოჩანს, შორიდანვე კარგად ვარჩევ, ოდა ბოკონებზე დგას, საცალფეხო, უსახელურო კიბე აქვს მიდგმული. ოთახის ფანჯარა ღიაა, ეს წითელი რა უნდა იყოს ფანჯარაში?

    მთა აიტუზა, გაქრა ოდა, ოთახი, ფანჯარა... მაყვალი შეწითლებულა, აგერ აქვეა, ხელით მივწვდები.

    - გამარჯობა, მაყვალო!

    ისევ მთის ფერდობი, ოდა კარგად ჩანს, ფანჯარა ღიაა. რაფაზე გოგონა შემომჯდარა. წითელი კაბა აცვია, ხელში ცისფერყდიანი წიგნი უჭირავს.

    - გამარჯობა, გოგონა! - ვიქნევ ხელს, თავს, ვიცინი...

    იქნევს წიგნიან ხელს, მიცინის, იწევა ფანჯრიდან, ისევ მიქნევს ხელს.

    მატარებელი მიქრის, გასცდა სახლს, სადაცაა - თვალს მიეფარება გოგონა, მაგრამ არა, აივანზე გამოდის, აივნის კუთხეში სვეტს ეხვევა, მარცხენა ხელით ეკიდება აქეთ, ჩემკენ და იქნევს ხელს, იქნევს...

    მიდის მატარებელი...

    - ნახვამდის, გოგონა!

    ეფარება თვალს ჯერ გოგონა, მერე სახლი, ეზო, ფერდობი, მატარებელი სალ კლდეს მისდევს, მე უკან ვიცქირები, თითის წვერებზე ვდგები, რაღაც კიდევ მინდა დავინახო.

    მიდის მატარებელი, მიდის ქოთქოთით, ვიშვიშით, დავიდარაბით, ისევ სახლები, ხეები, მდინარე, ხიდი, ბავშვები, ხბორები, ვენახები... ვენახები.

    ნელა გავიარეთ სადგური, ვუმატეთ სვლას და ისევ გადაიშალა წინ მაღალი მთები, დაბალი ჭალები, აქაფებული მდინარე. ისევ მიქნევენ ხელს, ისევ ისე ფრთხება პირუტყვი, ისევ ბიბინებს ფერდობზე ხასხასა ბალახი და ჟუჟუნა ყვავილები იღერებენ ყელს მდელოებზე.

    საღამოს ვბრუნდები უკან, ცისტერნების ერთ უშველებელ შემადგენლობას მოვათრევთ. მზე იწურება. ხევებში ბინდი წვება, ხიდებს ქვეშ სიბნელეს შეუფარებია თავი. მე ვიჩქარი, სადღაც ვიჩქარი, რაღაც მიზიდავს წინ, არ ვიცი - რა, არ ვიცი - ვინ, მინდა კი - ჩქარა, ჩქარა გავლიო გზა. მეშინია, არ ჩამობნელდეს. აი, სადგურიც! აგერ კლდეები, თითქმის თავზე გადმოხურული და უსიცოცხლო, ვიცქირები ფანჯარაში, ვიცქირები წინ, საცაა უკან დარჩება ეს ლოდები და გამოჩნდება ფერდობი, ეზო, სახლი, ღია ფანჯარა...

    აი, დაადგა საშველი, რამდენი მთა გაუჭრიათ, რამოდენი კლდე გაუნგრევიათ...

    ოტია იოსელიანი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×