სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.06.2013

    ნოდარ ნათაძე

    ვისი ატვირთულიც უნდა იყოს კლიპები მოჯაჰედების მუქარისა საქართველოს მისამრთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯიჰადის პერსპექტივა მაინც რეალური რჩება. ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ კი სააკაშვილმა რომ მასობრივად გადასცეს ჩვენს ქვეყანაში შემოხიზნული ჩეჩნები რუსეთს, ამით მათ არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიის პირდაპირი ღალატი ჩაიდინეს, არამედ ჯიჰადის რეალური წანამძღვარიც შექმნეს. უფრო ზუსტად: მათ ამით თავის რუს ბატონს საშუალება შეუქმნეს, რომ საქართველოში რაგინდარა მასშტაბის დივერსიები მოაწყოს თითქოსდა "ჩეჩნების" სახელით, რომელნიც საქართველოზე ამ ღალატის გამო ნაწყენნი არიან.

    რუსეთის ხელისფლება, რომელიც საკუთარ ქალაქებში სადარბაზოთა აფეთქებებს არ ერიდება ჩეჩნებისთვის "ტერორიზმის" შარის მოდების მიზნით, მითუმეტეს არ მოერიდება ამგვარ აქტებს თავის "პირველ ნომერ მტერ" საქართველოში. დღეს ეს საშიშროება, რომ მუსლიმანურ ძალთა ამა თუ იმ ნაწილმა საქართველოს დაუმიზნოს, თანდათანობით მწიფდება შემდეგი მიმართულებებით.

    1. ისლამის თანმიმდევრულად შემტევი პოზიცია მზარდ ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას აწყდება დასავლეთში. სიტყვა "ისლამისტური" უკვე ორი-სამი წელიწადია (თუ მეტი არა) რაც, სალანძღავ ეპითეტად იქცა დასავლეთის პოლიტიკურ ენაში. ამით ჩნდება ხელსაყრელი ფონი (თუმცა, ლოგიკურად არა საკმარისი საფუძველი) დასავლეთის საპასუხო დარტყმისათვის (ამა თუ იმ ფორმით) ისლამის ამა თუ იმ საკვანძო პოზიციებზე.

    ამ დარტყმისათვის კეთილგანწყობილი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნას მსოფლიო საზოგადოებრიობაში სჭირდება ისლამისტური ძალების წამოგება დიდ დანაშაულზე სამართლიანობისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ.

    რუსეთისთვის, რომელსაც ისლამურ სამყაროში საკმაოდ ძლიერი კავშირები აქვს, იმაზე ხელსაყრელი არა არის რა, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჯიჰადის სტიმულირება, რომელიც საქართველოს დემოგრაფიულ, სათავდაცვო, ეკონომიკურ და ზოგადად ეროვნულ პოტენციალს სასიკვდილო ლახვარს ჩასცემს მანამდე, სანამ მსოფლიო ამის ასე თუ ისე ხელის შეშლას მოიფიქრებდეს. რუსეთი ამით მოიგებს ორმაგად:

    ერთი, რომ იგი სცენიდან ჩამოიყვანს საქართველოს, როგორც თავის მთავარ (უფრო ზუსტად -ერთადერთ) რეალურ მოწინააღმდეგეს კავკასიაში, რომელიც ხელს უშლის რუსეთს დასავლეთისათვის შუა აზიისკენ გზის გადაკეტვაში, რაც, სხვათა შორის, სასიხარულო იქნება ირანისათვისაც და თურქეთისთვისაც, თუმცა ეს უკანასკნელი ნატოს წევრია.

    მეორე, დასავლეთის საპასუხო რეაქცია ისლამის პოლიტიკაზე რუსეთს შეუმსუბუქებს (ან სულაც მოუხსნის) იმ საკუთარ საშიშროებას, რასაც იგი ყოველწუთიერად ელის ისლამის სამყაროს მხრიდან, რადგან ეს სამყარო მუდამ მზადაა, რომ რუსეთის კოლონიური ხალხები, მუსლიმანები დარაზმოს რუსეთის წინააღმდეგ და მათ საკუთარი ძალით დაეხმაროს.

    2. დასავლეთის და "აღმოსავლეთის" ამა თუ იმ პარამეტრებში დაპირისპირებულობის პროცესში (რაც ფაქტია) დასავლეთს აღმოსავლეთში დღეს ორი ძირითადი ფორპოსტი გააჩნია: ერთია ისრაელი, მეორეა საქართველო. თუ სიატუაციას (ძალთა განლაგებას) განვიხილავთ პირწმინდად სტრატეგიულ პლანში, მაშინ ისრაელი ჩაითვლება "ფრონტის" მარჯვენა ფლანგად, ხოლო საქართველო - მარცხენად.

    თუ განვიხილავთ მას უფრო წყნარ - სოციალურ-ეკონომიკურსა და ზოგადჰუმანიტარულ - პლანში, მაშინ ამ ორ ფორპოსტს შორის ერთგვარი მეგობრული "კონკურენციის" მიმართებაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ჯიჰადის ძალთა მიმართვა საქართველოზე თავდასხმისკენ ბუნებრივად ამსუბუქებს მათს შეტევით მუხტს ყველა სხვა მხარისკენ.

    ლოგიკური არ იქნება, თუ რუსეთის სამსახურები არ გამოიყენებენ ამ ხელსაყრელ გარემოებებს საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის ორგანიზაციის მიმართულებით, რითაც, სხვათა შორის, თავის ქვეყანას ააცილებენ იმ ძალიან მძიმე პირობის შესრულების ტვირთსაც, რომელიც მათ დაიდეს ლავროვის განცხადებით "თუ დასავლეთი სირიას დაარტყამს, ჩვენ საქართველოს დავარტყამთო".

    ბუნებრივად ეჭვი მიჩნდება - ხომ არ არის ეს სწორედ ის სცენარი, რომელიც ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის აზრით, სადღაც იწერება უჩვენოდ, თუმცა ჩვენ გვეხება?

    რა ჰმართებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში? ჰმართებს ის, რომ საქართველო მზად იყოს მის წინააღმდეგ მოსალოდნელი ჯიჰადისათვის. სახელდობრ:

    1. საქართველო უმოკლეს დროში უნდა გახდეს სათავდაცვოდ მობილიზებული ქვეყანა. და არა, მაპატიეთ, მთხლე ისეთი კადრით, რომელიც დღეს თავდაცვასთან დაკავშირებულ უმრავლეს თანამდებობებზე ჰყავს, მთავარსარდლით დაწყებული. მას უნდა ჰყავდეს, თავდაცვის სხვა კომპონენტებთან ერთად, ტოტალურად გაწვრთნილი მოსახლეობა (რაც სკოლაში მომზადების გარეშე და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ინსტიტუტის რეალური ფუნქციობის გარეშე ვერ მიიღწევა) და ამგვარ მოსახლეობაზე აგებული სამოქალაქო თავდაცვა);

    2. უნდა ჰქონდეს მცხოვრებთა სრული აღრიცხვა საცხოვრებელი ადგილების ჩათვლით.

    3. უნდა შეწყდეს განუკითხავი იმიგრაცია და მკაცრად აღირიცხოს უკვე არსებული. სხვა სიტყვით; უნდა შეწყდეს ახალი მოსახლეობის მიერ საქართველოს მშვიდობიანი დემოგრაფიული, ეკონომიკური და კონფესიური (მშვიდობიანი ათვისების პროცესი).

    4. უნდა დაფიქსირდეს მსოფლიო ტრიბუნებიდან და მუდმივად ჟღერდეს ის კონსტატაცია, რომ საქართველო ათასწლეულზე მეტი ხნის მანძილზე თავს იცავს აგრესიული ისლამის ზღვისგან (100 000 მოწამის ფაქტი, კახეთის აყრის ფაქტი და სხვა მრავალი), რის გამოც დღეს განსაკუთრებული ტიპის პოლიტიკა და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ჰმართებს. ლიბერალობის გადაჭარბებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიოსაგან ისმენს, საქართველო პასუხს უნდა იძლეოდეს იმის განმარტებით, რომ ამ მოთხოვნებს, ბუნებრივად და სამართლიანად, იგი ზღუდავს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესის - უსაფრთხოების - სასარგებლოდ.

    5. საქართველოს უნდა ჰქონდეს სასაზღვრო ზოლი, 5-10 კმ-ის სიგანისა, არასასურველი შემოღწევის ყველაზე არასასურველ სახეობათა აღსაკვეთად.

    6. დასასრულ, უნდა ჰქონდეს დიპლომატიური და არაფორმალურ-დიპლომატიური კონტაქტი მსოფლიო ისლამის წამყვან ძალებთან იმ იდეოლოგიით, რომ - ისლამური ქვეყნები დღეს ბედნიერნი არიან, წინა საუკუნის ამ წლებისგან განსხვავებით, იმით, რომ ყველა ისლამური სახელმწიფო თავისუფალია. საქართველოს მათთან გასაყოფი არაფერი აქვს და მათს წინსვლას ყველანაირად მიესალმება - ისლამური ქვეყნების ის ნაწილი, რომელიც ჯერაც კოლონიალიზმში იმყოფება - ჩრდილო კავკასიის ქვეყნები - საქართველოს სისხლითა და კულტურით მონათესავე ქვეყნებია და საქართველო გაეროს წევრი ის სახელმწიფოა, რომელიც მათი განთავისუფლების საქმის ლობირებას მსოფლიო ასპარეზზე თავის პრიორიტეტულ ამოცანად რაცხს (უნდა ლობირებდეს კიდეც).

    ასეთი პოლიტიკის გატარებას არა მხოლოდ ერთგული, არამედ ამასთან ერთად, მაღალი ადამიანური ხარისხის მატარებელი ხელისუფლება სჭირდება - სათანადო "აიქიუს" ("ინტელექტუალური ხარისხი"-ს მქონე, მორალური, ეროვნული და სამართლებრივი შეგნების დონემდე განვითარებული. ძირითადი ადამიანური ქველობებით აღჭურვილი.

    ასეთ ადამიანთა რესურსი საქართველოში არის. იგი მასას - ხალხს, როგორც ასეთს - არანაკლები პროპორციით აქვს, ვიდრე დედამიწის ყველაზე მაღალგანვითარებულსა და ბედნიერ ხალხს. ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დღეს ყველაზე კარგი სამკურნალო საშუალებაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×