სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    18.06.2013

    ბატონო გიორგი, 2012 წლის ოქტომბერში თქვენი მინისტრად დამტკიცების შემდეგ პროფესიული განათლების პროფესიულმა კავშირმა მოგმართათ აუცილებელ ღონისძიებათა ჩამონათვალით, რომლის გატარების შემთხვევაში, ჩვენი ხედვით, პროფესიული განათლების სისტემა აღორძინდებოდა, განვითარდებოდა და ახლად შექმნილი რეალური ფუნქციებით შეუერთდებოდა ერთიან ევროპულ ოჯახს.

    საკმაოდ დიდ ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველ აუცილებელ საჭიროებად ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და დღესაც ასე მიგვაჩნია, რომ სერიოზულად გადასამუშავებელი და დასახვეწია კანონი "პროფესიული განათლების შესახებ".

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ხელახლა მოგმართეთ 2013 წლის 20 თებერვლის #558/02 წერილით, სადაც ვასაბუთებდით პროფესიული კოლეჯებისათვის ავტორიზაციის ახალი ვადის შემოღების საჭიროებას, რისთვისაც სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს შემოგთავაზეთ კონკრეტული ცვლილებები კანონში "პროფესიული განათლების შესახებ".

    ანალოგიური საკითხები ჩვენ მიერ დაყენებული იქნა პროფესიული განათლების ერონული პროფესიული საბჭოს წინაშე 2013 წლის 15 მარტს ჩატარებულ სხდომაზე და შემოვედით წინადადებით, აღნიშნული საბჭოს ფორმატში შექმნილიყო დამატებითი თემატური ჯგუფი, რომელიც სოციალური პარტნიორების მონაწილეობით იმუშავებდა კანონმდებლობის დახვეწაზე.

    ყველა ზემოთ ხსენებული წინადადება მოწონებული იქნა პროფესიული განათლების სისტემის კურატორის ქ-ნი ქეთი ნატრიაშვილის მიერ, აგრეთვე ამ საკითხებზე შევჯერდით თქვენთან გამართული მუშა შეხვედრების დროს. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მაისის თვეში სამინისტროს აპარატში ისე შემუშავდა კანონპროექტი "პროფესიული განათლების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომ მისი სრული ტექსტი ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 30 მაისს ის განიხილა და საქართველოს პარლამენტმა 3 ივნისს ბიუროზე განხილვის შემდეგ გადასცა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაჩქარებული წესით განხილვისათვის და პლენარულ სხდომაზე გამოსატანად.

    მხოლოდ 2013 წლის 7 ივნისს აღნიშნული კანონპროექტი განხილულ იქნა ეროვნული პროფესიული საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. ხანგრძლივი დებატების შედეგად დამსწრეთა უმრავლესობამ არ მოიწონა შემოთავაზებული წინადადება ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდების შემოღების თაობაზე.

    საბოლოო ჯამში ითქვა, რომ ეს არის ნაჩქარევი სიახლე, არ არის შეჯერებული და მოწონებული საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯების პედაგოგიურ კოლექტივებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ანალოგიური გამოცდები არ ტარდება ევროპისა და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მისი ჩატარების შემთხვევაში დაიხარჯება დიდძალი საბიუჯეტო თანხები, ხოლო არანაირი შედეგი არ იქნება, ვინაიდან საკითხის გამომტანების განმარტებით, ჩააბარებს თუ არა ტესტებს კოლეჯში სწავლის მსურველი, ის ყველა შემთხვევაში მაინც ჩაირიცხება შერჩეულ სპეციალობაზე.

    აგრეთვე ნახსენები იყო, რომ შეიცვლება სწავლის მსურველთა რეგისტრაციის წესი, ჩატარდება მათი ერთიანი ელექტრონული რეგისტრაცია, რაც იქნება კიდევ ერთი შემაფერხებელი მომენტი, ვინაიდან საქართველოს რეგიონებში, მის მრავალ სოფელსა და ქალაქში რეალურად ნაკლებია შესაძლებლობა, თითოეულ ოჯახს გააჩნდეს კომპიუტერი და ინტერნეტი, რის გამოც სწავლის მსურველები ვერ გაივლიან რეგისტრაციას.

    აგრეთვე დახვეწას მოითხოვს შემოტანილი კანონპროექტის ის მუხლი, რომელიც შეეხება ავტორიზაციის ახალი ვადის დადგენას და იმ პროფესიული კოლეჯების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა შეეხოს აღნიშნული მუხლის მოქმედება. დასაზუსტებელია იმ მუხლის ჩანაწერი, რომელიც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც განახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

    ჩვენ ვთვლით, რომ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეეხოს ისევე, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს მოქმედი კანონი, მხოლოდ საბიუჯეტო პროფესიულ კოლეჯებს - სსიპ-ებს. ახალი მუხლის მიხედვით, ეს ვალდებულება დაეკისრება მთავრობას, რომელსაც და ევალება, დააფინანსოს მომავალში ა(ა)იპ-ებიც, აგრეთვე ყველა საბიუჯეტო და ა(ა)იპ-ის ფორმის უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც განახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და დაფუძნებულები არიან სახელმწიფოს მიერ.

    დანარჩენი ცვლილებების მიმართ გაგვაჩნია დადებითი დამოკიდებულება და მათი მიღებით ვთვლით, რომ ხელი შეეწყობა პროფესიული განათლების გარკვეულ გაუმჯობესებას. დღეისათვის გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა იმ ახლად დასაფუძნებელ პროფესიულ კოლეჯებს, რომლის საჭიროების დასადგენად თქვენი 2013 წლის 28 თებერვლის #69 ბრძანებით შემდგარი იყო სპეციალური კომისია და 3 თვიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა თქვენთან წარსადგენად რეკომენდაციები 20 პროფესიული კოლეჯის დაფუძნების თაობაზე.

    ჩვენთვის ცნობილია, წარმოდგენილი არის თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები და რა რეაგირება არის თქვენ მიერ. ამავე საკითხზე თქვენ მოგმართათ შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერებმა ზ.ძიძიგურმა, მ. დუმბაძემ, მ.კობახიძემ, კომიტეტის თავმჯდომარეეებმა დ.ხუნდაძემ, დ.ონოფრიშვილმა, ლ.ხაბელოვმა, ე.ტრიპოლსკიმ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ე.ჩაფიძემ, გ.ფოფხაძემ, დეპუტატებმა ს.მკოიანმა, კ.ნაყოფიამ, ვ.გელაშვილმა, გ.ქავთარაძემ, თ.ჭკუასელმა, ვ.კოპალიანმა, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ზ. ქუცნაშვილმა და მრავალმა სხვამ.

    ამა წლის მარტ-აპრილში კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ ხსენებული ქალაქების და რაიონების საკრებულოს თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, კონკრეტული დამსაქმებლები, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევდნენ პროფესიული კოლეჯების დაფუძნებას და პროფესიულ განათლებაში რაიონის ახალგაზრდობის ჩაბმას.

    საქართველოს პარლამენტში 11 ივნისს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს პარლამენტის წევრებმა და ჩვენც მივიღეთ ყოვლად მიუღებელი და გაუგებარი პასუხები, რომ კოლეჯების დაფუძნება არ არის გათვალისწინებული 2014 წლის აპრილამდე და რომ კოლეჯების დაფუძნების პროცესი და იქ სასწავლო პროცესის დაწყება გადაწყვეტილი იქნება მინისტრის მიერ ეტაპობრივად 3-5 წლის განმავლობაში.

    მიზეზად გამოცხადებული იქნა სათანადო თახნების არარსებობა და სურვილი, რომ მანამდე უნდა გადამუშავდეს მაღალი დონის პროფესიული სტანდარტები და მოდულები. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული პროგრამების დაფინანსებისათვის დამტკიცებული აქვს 12.0 მლნ ლარი, მათ შორის არსებული 18 კოლეჯისათვის, საიდანაც 4 არის ა(ა)იპ-ის ფორმის და ისინი კანონის შესაბამისად ვერ ფინანსდებიან. მათი წლიური ხარჯები არ აღემატება 6 მლნ ლარს და შექმნილი რეალობიდან გამომდინარე (2013 წლის იანვრიდან სექტემბრამდე არ გახსნილა არც ერთი საბიუჯეტო ჯგუფი) 2013 წელს შეიქმნება დიდი ეკონომია, ხოლო ახლად დასაფუძნებელი კოლეჯებისათვის რჩება საკმაო საბიუჯეტო ასიგნებანი იმისათვის, რომ 2013 წელს დაფუძნდეს და სწავლა დაიწყოს 20-ივე პროფესიულ კოლეჯში.

    მივესალმებით თქვენს პრინციპულ და სწორ პოზიციას, რომელიც თქვენ 14 ივნისს "რუსთავი 2-ზე" გამოსვლის დროს გამოხატეთ "უმაღლესი განათლების კანონის" პროექტის მიმართ და გამოთქვით შესაძლებლობა, ზოგიერთი მუხლის მიმართ გაგრძელდეს პოზიციების შეჯერება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის "პროფესიული განათლების შესახებ" ცვლილებების შესახებ" მე-|| მოსმენის განხილვა აგრეთვე გადატანილია შემდეგი სასესიო კვირისათვის - 25-28 ივნისი, და პროფესიული კოლეჯების დიდი ნაწილის კოლექტივების სახელით გთხოვთ, პირადად ჩაუდგეთ სათავეში და პროფესიული კოლეჯების, სოციალური პარტნიორების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით უახლოეს დღეებში თქვენი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოეწყოს კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, ხელ შეუწყობს ქვეყნისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვანი დარგის სწორ და სწრაფ განვითარებას. აგრეთვე, ავიცილებთ გაუმართლებელ და არაფრის მომტან ექსპერიმენტს.

    ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანონპროექტის დახვეწა და მისი შეჯერების შემდეგ ის განიხილება საქართველოს პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენებით. ამასთან ერთად, ვაახლებთ ჩვენს შენიშვნებს კანონპროექტის მიმართ, რომლებიც განხილვის დაწყებამდე წარვუდგინეთ პარლამენტს, მის კომიტეტებს.

    ვწუხვართ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა კანონპროექტის გამომტანებმა ვერ გამონახეს დრო ჩვენთან შეხვედრისათვის და პოზიციების შეჯერებისათვის. ისევ გამოვთქვამთ მზადყოფნას, უახლოეს მომავალში დარგის კვალიფიციური ექსპერტების და სხვა მსურველებთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ "პროფესიული განათლების შესახებ" კანონის საბოლოო დახვეწისათვის შექმნილ კომისიაში, რომელიც იმუშავებს პროფესიულ ეროვნულ საბჭოსთან შექმნილი თემატური ჯგუფის ფარგლებში.

    პატივისცემით, პროფესიული განათლების პროფკავშირის გამგეობის, დარგის სპეციალისტების და ექსპერტების სახელით, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი დ.დავითაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზურაბ ოშხნელი   (19.06.2013)
    ბატონი დენისი მიმართვაში საუბრობს პროფესიული განათლების მხოლოდ სასკოლო (I, II და III საფეხურები)დონეზე; თუმცა, არანაკლები პრობლემებია პროფესიული განათლების სკოლისშემდგომ (IV და V) საფეხურებზე. მაგალითად: წელს პირველად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს აბიტურიენტებს ჩამოერთვათ უფლება არჩევანი გაეკეთებინათ აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს შორის და ყველა აბიტურიენტი იძულებული გახდა არჩევანი ერთ ან რამდენიმე აკადემიურ პროგრამაზე გაეკეთებინა; 2011 წლიდან პროფესიულ სტუდენტებზე აღარ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება, რაც იწვევს სტუდენტთა განთესვას პროგრამის დასრულებამდე და ფინანსების უაზროდ ფლანგვას; პროფესიული განათლების სტუდენტებზე არ ვრცელდება ის მინიმალური სოციალური ხასიათის შეღავათები, რომლებსაც ფლობენ აკადემიური პროგრამების სტუდენტები; არ ხდება ქვეყანაში პროფესიული განათლების პროპაგანდა და რეალურად ის წარმოადგენს "თავშესაფარს უწიგნურთათვის" და ა.შ. პროფესიული განათლების პრობლემების ერთობლივად განხილვის გარეშე მის ერთ რომელიმე სეგმენტს არ ეშველება და არ გამოიწვევს ამ "ცოცხალი ორგანიზმის" განკურნებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სატელევიზიო სასწავლო ცენტრი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×