სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    19.06.2013

    ბატონ გიგი უგულავას, ქალაქ თბილისის მერს

    ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრს

    ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს

    საუკუნეზე მეტია, რაც ქართველი ხალხი თბილისის გარშემო გაჩეხილი ტყეების აღდგენა-გაშენებას ახორციელებს. შედეგად, ჩვენს თაობას მემკვიდრეობად განსაკუთრებული ეკოლოგიური ფასეულობის მქონე უნიკალური ტყის მასივები ერგო. მილიონნახევრიანი ქალაქის საჰაერო აუზის გამაჯანსაღებელი, ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციების გარდა, ეს ტყეები ქალაქის ცხოვრების, მისი კულტურის, ესთეტიკის განუყოფელი ნაწილი და რეკრეაციის შეუცვლელი კერაა. მათი მნიშვნელობა განსაკუთრებულია ჩვენთვის - წავკისის, შინდისის, კოჯრისა და ტაბახმელის მოსახლეობისთვის.

    2012 წლის 21 მარტს ქალაქ თბილისის მერიასა და შპს "მედჯგუფი საქართველოს" შორის დაიდო ხელშეკრულება წავკისისა და კოჯრის ტყის 22-ჰექტრიანი უბნის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ.

    შედეგად:

    - შემოიღობა 80 ჰექტრამედე ტერიტორია;

    - პირწმინდად იკაფება ჰექტრობით ტყის ფართობები;

    - მოსახლეობას ეზღუდება ტყეებში შესვლა;

    - შემოღობილ ტერიტორიაზეა დარჩენილია სასმელი წყლის სათავო ნაგებობები; საფრთხე ექმნება წყაროებს, რითიც სოფლები სასმელი წყლით მარაგდება;

    - იზრდება ბუნებრივი კატასტროფების რისკები, რაც არა მარტო წავკისსა და კოჯორს, არამედ თბილისის მნიშვნელოვან ნაწილს უქმნის საფრთხეს;

    - ერთ დროს მწვანე ზოლის ტყეებში იგეგმება ე. წ. გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, რაც სრულიად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ტერიტორიამ ოდესმე დაიბრუნოს ტყის სტატუსი და შეასრულოს შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვა;

    - მშენებლობაზე არ არის გაცემული შესაბამისი ნებართვები;

    - სრულიად გასაიდუმლოებულია მშენებლობის პროექტი და სხვა საჯარო ინფორმაცია.

    რაც მთავარია, იქმნება თბილისის უნიკალური ტყეების გაყიდვა-განადგურების პრეცედენტი, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ყოველგვარი რეგულაციის გარეშე დარჩენილი 12 000 ჰექტარი ე. წ. "მწვანე ნარგაობისთვის" და სახელმწიფო სატყეო ფონდიდან გამქრალი ასი ათასობით ჰექტარი ტყისთვის.

    მიგვაჩნია, რომ ეს არის შვილების წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული და წინაპრების უპატივცემულობის მაგალითი.

    ადგილობრივი მოსახლეობა არ აპირებს შექმნილ სიტუაციასთან შეგუებას და ყოველგვარი კანონიერი ფორმით გაუწევს წინააღმდეგობას თბილისის ტყეების განადგურების პროცესს.

    მოგმართავთ თხოვნით:

    1. შეწყდეს წავკისისა და კოჯრის ტყეების ჩეხვა, რაც დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს;

    2. შეწყდეს პროექტით გათვალისწინებული ყოველგვარი სამუშაო მანამდე, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება მისი საჯაროობა და შეთანხმება მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან;

    3. თბილისის გარშემო ე.წ. "მწვანე ნარგაობები" დაუბრუნდეს სატყეო ფონდს;

    4. საკითხის გარშემო დაიწყოს საჯარო დისკუსია ადგილობრივი მოსახლეობის, სპეციალისტების, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების და შესაბამისი სამთავრობო უწყებების მონაწილეობით.

    ხელს აწერს 530 მოქალაქე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×